ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 03 / 01

გამოცემა N18 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სამხედრო სწავლებები

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა თებერვალში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე საბატალიონო ტაქტიკურმა ჯგუფებმა ივარჯიშეს. მოტომსროლელებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების შეტევები მოიგერიეს. გეგმიურ სწავლებაში 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის, „Дозор“-ის ტიპის სადაზვერვო მანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები „Акация“, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.
  • წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე მოტომსროლელებმა ივარჯიშეს. მათ საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის მუდმივი დისლოკაციის პუნქტებიდან ოპერატიული გამოყვანის უნარები დაამუშავეს და მრავალკილომეტრიანი მარშიც შეასრულეს. წვრთნაში სადაზვერვო, საარტილერიო და სხვა დანაყოფებიც მონაწილეობდნენ, სულ - 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე. ჩართული იყო 250-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე ორმხრივი წვრთნები დაიწყო. მოტომსროლელებმა, არტილერისტებმა და ტანკისტებმა თავდაცვითი უნარები დაამუშავეს და პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები გაანადგურეს. წვრთნებში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და 300-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის, „Орлан-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე მოტომსროლელებმა, არტილერისტებმა და მზვერავებმა ივარჯიშეს. მათ შეასრულეს საბრძოლო სროლები, ასევე „Орлан-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების ლოკაცია დაადგინეს და მათი ლიკვიდაცია განახორციელეს. სწავლებაში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურეებმა 2022 წლის „არმიის საერთაშორისო თამაშებისთვის“ მზადება დაიწყეს. მიმდინარეობს „საარტილერიო ცეცხლის ოსტატების“ კონკურსის შესარჩევი ეტაპი. ღონისძიებაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ასევე ჩართულია 60 ავტომობილი და საარტილერიო დანადგარი. საუკეთესო შედეგების მქონე სამხედროები კონკურსის მეორე შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებენ.

სხვა ღონისძიებები

  • მე-7 სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გახდი დონორი“ და სისხლი ჩააბარეს. აქცია სოხუმის „რესპუბლიკური“ საავადმყოფოს სისხლის ცენტრალურ ბანკში ჩატარდა. საერთო ჯამში, 50 ლ. სისხლი ჩაბარდა.
  • მე-7 სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების დონე შეამოწმეს. ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორთა ოცეულის სპეციალისტებმა შეაფასეს სამხედრო მოსამსახურეთა ძალა, სისწრაფე, ამტანობა და სამხედრო უნარები.
  • „მამულის მცველის“ დღესთან (23 თებერვალი) დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებმა, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, წითელი არმიის ჯარისკაცთა 30-მდე ძეგლი, მემორიალი და საფლავი მოაწესრიგეს.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო სწავლებები

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა თებერვალში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • ტაქტიკური სწავლების ფარგლებში სპეციალური დანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურეებმა გაანადგურეს პირობითი დივერსანტები, რომლებიც ჰოსპიტლის აღებას ცდილობდნენ. სწავლების დროს ტერიტორიის დაზვერვის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენეს.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე „Гранат-1“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ივარჯიშეს. სამიზნეების განადგურებისთვის გამოიყენეს „Гвоздика“-ს ტიპის 122 მმ.-იანი თვითმავალი ჰაუბიცები და „Град“-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ტანკისტებმა ივარჯიშეს. სამხედრო მოსამსახურეებს ის ტანკისტები აძლევდნენ მითითებებს, რომლებმაც 2021 წელს რიგით მე-7 „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ფარგლებში „სატანკო ბიატლონში“ გაიმარჯვეს.

სხვა ღონისძიებები

  • 2 თებერვალს მე-4 სამხედრო ბაზის დაარსების 13-წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გამორჩეული სამხედრო მოსამსახურეები დაასაჩუქრეს, სადაზვერვო ბატალიონმა საჩვენებელი წვრთნები გამართა, ასევე მოეწყო სამხედრო ორკესტრის კონცერტი და სპეციალური ექსკურსია, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოფენა.
  • 15 თებერვალს ცხინვალის რეგიონში ინტერნაციონალისტი მებრძოლების ხსოვნის დღე აღნიშნეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას ბაზის მეთაურმა - რომან ვიაზოვსკიმ სიტყვით მიმართა.
  • „მამულის დამცველის“ დღესთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონის რამდენიმე სკოლაში „სიმამაცის გაკვეთილები“ ჩატარდა. მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა აღნიშნული თარიღის ისტორიაზე, რუსეთის სამხედრო წარმატებასა და მე-4 სამხედრო ბაზის დაარსებაზე ისაუბრეს.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.