ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 06 / 06

გამოცემა №14 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი 2022 / ავტორი: თამთა კაპანაძე

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

საზღვაო პორტი ოჩამჩირეში

6 მაისს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა შეხვედრა გამართა ოჩამჩირის საზღვაო პორტის გამტარუნარიანობის გაფართოებისა და ორმაგი გამოყენების სტატუსთან დაკავშირებით.

კრუიზი სოჭი-სოხუმი

სოჭსა და სოხუმს შორის შავ ზღვაზე სამგზავრო სატრანსპორტო კომუნიკაცია აღდგა. მგზავრებს გადაიყვანს რუსული კომპანია „ვოდოხოდ ექსპრესის“ ჩქაროსნული კატამარანი „გრიფინი“.

პირველი რეისი რვა მაისს შედგა. ახლა ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა ზღვით 3 საათშია შესაძლებელი. ბილეთები 2,5 ათასი რუბლი ღირს.

29 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საზღვაო სამგზავრო მოძრაობა არ ყოფილა. კატამარანები თავდაპირველად 2021 წელს უნდა გაშვებულიყო, მაგრამ კორონა ვირუსის პანდემიის გამო პროექტი 2022 წლამდე გადაიდო.

მარწყვის ექსპორტი

სერტიფიცირების განსახორციელებლად და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალისტები და ექსპერტები აგრძელებენ აფხაზეთის საწარმოებსა და კერძო მეურნეობებთან თანამშრომლობას. 

პალატის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აპრილსა და მაისის დასაწყისში გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში მარწყვის 29 ფერმა მოინახულეს. ადგილზე სპეციალისტები გაეცნენ კენკრის მოყვანის ტექნოლოგიას და ამ პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს.

მონახულებული მეურნეობებიდან და საწარმოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მარწყვის მოსალოდნელი მოსავალი მიმდინარე სეზონზე 1,2 ათას ტონაზე მეტი იქნება, რომლის უმეტესი ნაწილი შიდა ბაზარზე გაიყიდება.

მიუხედავად ტრანსპორტირების ყველა პირობის დაცვისა რუსეთში ექსპორტი ფაქტობრივად ვერ ხერხდება, პროდუქტის მალფუჭებადობის გამო. მარწყვზე მოთხოვნა რუსეთის მიმდებარე რეგიონებში ისედაც მცირდება შიდა ბაზრის ადგილობრივი წარმოების მარწყვით დაკმაყოფილების გამო. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ აფხაზეთიდან რუსეთში მარწყვის ექსპორტი შემცირდება.

საფინანსო კომიტეტის სხდომა

დე ფაქტო პარლამენტში საბიუჯეტო, საკრედიტო ორგანიზაციების, გადასახადებისა და საფინანსო კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 2021 წლის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ“. ე.წ. აფხაზეთის ბანკის ანგარიში დეპუტატებს ბესლან ბარათელიამ წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, დაკრედიტების პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობა, ბანკების მუშაობაში არსებული პრობლემები, ტექნიკური საკითხები და საბანკო კანონმდებლობის დახვეწა. განხილვის შედეგების საფუძველზე კომიტეტმა გადაწყვიტა ამ დადგენილების პროექტი სესიაზე დასამტკიცებლად წარედგინა.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

საერთაშორისო ანგარიშსწორების  ბანკი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში ცხინვალის რეგიონში დაფუძნებულმა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ ("МРБ Банк") ფილიალმა მუშაობა დაიწყო. მისი გახსნა იგეგმება ოკუპირებულ ხერსონის ოლქშიც.

ბანკი ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობას აძლევს რუსული ბანკების მიერ გაცემული საბანკო ბარათებიდან თანხა გაიტანონ. თანხის გატანა მხოლოდ რუსული ბანკების მიერ გაცემულ ბარათებზე ხდება, თუმცა ამაში არ შედის Visa-სა და  Mastercard-ის ბარათები.

მსგავსი შესაძლებლობა ასევე ხელმისაწვდომია ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.