ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 05 / 09

გამოცემა N9 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2021 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

გატაცება და გათავისუფლება

კახაბერ მერებაშვილის გატაცება და გათავისუფლება

25 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართულ მხარეს გადმოეცა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა, თუმცა დაკავების ზუსტ თარიღსა და გარემოებებს სუს-ი არ აკონკრეტებს.

კახაბერ მერებაშვილი. წყარო: სუს-ის facebook გვერდი

ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლება

ვლადიმერ კანიაშვილი 2021 წლის 9 დეკემბერს სოფ. წინაგარას (ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტი) მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ციხეში განათავსეს. სუს-ის 19 აპრილის  განცხადებით იგი უკვე თავისუფალია.  ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა კანიაშვილთან ერთად დაკავაბული კახა ნათაძის „საქმის“ განხილვა, ისევე როგორც მისი გათავისუფლების სავარაუდო თარიღი.

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

აპრილში ბორდერიზაციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც უდავოდ უკავშირდება უკრაინაში ომის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზიდან რუსეთის სამხედრო კონტიგენტის უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანით, მეორე მხრივ კი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ზოგიერთი წევრის, რომლებიც განუწყვეტლივ პატრულირებდნენ ე.წ. „შიშის ზონებში“ და ინფორმაციას ავრცელებდნენ ბორდერიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით, უკრაინაში გამგზავრებით.

პატრულირება საოკუპაციო ხაზზე

უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების ფონზე ოსურ საინფორმაციო სააგენტოებში ანატოლი ბიბილოვის გამაფრთხილებელი მოწოდებები გამოჩნდა ოფიციალური თბილისიდან მომდინარე მეორე ფრონტის გახსნის საფრთხესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ოსური მხარის მტკიცებით, საოკუპაციო ხაზის კონტროლის ინტენსივობა გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

აპრილში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.

ვიზიტები საოკუპაციო ხაზზე. წყარო: eumm.eu

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

1 აპრილს დანიის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის, იეპპე კოფოდის ხელმძღვანელობით, ცხინვალის რეგიონის  საოკუპაციო ხაზს ეწვია, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში, სადაც გამშვები პუნქტი მოინახულეს. პუნქტი მას შემდეგ არის ჩაკეტილი, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანაში, საოკუპაციო ზოლთან, ქართული საპოლიციო საგუშაგო აშენდა. დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უმასპინძლა და ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ხურვალეთში

7 აპრილს შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პეტერ ჰულტკვისტი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მარეკ შჩეგელთან ერთად, რომელმაც მინისტრს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ორად გაყოფილ ხურვალეთში მწვავედ დგას ჯანდაცვის სერვისებზე, კერძო საკუთრებასა და რელიგიურ ადგილებზე წვდომის პრობლემა.

ევროპის პარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრების ვიზიტი

ევროპარლამენტის დელეგაცია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ოძისსა და ხურვალეთს, ისევე როგორც წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვია. ევროპის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც დელეგაციას მასპინძლობდა ადგილზე გააცნო თითოეული მონაკვეთის სპეციფიკური მნიშვნელობა და იქ არსებული გამოწვევები: ოძისის გამშვები პუნქტის გახანგრძლივებული ჩაკეტვით გამოწვეული შედეგები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის, ხურვალეთში არსებული პრობლემები ჯანდაცვის სერვისებსა და კერძო საკუთრებაზე წვდომის მიმართულებით და წეროვანში დევნილთა საცხოვრებელი პირობების შესახებ.

გამშვები პუნქტების დროებითი გახსნა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე მხარეებმა გამშვები პუნქტების დროებითი გახსნის საკითხი განიხილეს და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მათ გახსნაზე შეთანხმდნენ, შესაბამისად 21-25 აპრილის მონაკვეთში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება მიეცა უსაფრთხოდ გადაეკვეთათ ე.წ სასაზღვრო მონაკვეთი. ჩაკეტილი გამშვები პუნქტების საკითხი ბოლო 3 წელია დგას ქართულ-ოსური დიალოგის დღის წესრიგში, თუმცა ამ დრომდე წარუმატებლად. მათი ხანმოკლე გახსნის მიზეზი, ახალგორის ლეგიტიმური გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ვარაუდით, ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ფონია. მისი აზრით, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი არჩევნების პირველ ტურში წარუმატებლობის შემდეგ ამ ჟესტით ახალგორელთა „გულის მოგებას” ცდილობს.