ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 07 / 01

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახშირდა სამხედრო წვრთნები. ცხინვალის რეგიონს არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში კრემლის მაღალჩინოსანი ესტუმრა. რუსეთიდან მნიშვნელოვანი ვიზიტების გარდა, ივნისი ცხინვალსა და სოხუმში საიუბილეო ღონისძიებებითაც დატვირთული იყო. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის ივნისში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • „არჩევნები“ და კურატორის საიდუმლო ვიზიტი: არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცხინვალს კრემლის მაღალჩინოსანი საიდუმლოდ ეწვია.
  • კურატორების ვიზიტი: რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.
  • მნიშვნელოვანი შეხვედრები: აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს, ვიტალი მუტკოს და ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრს, სერგეი ჩებოტარევს შეხვდა.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის მორიგი კონსულტაციები გაიმართა.
  • მიმოსვლა შეზღუდვების გარეშე: რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ორივე მხარის მოქალაქეების ყოფნის ვადებზე არსებული შეზღუდვები მოიხსნა.
  • სამხედრო წვრთნები: ივნისში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეები გააქტიურდნენ.
  • რუსული დაფინანსება: 2020-2022 წლებში აფხაზეთი 4.5 მლრდ რუბლს მიიღებს.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საგადახდო სისტემის ბარათების მომსახურება დაიწყეს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია დასრულდა.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: აფხაზეთისა და ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
  • რბილი ძალა: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ალექსანდრე პუშკინი გაიხსენეს და „რუსეთის დღეს“-თან დაკავშირებული ღონისძიებები ჩაატარეს.

„არჩევნები“ ცხინვალის რეგიონში და კურატორის საიდუმლო ვიზიტი

2019 წლის 9 ივნისს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმოადგენდნენ სერგეი ცეკოვი და ოლგა კავიტიდი, სახელმწიფო დუმის დელეგაციას კი - იური სმირნოვი და ყაზბეგ ტაისაევი. რუსი დამკვირვებლების გარდა „არჩევნები“ პოზიტიურად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

არსებული ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში, ცხინვალს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი ესტუმრა. ფილატოვი კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. გავრცელებული მოსაზრებით, ფილატოვს ხელი უნდა შეეშალა „არჩევნებში“ ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერის, ედუარდ კოკოითის პოლიტიკური გუნდის წარმატებისთვის. „არჩევნების“ შედეგების მიხედვით, კოკოითის მიერ მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა პარტიამ („სახალხო პარტია“) დე ფაქტო პარლამენტში მანდატები მოიპოვა. თუმცა, „არჩევნების“ შემდეგ „სახალხო პარტია“-მ კოკოითისგან დისტანცირება მოახდინა. სავარაუდოდ, „სახალხო პარტიის“ პოსტსაარჩევნო პოლიტიკურ სიმპატიებზე გავლენა ფილატოვმაც მოახდინა.

კურატორების ვიზიტი

ნურგალიევის ვიზიტი

2019 წლის 10 ივნისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, აფხაზეთს ესტუმრა. 2019 წლის აპრილში, ნურგალიევი ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდა. ნურგალიევმა ვიზიტის ფარგლებში შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საბაჟო სამსახურთან, ასევე სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

კოშინის ვიზიტი

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს, ხაზინისა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ 2018 წელს რუსეთის ფინანსური დახმარების ხარჯვის მიზნობრიობის მონიტორინგი განახორციელა. რუსეთის დელეგაციას  ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი ხელმძღვანელობდა.

მნიშვნელოვანი შეხვედრები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მონაწილეობა მიიღო „პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი-2019“-ის პლენარულ სხდომაში. ფორუმის ფარგლებში ბგანბა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორს, ვიტალი მუტკოსაც შეხვდა. იგი ასევე შეხვდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრს, სერგეი ჩებოტარევს. შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფორმირების საკითხები განიხილეს.

კონსულტაციები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2019 წლის 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა იგორ ახბამ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის ახლადდანიშნულმა დირექტორმა დენის გონჩარმა. შეხვედრაზე აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის აქტუალური თემები და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის ძირითადი საკითხები განიხილეს.

მიმოსვლა შეზღუდვების გარეშე

2019 წლის 27 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების დამატებითი პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ორივე მხარის მოქალაქეების ყოფნის ვადებზე არსებული შეზღუდვები მოიხსნა. მსგავსი შეთანხმება არ არსებობს აფხაზეთთან, რაც აფხაზეთთან შედარებით, ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის უფრო მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

სამხედრო წვრთნები

შედარებით პასიური მაისის შემდეგ, ივნისში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები გახშირდა.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სატანკო ეკიპაჟებმა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების ოპერატორებმა თანამედროვე კომპიუტერულ საწვრთნელ ტრენაჟორებზე ინტენსიური წვრთნები გაიარეს.
  • სამხედრო ბაზის 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ ბრონირებული მანქანების დანაყოფებისა და ეკიპაჟების შემადგენლობაში საბრძოლო სროლები განახორციელეს.
  • ასეულისა და ბატარეის მეთაურებს საბრძოლო მომზადების ორგანიზების ახალი მეთოდიკა აუხსნეს.
  • საინჟინრო-მესანგრეთა დანაყოფმა, მეძებარი ძაღლების გამოყენებით, პირველად განახორციელა ფეთქებადსაშიში საგნებისგან ტერიტორიის გაწმენდა.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზამ სამხედრო სამსახურის გასავლელად 300-მდე უმცროსი სპეციალისტი მიიღო.
  • წლის დასაწყისიდან დღემდე 3000-ზე მეტმა სამხედრომ 20-მდე მსხვილ სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზის სამხედროებმა ძარცემის პოლიგონზე ივარჯიშეს. წვრთნების დროს უპილოტო ავიაციის დახმარებით პირობითი მოწინააღმდეგის შეკრების ადგილი აღმოაჩინეს, რომელიც სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოყენებით გაანადგურეს.
  • სამხედრო ბაზის თანამშრომლებმა ხელყუმბარების გამოყენებაში ივარჯიშეს.

რუსული დაფინანსება 2020-2022 წლებში

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ვალერი ბგანბას განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აფხაზეთი რუსეთისგან 4.5 მლრდ რუბლს მიიღებს. ფინანსურ დახმარებას აფხაზეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020-2022 წლების ახალი პროგრამის ფარგლებში მიიღებს.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

ნავთობპროდუქტებზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი უქმდება

2019 წლის 7 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. ცვლილება შეეხება ნავთობპროდუქტების მიწოდებას საექსპორტო საბაჟო გადასახადის გარეშე, რის შედეგადაც წინასწარი საბაჟო გაფორმების რეჟიმი გაუქმდება.

რუსეთის საგადახდო სისტემის ბარათები აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის განცხადებით, აფხაზეთის საგადახდო სისტემა „АПРА“-მ რუსეთის საგადახდო სისტემა „Мир“-ის საბანკო ბარათების მომსახურება დაიწყო. „Мир“ რუსეთის საგადახდო სისტემაა, სადაც ანგარიშსწორება რუბლებში ხორციელდება. ამიერიდან „Мир“-ის ბარათების მფლობელები აფხაზეთის ტერიტორიაზე ბანკომატებსა და ბანკებში თანხების განაღდებას და ბარათების სავაჭრო ობიექტებში გამოყენებას შეძლებენ.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაციის შედეგები შეაჯამეს. აფხაზეთის მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია 2019 წლის 5 აპრილს გალის რაიონიდან დაიწყო და 10 ივნისს გაგრის რაიონში დასრულდა. დისპანსერიზაცია 13 600 ადამიანმა გაიარა. დისპანსერიზაცია რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ექიმთა ჯგუფმა უზრუნველყო. ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების მკურნალობის ფაქტების შემცირებას ისახავს მიზნად. მსგავს ტენდენციას ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობა ნეგატიურად აფასებს და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელსაც თბილისი სოხუმის წინააღმდეგ იყენებს.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მხარეები სამოქალაქო საზოგადოების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას გეგმავენ.

რუსეთის რბილი ძალა

2019 წლის ივნისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობებმა ცნობილი რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი გაიხსენეს და „რუსეთის დღეს“-თან დაკავშირებული ღონისძიებები გამართეს.

პუშკინის იუბილე

2019 წლის 6 ივნისს ცხინვალში რუსული ენის საერთაშორისო დღე და პუშკინის დაბადებიდან 220-ე წლისთავი აღნიშნეს. პუშკინის იუბილესთან დაკავშირებული პოეზიის საღამო აფხაზეთში, სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და გაგრის ცენტრალურ ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა.

 „რუსეთის დღე“

2019 წლის 11 ივნისს აფხაზეთში რუსეთის „საელჩოში“ „რუსეთის დღე“ (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დღესასწაული, რომელსაც 12 ივნისს აღნიშნავენ) აღნიშნეს. 18 ივნისს ცხინვალში, კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენ“-ში, „რუსეთის დღეს“-თან დაკავშირებით ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა გაიხსნა.

ხსოვნისა და გლოვის დღე

2019 წლის 22 ივნისს რუსეთის მასშტაბით ხსოვნისა და გლოვის დღე აღნიშნეს, რომელიც 1941 წლის 22 ივნისს „დიდი სამამულო ომის“ დაწყებას მიეძღვნა. ხსოვნის სანთლების დანთების აქციას ცხინვალის რეგიონშიც შეუერთდნენ. სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა სოხუმშიც.

სამშვიდობო მისიის 25-ე წლისთავი

2019 წლის 21 ივნისს აფხაზეთში სამშვიდობო მისიის დაწყების 25-ე წლისთავი აღნიშნეს. სოხუმში საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო მისიის ვეტერანებმა, აფხაზეთისა და აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა და აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“. სამშვიდობო მისიის საქმიანობა 2008 წლის 1 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეწყდა.

განათლება

აფხაზური სკოლების დახმარება: სააგენტოს წარმომადგენლობამ სოხუმის მე-14 საშ. სკოლას მობილური ლაბორატორიული კომპლექსი და კომპიუტერული აღჭურვილობა აჩუქა.

კომპიუტერული კურსები: 19 ივნისს ცხინვალის რეგიონში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრის ორგანიზებით კომპიუტერული კურსების მსმენელების XVIII გამოშვება დააჯილდოვეს.

კვოტები რუსეთში: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, აზა პლიევას განცხადებით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბაკალავრიატში გამოყოფილია 5 ადგილი, მაგისტრატურაში - 3, დიპლომატიურ აკადემიაში - 5.  2019-2020 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტებია გამოყოფილი ძალოვანი უწყებებისთვისაც: უშიშროების სამსახური - 9, შს სამინისტრო - 22, საგანგებო საქმეთა სამინისტრო - 4, თავდაცვის სამინისტრო - 91.

კულტურის სფეროში თანამშრომლობა

19 ივნისს სოხუმში სააგენტოს წარმომადგენელი აფხაზეთის დე ფაქტო განათლებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.