ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 02 / 03

გამოცემა: №10 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2022 / ავტორი: თამთა კაპანაძე

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია

ასლან ბჟანიას თქმით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის პოტენციური ინვესტორი უკვე ნაპოვნია. მშენებლობისთვის 120 მლნ რუბლია გამოყოფილი. გეგმის მიხედვით აეროპორტმა პირველი რეისები 2024 წლის იანვრისთვის უნდა მიიღოს.

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის, დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროს, პოტენციური ინვესტორისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორი ვიაჩესლავ ეშბა საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად მივიდა.

სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, 1993 წელს კი დაიხურა.

დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრა. წყარო: mineconom-ra.org/ru

აღდგენითი სამუშაოები გუდაუთაში

სოფ. მიუსერას დე ფაქტო ხელმძღვანელმა, შარახ ჟიბამ განაცხადა, რომ გუდაუთის რაიონში ორი საავტომობილო ხიდი, რომელიც სოფელ მიუსერასა და სოფელ მგუძირხუას აკავშირებს აღდგება. ხიდები 15 წლის წინ მდინარის ადიდების შედეგად დაზიანდა. ხიდების სიგრძე 12 და 9 მეტრია, მისი გამაგრება ბეტონის ფილების დამონტაჟებით იგეგმება. ჟიბის თქმით, ამ სამუშაოების დასრულება 2022 წლის ზაფხულის დასაწყისამდე იგეგმება.

ტურიზმის სფერო

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ცნობით, აფხაზეთში საზაფხულო ტურების ადრეული დაჯავშნა პოპულარობას იძენს რუსებში. აფხაზეთში ვიზიტის უპირატესობებად მიიჩნევა საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა რუსული პასპორტით, PCR ტესტებისა და კარანტინის გავლის აუცილებლობის არარსებობა. ATOR-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ქალაქებში საზაფხულო ტურების გაყიდვების მოცულობა რამდენჯერმე აღემატება წინა წლების მონაცემებს.

„აფხაზეთის რკინიგზა“

2019 წელს „აფხაზეთის რკინიგზამ“ 94 მლნ რუბლი გამოიმუშავა, 2021 წელს - 164 მლნ. ამის შესახებ განცხადება „აფხაზეთის რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა არსუ ჭითანავამ გაავრცელა.

შემოსავლების ზრდასთან ერთად იგეგმება რუსეთიდან სპეციალისტების მოზიდვა სარკინიგზო ხიდებისა და გვირაბების შესამოწმებლად, ამის შესახებ, „აფხაზეთის რკინიგზის“ მთავარმა ინჟინერმა ლეონიდ ყურუამ განაცხადა. გვირაბების საერთო სიგრძე 11 კილომეტრია, ომის შემდეგ მათი შეკეთება არ მომხდარა.

ასევე, 1 მარტამდე იგეგმება გაგრაში, ახალ ათონსა და კელასურაში რკინიგზის სადგურების გარემონტება. „აფხაზეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანაშემწე ოქტაი ხაზირიშიმ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე საწარმომ ხელი მოაწერა დე ფაქტო კულტურის სამინისტროს მიერ გაცემულ არქიტექტურულ დავალებებს.

კელასურის რკინიგზის სადგური სოხუმში წყარო: sputnik-abkhazia.ru

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

სამახსოვრო მონეტები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს გამოუშვა ოთხი სამახსოვრო მონეტა. ამის შესახებ ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჟანა ჯიოევა იტყობინება. ერთი მონეტის ღირებულება 4700 რუბლს შეადგენს. გამოიცა ვერცხლის სამახსოვრო მონეტა უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ჯიოევამ აღნიშნა, რომ რეგიონში სამახსოვრო მონეტებზე გაზრდილია მოთხოვნა. 2013 წლიდან ბანკმა გამოუშვა 27 ოქროსა და ვერცხლის მონეტა, რომელიც ეძღვნება ცნობილ პიროვნებებსა და მნიშვნელოვან თარიღებს.

სამახსოვრო ვერცხლის მონეტა. წყარო: cominf.org