ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2022 / 08 / 01

გამოცემა N12 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 ივლისი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

დაკავებული  მოქალაქეები 

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ივლისის თვეში, უკანონო დაკავების ფაქტი არ მომხდარა.

ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

განახლებული მავთულხლართი კვაისა-ირის მონაკვეთზე

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ოკუპირებულ დაბა კვაისაში (დაბა ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ირის მიმდებარედ) საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მავთულხლართი განაახლეს, მოძრაობის დეტექტორი დაამონტაჟეს და იქვე მდებარე ოპერატიული ბაზის ირგვლივ ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს.

განახლებული მავთულხლართი ზემო არცევში

სოფ. ზემო არცევში (სოფ. ერედვის მუნიციპალიტეტში) ივლისის მეორე ნახევარში საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების საქმიანობა შეინიშნებოდა. ადგილობრივების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტრილირებად ტერიტორიაზე არ გადმოწეულა, თუმცა გაევლო ახალი მავთულხლართი. შედეგად სოფ. ზემო არცევის მონაკვეთი სრულად შეიღობა.

ახალი საგუშაგოს მშენებლობა ხურვალეთში

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში ახალი რუსული საგუშაგოს მონტაჟის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი ვარაუდით ახალი ინსტალაცია 16-23 ივლისის პერიოდში გაჩნდა.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ევროპარლამენტარების ვიზიტი

21 ივლისს საოკუპაციო ხაზის ოძისის მონაკვეთს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკკალისტერის ხელმძღვანელობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნო არსებული ვითარება, „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესისა და გამშვები პუნქტის გახანგრძლივებული ჩაკეტვის კვალი ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი

25 ივლისს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა შაჰიდი  საოკუპაციო ხაზის ოძისის მონაკვეთს ეწვია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობამ მას ადგილზე გააცნო ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული გამოწვევებისა და უსაფრთხოების კუთხით ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ.