ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2023 / 01 / 02

გამოცემა: N17 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 დეკემბერი, 2022/ ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

დაკავებული და გათავისუფლებული  მოქალაქეები

გიორგი ჯარმელაშვილის გათავისუფლება

1-ელ დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო არცევის მიმდებარე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე დღით ადრე დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელაშვილი გაათავისუფლეს. ჯარმელაშვილს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.

მანუჩარ გულიტაშვილის დაკავება და გათავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მკვიდრი მანუჩარ გულიტაშვილი თევზაობისას, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, უკანონოდ დააკავეს სოფლის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. იგი დაკავებიდან 3 დღეში, 21 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მანუჩარ გულიტაშვილის გათავისუფლება. წყარო: ssg.ge

თურქმენეთისა და თურქეთის მოქალაქეების გათავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმმა 23 აგვისტოს უკანონოდ დაკავებული თურქმენეთის მოქალაქე რაზგელდი ჩოლიევი და თურქეთის მოქალაქე თოლგა დემირი 29 დეკემბერს ქართულ მხარეს გადმოსცა. მოქალაქეები უკანონოდ ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. წინაგარასთან დააკავეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთს ესაზღვრება. დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. დე ფაქტო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 6 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაკავებულები ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17 დეკემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ პატრულირებისას სპეციალური დანიშნულების კონსტრუქცია შენიშნა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განმარტებით, კონსტრუქცია რადიო-ელექტრონული სადაზვერვო მანქანის სპეც. სადგომია. 

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. ჯერჯერობით არც ის არის დაზუსტებით ცნობილი ამოქმედდა თუ არა ევროკავშირის „ცხელი ხაზი“ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმართული უკანონო სამუშაოების შესახებ. 

სოფ. საკორინთლოში დამონტაჟებული  კონსტრუქცია წყარო: დავით ქაცარავას პირადი Facebook გვერდი

მნიშვნელოვანი ვიზიტები

შარლ ფრიესის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან

14 დეკემბერს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრიესი საოკუპაციო ხაზის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ნიქოზისა და სოფ. დვანის მონაკვეთებს ეწვია. მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტიბორ კოზმამ უმასპინძლა და პირადად მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პროცესის, უკანონო დაკავებებისა და საკონტროლო გამშვები პუნქტების პერიოდული გახსნის წარმატებული ინიციატივის შესახებ. 

შარლ ფრიესის ვიზიტი. წყარო: eumm.eu