ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 06 / 02

გამოცემა N10 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 მაისი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული  მოქალაქეები 

მამუკა ჩხიკვაძის განაჩენი

12 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე („სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა“) და 229.1 („ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტრაბანდა“) მუხლებით გასამართლდა, შედეგად კი 5 წლითა და 6 თვით  უკანონო პატიმრობა მიესაჯა. ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა.

მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის 12 იანვარს უკანონოდ დააკავეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ჩხიკვაძის საქმე საოკუპაციო რეჟიმის არსებობის განმავლობაში პირველი პრეცედენტია, როდესაც უკანონო დაკავების ფაქტის გასაჩივრების მიზნით დაკავებულის ოჯახმა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის ფედერაციამ ჩხიკვაძის საქმესთან მიმართებით პასუხისმგებლობა მოიხსნა.

ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ზარდიაანთკარში განახლებული „სასაზღვრო“ ღობეები

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარდიაანთკარში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ნაწილად გაიყო, რომელთაგან ერთ-ერთს ქართული მხარე, მეორეს კი საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს, 25 მაისს კიდევ ერთხელ მოხდა ბორდერიზაციის ფაქტი. 2012 წლიდან ზარდიაანთკარში რუსული საგუშაგო ფუნქციონირებს, მიმდინარე წლის მაისიდან კი საოკუპაციო ხაზის ოსურ მხარეს, 700 მეტრიან მონაკვეთზე სასაზღვრო ნაგებობების დამონტაჟების პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მაისში მაღალი რანგის მნიშვნელოვანი ვიზიტი არ განხორციელებულა.