ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 04 / 08

გამოცემა N8 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 მარტი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

მარტში ცხინვალის რეგიონთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან აქტივობა მკვეთრად შემცირდა. ეს განპირობებული იყო თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაწყებული რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო. შეჩერდა წინა თვეების განმავლობაში აქტიურ ფაზაში მყოფი ბორდერიზაციის პროცესი, შესაბამისად, ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობის დაწყება/განახლების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში არ გავრცელებულა.

დაკავებული  მოქალაქეები

ლევან მაჩაბელის დაკავება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადების მიხედვით, რომელიც შემდგომში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც (სუს) დაადასტურა, 26 მარტს საქართველოს მოქალაქე ლევან მაჩაბელი დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქერეს მიმდებარედ, რომელიც ოკუპირებულ სოფ. გოიათას ესაზღვრება. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ გადაკვეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი, აღნიშნულ ქმედებას კი ქართული მხარის მიერ პროვოკაციად აფასებს. ქართული მხარე არ ადასტურებს საქართველოს მოქალაქის მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ფაქტს და აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მაჩაბელს დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს და განცხადებაში იხსენიებს ჩატარებულ ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს, რომლის საშუალებითაც ოსურმა მხარემ დაადგინა, რომ დაკავებული მოქალაქე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და 2008 წლის ომის მონაწილეა. ინფორმაციას, რომ დაკავებული მოქალაქე მოქმედი სამხედროა, სუს-ი არ ადასტურებს.

რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მაჩაბელი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში დათა ვანიშვილის ოჯახისთვის შეგროვებული თანხის გადასაცემად მარტო იმყოფებოდა. მისი დის, ნინა მაჩაბელის ვარაუდით კი, საოკუპაციო ძალებმა იგი მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.

ლევან მაჩაბელი. წყარო: radiotavisupleba.ge

მნიშვნელოვანი ვიზიტები

30 მარტს საოკუპაციო ხაზის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისის მონაკვეთს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ეწვია. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩეგელმა სტუმრებს ადგილზე გააცნო ინფორმაცია იმ პრობლემებისა და უარყოფითი შედეგების შესახებ, რაც ოძისის გამშვები პუნქტის ორ წელიწადნახევრის წინ ჩაკეტვას მოჰყვა, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის.

საერთაშორისო ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე. წყარო: eumm.eu

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გადადებული რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო ჩანიშნული, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გადაიდო. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ზუსტად როდის გაიმართება შეხვედრა, თუმცა თანათავმჯდომარეთა კომუნიკაცია მოლაპარაკებების ყველა მხარესთან ვირტუალურ რეჟიმში გრძელდება.