ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 03 / 01

გამოცემა: N38 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ინალ არძინბას ვიზიტი მოსკოვში

2022 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა „მინისტრი“ ინალ არძინბა სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. ქალაქ მოსკოვში მან არაერთი შეხვედრა გამართა რუსეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. საგარეო საქმეთა „მინისტრის“ სამუშაო ვიზიტი 21 თებერვალს დასრულდა. ინალის ვიზიტი საკმაოდ წარმატებულად შეიძლებოდა შეფასებულიყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო აგრესია ინალის გეგმებში კარდინალურ ცვლილებებს შეიტანს.

„ერთიანი რუსეთის“ წევრები ცხინვალში

8 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მიიღო რუსეთის სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“-ს წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონში პარტია „ერთიანი ოსეთის“-ს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდნენ. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი პარტიის გენერალური საბჭოს მდივანი, ანდრეი ტურჩაკი იყო. „ერთიანი ოსეთის“-ს სხდომაზე ბიბილოვი 10 აპრილს დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ კანდიდატად დაასახელეს.

შეხვედრები რუსეთში

კრისტინა ოზგანი ევგენი გრაბჩაკს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი სამუშაო ვიზიტით ქ. მოსკოვში იმყოფებოდა. ოზგანი რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ევგენი გრაბჩაკს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, კერძოდ: რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება; მოხმარებული ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვისთვის ინდივიდუალური მოწყობილობების დამონტაჟების პროგრამა ქ. სოხუმში; აფხაზეთის ამჟამინდელი ენერგოინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ობიექტების რეკონსტრუქცია. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ აფხაზური ენერგოსექტორის რეაბილიტაციის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ზნაურ გასიევი კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა

ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ რუსეთში ზნაურ გასიევი ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერს, კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში კოსაჩევმა გასიევი დაარწმუნა, რომ რუსეთი რჩება რეგიონის ერთგულ მხარდამჭერად და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას აცხადებს. საუბრის მთავარი თემები იყო რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის თანამშრომლობის გაღრმავება, საპარლამენტო სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება, ასევე 2022 წლის აპრილის „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინა მდგომარეობა რეგიონში.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე საბატალიონო ტაქტიკურმა ჯგუფებმა ივარჯიშეს. მარშის ფარგლებში მოტომსროლელებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების შეტევები მოიგერიეს.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე საბრძოლო მომზადების ფარგლებში ორმხრივი წვრთნები ჩატარდა. წვრთნებში მოტომსროლელები, არტილერისტები და ტანკისტები მონაწილეობდნენ.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე მოტომსროლელებმა, არტილერისტებმა და მზვერავებმა ივარჯიშეს. სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები გაანადგურეს.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გახდი დონორი“ და სისხლი ჩააბარეს. აქცია „გახდი დონორი“ აფხაზეთში ტრადიციად იქცა და უკვე ზედიზედ მესამე წელია რაც ტარდება.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, წითელი არმიის ჯარისკაცთა 30-მდე ძეგლი, მემორიალი და საფლავი მოაწესრიგეს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ივარჯიშეს. სამხედრო მოსამსახურეებმა „Гранат-1“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
  • მე-4 სამხედრო ბაზაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის სამხედრო მოსამსახურეებმა ივარჯიშეს.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • 1 თებერვალს მე-4 სამხედრო ბაზაზე დაარსების 13-წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბაზის მეთაურის მოვალეობების შემსრულებელმა რაჯაბ ალიევმა. გაიმართა იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოფენაც.

2022 წლის თებერვალში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთიდან რუსეთში 150 ტონა მიმოზა გავა

აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის ექსპორტი დაიწყო. 2021 წელს აფხაზეთიდან რუსეთში 150 ტონა მიმოზა გაიტანეს. მიმდინარე წელსაც დაახლოებით იგივე რაოდენობაა დაგეგმილი. ძირითადი ნაწილის ტრანსპორტირება თებერვლის ბოლოს დაიწყება და მარტის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება.

ცხინვალის რეგიონმა მოსკოვში „პროდექსპოს“ გამოფენაზე ახალი ღვინის სახეობები წარადგინა

მოსკოვში 7-11 თებერვალს სურსათის 29-ე საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპო-2022“ გაიმართა. ცხინვალის რეგიონმა მეოთხედ წარმოადგინა საკუთარი სტენდი, ამჯერად ალკოჰოლური და მინერალური სასმლით. ჯილდო კი სამ ნომინაციაში მიიღო.

აფხაზეთში გაზიფიცირების საკითხი განიხილეს

რუსეთიდან აფხაზეთში კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტების დელეგაცია ჩავიდა, რომელიც გაზიფიკაციის გენერალურ სქემას ამუშავებს. მხარეთა წარმომადგენლები დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში შეხვდნენ და განიხილეს გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, საეჭვოა, მსგავსი პროექტის განხორციელება მოსკოვის პრიორიტეტად დარჩეს.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში „სპუტნიკ ლაითის“ ახალი დოზები ჩაიტანეს

აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ ლაითის“ ახალი დოზები ჩაიტანეს. ვაქცინის 3000 დოზა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა. გარდა ამისა, რუსეთმა აფხაზეთს უსასყიდლოდ 50 ათასი PCR ტესტიც გადასცა.

ცხინვალის რეგიონს რუსეთმა ვერტმფრენი გადასცა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების „სამინისტროს“ რუსეთმა ვერტმფრენი გადასცა. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ავტომობილით მიიყვანენ „საზღვრამდე“, შემდეგ კი მათ ჩრდილოეთ ოსეთში (რუსეთში) ვერტმფრენით გადაიყვანენ.

ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მიიღო

20 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. დღესდღეობით რუსულ პენსიას 28 ათასი პირი იღებს.

ანქვაბთან შეხვედრა. წყარო: km-ra.org

რუსეთის „რბილი ძალა“

ცხინვალში პუშკინისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქ. ცხინვალში 10 თებერვალს ა. პუშკინის გარდაცვალების თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დროს „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა პუშკინის შემოქმედებიდან თავიანთი საყვარელი ლექსები წაიკითხეს, ბოლოს კი მისი ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

რუსეთმა აფხაზეთს სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა

აფხაზეთის სკოლებში რუსეთის მიერ გამოგზავნილი სასკოლო სახელმძღვანელოების განაწილების პირველი ეტაპი დასრულდა. საერთო ჯამში, აფხაზეთის 153-მა სკოლამ 161 ათასი სახელმძღვანელო მიიღო.

 „სახელმწიფო“ უნივერსიტეტმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან ხელშეკრულება გააფორმა

11 თებერვალს ა. თიბილოვის სახელობის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ურალის ფილიალის სამეცნიერო ცენტრთან.

ინტერნაციონალისტი მებრძოლების ხსოვნის დღე ცხინვალის რეგიონში

15 თებერვალს ცხინვალის რეგიონში ინტერნაციონალისტი მებრძოლების ხსოვნის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ცხინვალის რეგიონის სკოლებში „სიმამაცის გაკვეთილები“ ტარდება

23 თებერვალს „მამულის დამცველის“ დღესთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონის სკოლებში „სიმამაცის გაკვეთილები“ ჩატარდა, რაც ახალგაზრდა თაობის სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ისახავს მიზნად.

აფხაზეთში საბავშვო კონკურსი „კავკასიისთვის ბრძოლა“ დასრულდა

22 თებერვალს აფხაზეთში საბავშვო კონკურსი „კავკასიისთვის ბრძოლა. სტალინგრადი“ დასრულდა. კონკურსის მიზანი იყო „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ისტორიული მეხსიერების შენახვა.