ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2022 / 08 / 02

გამოცემა №16 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა

8 ივლისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2020-2022 წლებში „აფხაზეთის რესპუბლიკის“ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შეხვედრა გამართა.

სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლისთვის 1.350 მლრდ. რუბლია გამოყოფილი. თანხა განაწილდა ნაპირსამაგრ და წყალდიდობის საწინააღმდეგო ნაგებობების მშენებლობაზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე, ელექტრო სადგურების მოდერნიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე. პროგრამის დაფინანსებას რუსული მხარე უზრუნველყოფს.

კრისტინა ოზგანის ვიზიტი რუსეთში

15 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ნავთობპროდუქტების ფასებთან დაკავშირებული საკითხები და „2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებისთვის საჭირო პროცედურებიც განიხილეს.

„რაიონების“ 2022 წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები

გულრიფშის „რაიონის“ შემოსავლებმა 2022 წლის პირველ ნახევარში 102 მლნ. 580 ათას რუბლი შეადგინა. ტყვარჩელის  - 127 მლნ. 301 ათასი რუბლი, ოჩამჩირის - 70 მილიონ 64 ათასი რუბლი, გუდაუთის - 271 მლნ. 523,4 ათასი რუბლი, ქ. სოხუმის შემოსავალმა კი - 69.9 მლნ. რუბლი შეადგინა.

2023 წლის სოციალური და ეკონომიკური განვითარების გეგმა

28 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა 2023 წლის სოციალური და ეკონომიკური განვითარების გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ყველა სექტორის მთლიანი მოგება 2023 წლისთვის პროგნოზირებულია 5,3 მილიარდი რუბლის ოდენობით.

ახალი მიზნობრივი პროგრამა

აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ 28 ივლისს უწყებრივი საშუალოვადიანი მიზნობრივი პროგრამა - „აფხაზეთის რესპუბლიკის საბიუჯეტო აღრიცხვისა და ანგარიშგების მოდერნიზაცია 2022-2024 წლებში“ დაამტკიცა. პროგრამის მიზანია ერთიანი სამართლებრივი, მეთოდოლოგიური და საინფორმაციო სივრცის შექმნა;  საბიუჯეტო პროცესის მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა „რესპუბლიკური“ და ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების პროცესში.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

პროტოკოლი „საჯარო მოხელეების“ შრომითი ანაზღაურების გაზრდის შესახებ

რუსეთში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ელჩმა ზნაურ გასიევმა და რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 7 ივლისს, მოსკოვში, შეხვედრაზე ხელი მოაწერეს პროტოკოლს ე.წ. სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში დასაქმებულთათვის ანაზღაურების  გაზრდის შესახებ. პროტოკოლი 2016 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს. შეთანხმება ე.წ. სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში დასაქმებულთათვის ანაზღაურების  გაზრდის საკითხს არეგულირებს.

ცხინვალის რეგიონში ხელფასების გაზრდა რუსეთის დაფინანსებით მიმდინარეობს.

საერთაშორისო ფორუმი „Иннопром-2022“

„სამხრეთ ოსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა“ რუსეთში თაიმურაზ გოგინოვმა საერთაშორისო ინდუსტრიულ ფორუმ „Иннопром-2022“-ში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში გოგინოვმა ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები და შეხვდა სვერდლოვსკის ოლქის საერთაშორისო და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ლუდმილა ბერგს, რომელთანაც თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მომზადების საკითხი განიხილა.