ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 03 / 04

გამოცემა N7 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 28 თებერვალი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული  მოქალაქეები

თებერვალში ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ შეცვლილა. თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არც უკანონო დაკავების ახალი ფაქტი მომხდარა და არც გასულ თვეებში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაუთავისუფლებიათ. თებერვლის მონაცემებით ცხინვალის საპყრობილეში უკანონოდ დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქე რჩება: ლაშა ხეთერელი, ზაზა მეგრელიშვილი, თამაზ გოგიჩაშვილი, კახა ნათაძე, ვალერი კანიაშვილი და მამუკა ჩხიკვაძე.

გენადი ბესტაევის გარდაცვალება

გენადი ბესტაევი - საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხუთჯერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნოემბერში ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის ციხიდან თბილისში გადმოიყვანეს, 16 თებერვალს, კლინიკა „რედში“ გარდაიცვალა.

სასამართლო პროცესები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის მამუკა ჩხიკვაძის, ვალერი კანიაშვილისა და კახა ნათაძის საქეების განხილვა, რომელიც 21 თებერვალს იყო ჩანიშნული, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ბორდერიზაცია სოფ. მერეთში

20 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძები დაამონტაჟეს უკვე არსებულ მავთულხლართებზე, რასაც, მოსახლეობის ვარაუდით, ახლო მომავალში ლითონის ღობის აღმართვა მოჰყვება.

ახალი ბოძები მერეთში. წყარო: gmnews.com.ge

უკრაინის მხარდასაჭერი წარწერა

14 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარდიაანთკარისა და ოკუპირებული ახალგორის სოფ. ორჭოსანის მიჯნაზე დამონტაჟებულ ბანერზე სამოქალაქო აქტივისტებმა სოლიდარობის ნიშნად წარწერა „დიდება უკრაინას“ გააკეთეს. დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ქართველ აქტივისტებს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევასა და ვანდალიზმში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ უკვე დაწყებულია ამ საკითხის გამოძიება.

ბანერი წარწერით დიდება უკრაინას წყარო: cominf.org

პატრულირების ინტენსივობა

დეკემბრიდან საოკუპაციო ხაზზე პატრულირების ინტენსივობის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. თებერვალში რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაციის პარალელურად, ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზარდა. 24 თებერვალს კი, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა მოიწვია, რის შედეგადაც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერატიული შტაბი შეიქმნა. მან მზაობა გამოაცხადა, რომ უპასუხებს საქართველოსგან [როგორც რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო „ჩათრეული“ სახელმწიფოსგან] მომდინარე ყველა პროვოკაციულ საფრთხეს. ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზარმულ მდგომარეობაშია თავდაცვის და შინაგან საქმეთა „სამინისტროების“ ყველა ქვედანაყოფი და გასცა „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფის განკარგულება.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

3 თებერვლას საოკუპაციო ხაზი ევროპარლამენტში ესტონეთის წარმომადგენელმა დეპუტატმა სვენ მიკსერმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მარეკ შჩეგელთან ერთად მოინახულა. იგი ადგილზე გაეცნო უკანასკნელი თვეების განმავლობაში მიმდინარე ბორდერიზაციის ინტენსივობას და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს.

სვენ მიკსერის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. წყარო: eumm.eu