ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 05 / 01

გამოცემა №13 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2022 / ავტორი: თამთა კაპანაძე

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთი ერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

ბრძოლა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად

მას შემდეგ რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი მხარდამჭერი - რუსეთი უკრაინაში დაწყებული ომის გამო საერთაშორისო სანქციების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, დე ფაქტო ხელისუფლება მოსალოდნელი კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს.

სამომხმარებლო ბაზრის სტაბილიზაციისა და ფასების არაგონივრული ზრდის თავიდან აცილების მიზნით, დე ფაქტო მთავრობამ სპეციალური დადგენილებით დაამტკიცა საკვები პროდუქტების ძირითადი სახეობების სია და დაადგინა სავაჭრო შეღავათების მაქსიმალური ოდენობა საკვები პროდუქტების ძირითად სახეობებზე.

ახალი ეკონომიკური გამოწვევების პირობებში მიიღეს მეწარმეების მხარდამჭერი დადგენილებებიც. იმ პროდუქციის იმპორტი, რომელიც აფხაზეთში არ იწარმოება, დაბეგვრას აღარ ექვემდებარება და გათავისუფლდება გადასახადისაგან.

პირველ ივლისამდე იმპორტის ტარიფები მოიხსნა იმ პროდუქტებზე, რომლებიც აფხაზეთში არ იწარმოება. პროდუქტების სიაში შევიდა: ზეთი, კარაქი, შაქარი, მარილი, ჩაი, ბურღულეული, ბავშვის საკვები და სხვ.

გამოიცა დადგენილება სამეწარმეო სუბიექტების დროებითი მხარდაჭერის ღონისძიების შესახებაც. ამ საკითხზე დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში და რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენების გამო ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თითქმის მთელი პროდუქტი აფახაზეთში რუსეთიდანაა შემოტანილი, სწორედ ამის გამო მთავრობამ არაერთი საჭირო გადაწყვეტილება მიიღო.“

დსთ-ს ქვეყნების კონგრესი

მოსკოვში, საგამოფენო ცენტრში (ВДНХ), დსთ-ის ქვეყნებს უმასპინძლეს. ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს დსთ-ის წევრი ქვეყნების კონგრესის საქმიანობასა და საგამოფენო-ბაზრის თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში. ორგანიზატორების მოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამაც, რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენელმა ოლეგ ბარციცმა.

აფხაზური ღვინის კონკურსი

სოხუმში აფხაზური ღვინის პირველი ეროვნული კონკურსის შედეგები შეაჯამეს. მთლიანობაში ორგანიზატორებმა აფხაზეთის რეგიონებში პროდუქციის 100 ნიმუში შეარჩიეს. სადეგუსტაციო კომისიამ გამარჯვებულებიც გამოავლინა. საპრიზო ადგილზე გასულ ღვინის მწარმოებლებს ფულად პრიზთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჩბას ოჯახის სპეციალური პრიზი გადაეცათ.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

ახალი საარსებო მინიმუმი

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2022 წლის პირველი კვარტლისთვის ახალი საარსებო მინიმუმი დამტკიცდა, რამაც 14 497 რუბლი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა საკვებ პროდუქტებზე საშუალო ფასების მატებით არის განპირობებული.

საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე 2022 წლის პირველი კვარტლისთვის შეადგენდა 14,497 რუბლს. 2021 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით, საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 1 177 რუბლით.

სოციალური ფონდის 2021 წლის შედეგები

ცხინვალის რეგიონში 2020 წელთან შედარებით პენსიონერთა რაოდენობა 351 ადამიანით გაიზარდა, რაც 5388-ს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია სოციალური ფონდის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში.

2022 წლის 1 იანვრიდან ყველა პენსია ინდექსირებულია 7,7 პროცენტით. ამრიგად, საშუალო პენსია ახლა 8,262 რუბლია. ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების დე ფაქტო მინისტრმა სოსლან ნანიევმა განაცხადა, რომ წლის განმავლობაში პენსიებზე დაიხარჯა 546 მილიონ რუბლზე მეტი (გეგმური თანხის 99,9 პროცენტი).

კანონპროექტი ბიუჯეტის შესახებ

ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტის“ შესრულების შესახებ კანონპროექტი დე ფაქტო მთავრობამ 13 აპრილს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა. საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები განხორციელდა 1,541,598 ათასი რუბლის ოდენობით, რაც წლიური ბიუჯეტის 97,1%-ია.

ცხინვალის რეგიონში ხელფასებისა და პენსიების გაცემას, ასევე „ბიუჯეტს“, პრაქტიკულად სრულად რუსეთი აფინანსებს.