ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2023 / 09 / 01

გამოცემა: N11 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2023

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

აგვისტოში ორივე ოკუპირებულ რეგიონში არაერთი ისტორიული თარიღი აღნიშნეს. ამ თვეში, ტრადიციულად, იმართება საზეიმო და სამგლოვიარო ღონისძიებები, რომლებშიც რუსეთიც აქტიურად არის ჩართული. წელს რუსმა სტუმრებმა განსაკუთრებით დააფასეს 26 აგვისტო, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავი აღნიშნეს.

  • აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
  • 12 აგვისტოს, აფხაზეთში კოდორის „განთავისუფლების დღე“ აღნიშნეს. აფხაზური მხარის განცხადებით, 2008 წლის 12 აგვისტოს ე.წ. აფხაზურმა შეიარაღებულმა ძალებმა სრულად აღადგინეს აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობა, მას შემდეგ რაც კოდორის ხეობის ზემო ნაწილი გაათავისუფლეს.
  • 14 აგვისტოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი აღნიშნეს. წელს, სექტემბერში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, რომელსაც აფხაზეთში მოიხსენიებენ, როგორც „აფხაზი ხალხის სამამულო ომი“, დასრულების 30 წლისთავის აღნიშვნისთვისაც განსაკუთრებით ემზადებიან.
  • 15 აგვისტოს აფხაზეთში მოხალისეების დღე აღნიშეს. აფხაზური მხარის ცნობით, 1992-1993 წლების კონფლიქტში სულ 2310 მოხალისე მონაწილეობდა, მათ შორის 260-ზე მეტი დაიღუპა. პირველი მოხალისეები აფხაზეთში 1992 წლის 15 აგვისტოს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს ჩავიდნენ. პირველად ეს დღე 2012 წელს აღნიშნეს.

მედვედევთან შეხვედრა

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 25 აგვისტოს ოკუპირებული რეგიონების ლიდერების, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევთან მოსკოვში შეხვედრით დაიწყო. სწორედ მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში აღიარა რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

შეხვედრა დიმიტრი მედვედევთან

შეხვედრამდე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა კრემლის ნარატივი გააჟღერა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას ამართლებს. მან ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაუშვა ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა, რასაც კრემლი, ამ ეტაპზე არ იზიარებს. მისი თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შესაძლებელია მისი განხორციელება, თუკი ამისთვის შესაფერისი მიზეზები გაჩნდება. მედვედევის შეფასებას სოხუმის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, სადაც რუსეთთან შეერთების პერსპექტივა უარყვეს. საგანგებო განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც: „აფხაზეთის ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა არ არის დისკუსიების საგანი. სუვერენულ დამოუკიდებელ სამართლებრივ სახელმწიფოდ განვითარების უალტერანტივო გზა არჩეულია ხალხის მიერ და დაცულია კონსტიტუციით“.

განსხვავებული შეფასება გაკეთდა ცხინვალის მხრიდან, კერძოდ, ალან გაგლოევმა მედვედევს შეხვედრის დროს განუცხადა, რომ ისინი დღესაც მზად არიან რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციისთვის, მათ შორის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის იმ ისტორიულ მომენტში, როდესაც ამისთვის შესაბამისი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება.

სტუმრები რუსეთიდან

26 აგვისტოს ცხინვალსა და სოხუმში არაერთი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. სტუმრები ძირითადად რუსეთიდან იყვნენ და მათი უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოსა და რუსეთის რეგიონების ლიდერები იყვნენ. ცხინვალში რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს წევრების გარდა ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრსაც უმასპინძლეს. სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს წევრები აფხაზეთშიც მიიღეს. 

რუსული პასპორტების მფლობელებისთვის გადაადგილება შვეიცარიამაც შეზღუდა

ევროკავშირის შემდეგ შვეიცარიამაც განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ვერც შენგენის ზონის საზღვრებს გადაკვეთენ რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით. გამონაკლისი დაიშვება, მაგ. ჰუმანიტარული შემთხვევებისთვის. 2022 წლის დეკემბერში მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომაც მიიღო. ევროპის ქვეყნების მსგავსი გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, ძირითადად რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებით გადაადგილდებიან.

აფხაზეთი

ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას რუსეთში ვიზიტმა კვლავ არაერთი კითხვა გააჩინა. იგი 5 აგვისტოს გაემგზავრა მოსკოვში. 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მან საავადმყოფოს მიმართა, 16 აგვისტოს კი ოპერაცია გაიკეთა. ბჟანიას „პრეზიდენტობის“ პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც იგი რამდენიმე კვირით „სამუშაო ვიზიტით“ მიემგზავრება მოსკოვში, თუმცა ინფორმაცია მისი შეხვედრების შესახებ მწირია. ამჯერადაც, მხოლოდ ორი შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, კერძოდ, ბჟანია 23 აგვისტოს რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელს, დანილ ეგოროვს შეხვდა, 25 აგვისტოს კი - მედვედევს.

ასლან ბჟანიას შეხვედრა დანილ ეგოროვთან

ბელარუსთან ურთიერთობა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის (2022 წლის სექტემბერი) შემდეგ, ბელარუსსა და აფხაზეთს შორის კავშირები უფრო ინტენსიური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მინსკი კვლავაც თავს იკავებს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისგან, ოფიციალურ დონეზე შეხვედრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა:

  • 4 აგვისტოს აფხაზეთს დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა მინსკში ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრ სერგეი კოვალჩუკს შეხვდა. ხიშბა მინსკში ბელარუსის ტურინდუსტრიის რესპუბლიკური კავშირის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
  • 24 აგვისტოს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრების პასუხისმგებელ მდივანს, სერგეი სტრელჩენკოს შეხვდა, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა სოხუმში.
  • 30 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტს დაბადების დღე ბჟანიამაც მიულოცა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „პირველი ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში ჩვენი ქვეყნების მიერ გადაიდგა, მიგვიყვანს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარების გზაზე“. ლუკაშენკოს იუბილე გაგლოევმაც მიულოცა, თუმცა მისი მილოცვის ტექსტი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების სურვილებს არ შეიცავდა.

საწვავის კრიზისი

21 აგვისტოს აფხაზეთში ერთ-ერთმა უმსხვილესმა საწვავის კომპანიამ - „აფსნი ოილ“ ბენზიგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეაჩერა, რამაც რამდენიმე დღით მომხმარებლებში პანიკა გამოიწვია. აფხაზეთში საწვავის გაძვირება 2023 წლის მაისიდან დაიწყო. თუ წლის დასაწყისში АИ-92 (რეგულარი) ტიპის ბენზინის საცალო ფასი 43 რუბლი იყო, ამჟამად 55 რუბლია ერთი ლიტრისთვის.

აფხაზეთში საწვავი მხოლოდ რუსეთიდან შედის, ყოველწლიურად საშუალოდ 100 ათასი ტონა. შესაბამისად რუსეთში მიმდინარე პროცესები პირდაპირ ახდენს გავლენას აფხაზეთის საწვავის ბაზარზე. საწვავის კრიზისი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთში მიმდინარე პროცესებით ახსნეს: ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმიური რემონტი, რუსეთის რეგიონებში არსებული ბენზინის დეფიციტი, რუსეთის ბირჟებზე საწვავზე ფასების ზრდა, მსოფლიოში არსებული ვითარება, ტურისტულ სეზონზე ავტომობილებით გადაადგილებაზე გაზრდილი მოთხოვნა.

სოხუმის აეროპორტის აღდგენა

აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. „ჩერნომორენერგომ" დაასრულა ელექტროგამდაცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც საჭირო იქნება სამშენებლო ბაზისთვის, რომელიც აეროპორტის რეკონსტრუქციას განახორციელებს. ეს დე ფაქტო მთავრობის მიერ რუსეთს წინაშე აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. აეროპორტის გაშვება 2024 წლის 1 მარტისთვის იგეგმება. აფხაზურმა მხარემ აეროპორტთან მისასვლელი გზაც უნდა შეაკეთოს.

16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შესახებ“. რუსი ინვესტორი აეროპორტს 49-წლიანი იჯარით მიიღებს, 25 წლის განმავლობაში კი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში აეროპორტის აღდგენის იდეა მოსწონთ, კრიტიკულად აფასებენ აეროპორტის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემას და ასევე იმ ფაქტს, რომ დღემდე გაურკვეველია თუ ვინ არის უცნობი „იურიდიული პირი“, რომელმაც აეროპორტის აღდგენა უნდა განახორციელოს.

სად არის ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმი

დე ფაქტო გენპროკურატურამ რუსეთს აფხაზეთის ყოფილი მთავარი სანიტარული ექიმის, ლიუდმილა სკორიკის გადაცემა მოსთხოვა. მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 2022 წლის აგვისტოში დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამსახურებრივ მოკვლევას აწარმოებდა სკორიკის სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტზე. მოგვიანებით დადგინდა, რომ მან აფხაზეთის ტერიტორია დატოვა და რუსეთში გადავიდა. მას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების მიხედვით, სკორიკი კოვიდის ტესტებით მომსახურებაში ფულს იღებდა, მაშინ როდესაც მომსახურებას „ბიუჯეტი“ აფინანსებდა.

ლიუდმილა სკორიკი

შრომითი მიგრანტები გალში

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან გალის რაიონში ჩაწერილები, რაიონის ტერიტორიაზე უფლება აქვთ იმყოფებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ან კოლექტიური საშვები აქვთ. შრომითი მიგრანტების რაოდენობა გალში თხილის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოსავლის აღების პერიოდში იზრდება. ისინი ძირითადად უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. შრომითი მიგრანტების, ძირითადად ხუთ-კაციან ჯგუფებს, ადგილობრივები ქირაობენ. შრომითი მიგრანტი ვალდებულია დარეგისტრირდეს თუ სამ დღეზე მეტი პერიოდი იმყოფება რაიონში.

ცხინვალის რეგიონი

ბრძოლა „მტრული სახელმწიფოს“ სპეცსამსახურებთან

ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 2023 წელს „კომიტეტმა“ დაადგინა სამი პირის ვინაობა, რომლებიც „კონტაქტს ინარჩუნებდნენ მტრული უცხოური სახელმწიფოს (იგულისხმება საქართველო) სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და სამხრეთ ოსეთის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ და მათ გადასცემდნენ“. „კომიტეტის" განცხადებით, მოქალაქეებს აიძულებდნენ მსგავს ქმედებას, რის გამოც ისინი მხოლოდ გააფრთხილეს. „კომიტეტის“ ინფორმაციით, „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს აშანტაჟებდნენ, აშინებდნენ და აიძულებდნენ მათთან თანამშრომლობას“.

საინტერესოა, რომ განცხადებაში არ არის ნახსენები კონკრეტული „დამნაშავეები“. კითხვები გააჩინა „სასჯელის“ ფორმამაც, რომელიც მსგავსი „დანაშაულისთვის“ ზედმეტად მსუბუქად შეფასდა. „კომიტეტის“ განცხადება ერთგვარ გაფრთხილებად მიიღეს ახალგორის რაიონში, რომლის მოსახლეობასაც ყველაზე ინტენსიური კავშირები აქვს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლებთან. საყურადღებოა, რომ გასულ თვეში ახალგორის რაიონში შეწყვიტეს ახალი საშვების გაცემა, რომელიც საჭიროა ოძისი/მოსაბრუნის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადასაკვეთად, ასევე „კომიტეტმა“ მოითხოვა ოკუპირებული რაიონის ადმინისტრაციის იმ საჯარო მოხელათა სია, რომლებსაც მსგავსი საშვი უკვე აქვთ. „კომიტეტის“ შეფასებით, საჯარო მოხელე საიდუმლო ინფორმაციას ფლობს და მისი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა „ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ რისკებს შეიცავს.

სეზონური შეღავათი „სასაზღვრო“ ზოლში საქმიანობისთვის

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, 2 აგვისტოდან 30 სექტემბერის ჩათვლით, ადგილობრივ მოსახლეობას „სასაზღვრო“ ზოლში ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების უფლება მისცა, კერძოდ, საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენასა და ტრანსპორტირებაზე ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რაიონების „სასაზღვრო“ ზოლში. მოცემულ პერიოდში ადგილობრივებს არ დასჭირდებათ შესაბამისი ნებართვის მიღება, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებისთვის არის საჭირო. მსურველები მხოლოდ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ადგილობრივ უახლოეს დანაყოფში უნდა გამოცხადნენ პასპორტით და დაფიქსირდნენ.