ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 07 / 03

გამოცემა N11 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 ივნისი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული  მოქალაქეები 

ივნისში საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) მიერ 16 ივნისს ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს მოქალაქის, ინიციალით „მ“ -ს, დაკავების შესახებ. საქართველოს მოქალაქე „მ“-ს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. თუმცა, იგი 10 000 რუსული რუბლის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

უწყება არ განმარტავს თუ რამ განაპირობა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ამ ფაქტის ადმინისტრაციულ დანაშაულად კვალიფიკაცია და „კანონდამრღვევის“ ფულადი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლება მაშინ, როცა 2021 წლის პრაქტიკის მიხედვით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ფაქტები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით სამართლდებოდა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითვალისწინებდა.

ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

ბორდერიზაციის პროცესის განახლება ზარდიაანთკართან

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზარდიაანთკარში მდებარე საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ხელჩუას ტერიტორიაზე, 18-19 ივნისს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა განახლდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს)-ის განცხადების მიხედვით, საკითხის შესახებ ცხელი ხაზი მყისიერად ამოქმედდა.

ახალი ინფრასტრუქტურა ხურვალეთში

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების საქმიანობა 20 და 24 ივნისს შეინიშნებოდა. მათ უკანონო ინფრასტრუქტურა განათავსეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, იმ ადგილას საიდანაც მაგისტრალი ხელისგულივით მოჩანს. ადგილობრივების ვარაუდით, საოკუპაციო ძალების აქტივობა ახალი სათვალთვალო კოშკის ასაგებად იყო გამიზნული, თუმცა საინტერესოა ნაგებობის სპეციფიკა, რომელიც ნაკლებად ჰგავს წარსულ პრაქტიკაში ნანახ, საგუშაგოს მშენებლობის, პროცესს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს მიერ გავრცელებული დრონით გადაღებული ახლო კადრებით თუ ვიმსჯელებთ, დამონტაჟებული ნაგებობა უფრო წააგავს 2021 წლის მაისში, ამავე ადგილას, სპეციალური სამხედრო სწავლების ფარგლებში  განთავსებულ პორტატიულ თანამგზავრულ რადიოსადგურს.

ახალი ინფრასტრუქტურა ხურვალეთში. წყარო: amerikiskhma.com

მნიშვნელოვანი ვიზიტები

3 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან,  ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ჩავიდნენ. მათ მეგზურობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები უწევდნენ, რომლებმაც სენატორებს ადგილზე გააცნეს ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევები.

განხორციელებული პროექტები 

მეწარმეობის პრაქტიკული კურსი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, 2 ივნისს სასწავლო ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. პროექტს „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ ჰქვია და მიზნად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების გაძლიერებას ისახავს.

საზაფხულო ბანაკი

26 ივნისს პროექტ „ძალა ერთობაშია“-ს ფარგლებში ერთ კვირიანი საზაფხულო ბანაკი „ჯომარდია“ გაიხსნა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ბავშვებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან უკრაინელ თანატოლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო, გასართობ და სპორტულ აქტივობებში.

ბანაკი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს ფინანსური მხარდაჭერით გასულ წელს დაფუძნდა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშას“ ლიდერის - დავით ქაცარავას, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის - სოფიო ჭყონიასა და ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის - ეგორ კუროპტევის მიერ.

საზაფხულო ბანაკი. წყარო: qartli.ge