ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 08 / 01

2019 წლის ივლისში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აფხაზეთს ვლადისლავ სურკოვი ესტუმრა. ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  რუსულმა ენერგო კომპანია „როსნეფტ“-მა ცხინვალში ბიზნესის გაფართოება დაიწყო. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის ივლისში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის ივლისის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • კურატორის ცვლილება: რუსეთის გამოცდილი დიპლომატი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი, გრიგორი კარასინი პენსიაზე გადის.
  • კურატორების ვიზიტი: არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ესტუმრა.
  • სამხედრო წვრთნები: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამხედროები არაერთ მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობდნენ.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
  • სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონში შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების სამი წლისთავი აღნიშნეს.
  • ცხინვალის რეგიონის განაღმვა: რუსმა სპეციალისტებმა ცხინვალის რეგიონში 130 ჰექტარი ტერიტორია ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაწმინდეს.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონში რუსული ენერგო კომპანიის „როსნეფტ“-ის პირველი ბენზინგასამართი სადგური აშენდა.
  • რუსული დაფინანსება: 2022 წლისთვის რუსეთი ცხინვალის რეგიონში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას 1.5 მლრდ რუბლით დააფინანსებს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი ჯანდაცვის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს.
  • რბილი ძალა:  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე აღნიშნეს.

კურატორის ცვლილება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს. 23 აგვისტოს კარასინი 70 წლის გახდება და კანონის შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. კარასინი სტატს-მდივნად - მინისტრის მოადგილედ 2005 წლის ოქტომბერში დაინიშნა და იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხებს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებასაც კურირებს. სახელდება კარასინის სავარაუდო შემცვლელებიც, მათ შორისაა საკონსულო დეპარტამენტის ამჟამინდელი დირექტორი ივან ვოლინკინი, რომელიც ადრე საქართველოშიც მუშაობდა.

კურატორების ვიზიტი

სურკოვის ვიზიტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი,ვლადისლავ სურკოვი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აფხაზეთს ესტუმრა. სურკოვი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი და ასევე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის პარამეტრები განიხილეს. სურკოვის აფხაზეთში ვიზიტი აფხაზეთის შიდა პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. 2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და სურკოვის ვიზიტის მიზანიც, დიდი ალბათობით, სწორედ წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდება.

ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ვიზიტები

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ივლისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მშენებლობები შეამოწმეს. საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტების ინსპექტირების მიზნით, ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში  მელნიკმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილა. მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი კი, სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ესტუმრა. კოშინმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მელნიკი და კოშინი ხშირად სტუმრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ისინი რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას აკონტროლებენ.

სამხედრო წვრთნები

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეები ივლისში არაერთ მასშტაბურ წვრთნაში მონაწილეობდნენ, მათ შორის:

  • რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის (სსო) კავშირგაბმულობის ჯარების სპეციალისტებმა მასშტაბური ვარჯიში ჩაატარეს. წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებსაც  მოიცავდა.
  • სსო-ის სარაკეტო შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების - „ისკანდერ“-ის დივიზიონებმა ელექტრონული გაშვებები განახორციელეს. ობიექტების ზუსტი კოორდინატების გადაცემა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულმა რუსეთის სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფმა უზრუნველყო.  
  • სსო-ის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მოტომსროლელი შენაერთების მოწინავე დანაყოფებმა მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიებზე დესანტირება განახორციელეს. წვრთნებს ოლქის მეთაური ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობდა.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზის დაახლოებით 100-მდე სნაიპერმა საველე სწავლების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სნაიპერული შაშხანიდან საბრძოლო სროლები განახორციელა.
  • სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა მთიან და ტყიან ადგილებში სასწავლო-საბრძოლო და სპეციალური ამოცანები დაამუშავეს.
  • სამხედრო ბაზის უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური ამოცანების შესასრულებლად პრაქტიკული ვარჯიშები ჩაატარეს.

უპილოტო საფრენი აპარატები მე-7 სამხედრო ბაზაზე

მე-7 სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების პრაქტიკული გამოყენების მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით 10%-ით გაიზარდა. სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები 10 უპილოტო საფრენი აპარატის თანამედროვე კომპლექსს („Орлан“, „Застава“, „Гранат“) მართავენ.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • აფხაზეთში 6 თვის განმავლობაში საბრძოლო მომზადების დროს, დაახლოებით, 2 მლნ საბრძოლო მასალა დაიხარჯა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საბრძოლო მასალის ხარჯვა 15%-ით არის გაზრდილი. სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ექვსი თვის განმავლობაში 250-ზე მეტი ტაქტიკური მეცადინეობა და სწავლება ჩატარდა.
  • სამხედრო ბაზის სამხედრო პოლიციამ თანამედროვე მრავალმიზნობრივი დაჯავშნული ავტომობილები მიიღო.
  • სამხედრო ბაზაზე 150 ადგილზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მალე გაიხსნება სკოლაც.
  • აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზის დაარსებიდან 101-ე წლისთავი აღნიშნეს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • ძარცემის სამხედრო პოლიგონზე რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. 1200-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ პირობითი მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების განადგურებაში ივარჯიშა.
  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის ოპერატიულმა ჯგუფებმა ერთობლივი საველე გასვლები განახორციელეს.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

2019 წლის 26 ივლისს რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურმა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურმა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, გენერალ-მაიორ ალექსეი ვარზიევის განცხადებით, შეთანხმების ხელმოწერის შედეგად სამსახურის მუშაობის დონე რამდენჯერმე გაიზრდება, კერძოდ, შესაძლებელი იქნება კადრების ფედერალურ დონეზე მომზადება, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენა და აღმოფხვრა.

სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონში საზეიმოდ აღნიშნეს „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის სამი წლისთავი. შეთანხმება 2016 წლის 4 ივლისს გაფორმდა. ცენტრის ამოქმედებით სამართალდამცავ სფეროში ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა.

ცხინვალის რეგიონის განაღმვა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფმა ცხინვალის რეგიონის 130 ჰექტარი ტერიტორიის ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაწმენდა დაასრულა. ოთხი წლის განმავლობაში  სულ აღმოჩენილია 1049 ფეთქებადსაშიში საგანი. ამ მხრივ ყველაზე სახიფათო ზონა ძარის დასახლების მიმდებარე ტერიტორია იყო.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთი - უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ ნახევარში 11 მლრდ 689 მლნ რუბლი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში რუსეთი უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია. 2019 წლის პირველ ნახევარში რუსეთზე მთლიანი საქონელბრუნვის 56% მოდიოდა.

როსნეფტ“-ის პირველი სადგური

ცხინვალის რეგიონში რუსულმა ენერგო კომპანია „როსნეფტ“-მა პირველი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაასრულა. მეორე სადგურის მშენებლობა ორ-სამ თვეში დასრულდება. მშენებლობის საკითხი  2017 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „როსნეფტ“-ის აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინთან შეხვედრის დროს შეათანხმა. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, „როსნეფტი“ ბენზინგასამართ სადგურებს აფხაზეთშიც ფლობს.

საბაჟო სფეროში თანამშრომლობა

2019 წლის 25 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხზე თანამშრომლობის საგზაო რუკას მოაწერეს ხელი და საბაჟო გამშვებ პუნქტ „ადლერ“-ზე არსებული პრობლემები განიხილეს.

რუსული კოდი სოხუმის აეროპორტისთვის

2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „ვლადისლავ არძინბას სახელობის „სუხუმ“-ის საერთაშორისო აეროპორტის“ აეროდრომს  ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის მიერ აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს. სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები 2018 წელს რუსი ინვესტორის ჩართულობით დაიწყო. ინვესტორმა საპროექტო-სახარჯო დოკუმენტაცია აგვისტოსთვის უნდა მოამზადოს. დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება აეროპორტისთვის კოდის - URAS, მინიჭების შესახებ. აეროპორტს კოდი მიენიჭა აფხაზეთის ე.წ. საჰაერო კოდექსისა და აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2010 წლის 17 თებერვალს დადებული შეთანხმების საფუძველზე. აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილად გამოცხადდა. თუმცა, რეალურად კოდი აეროპორტისთვის არ მიუნიჭებიათ, რადგან ამის უფლებამოსილება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) აქვს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

რუსული დაფინანსება

ახალი სახლები

რუსეთის დაფინანსებით 2022 წლისთვის ცხინვალის რეგიონის 700-ზე მეტი ოჯახი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ცხინვალსა და რეგიონის რაიონებში საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება, რისთვისაც 1.5 მლრდ რუბლია გამოყოფილი.

ახალი ავტობუსები

აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ტყვარჩელის რაიონმა ახალი სასკოლო ავტობუსები მიიღო. ახალი ავტობუსები უკვე მიიღეს სოხუმის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებმა. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის რაიონებისთვის სასკოლო ავტობუსების შესაძენად, სულ 162 მლნ რუბლია გამოყოფილი.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია მოსკოვს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში წახნაკია მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ფედერალურ კლინიკურ ცენტრსაც ესტუმრა, რომელმაც ბოლო პერიოდში აფხაზეთის მოსახლეობის დისპანსერიზაცია ჩაატარა. 2019 წელს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით არაერთი შეხვედრა გაიმართა. აფხაზური და რუსული მხარის მსგავსი აქტიურობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

რუსეთის რბილი ძალა

სამშვიდობო მისიის 27-ე წლისთავი

2019 წლის 14 ივლისს ცხინვალის რეგიონში „მშვიდობისმყოფელის“ დღე აღნიშნეს. 2019 წლის 21 ივნისს სამშვიდობო მისიის დაწყების 25-ე წლისთავი სოხუმშიც აღინიშნა.

კვოტები რუსეთში

რუსეთის შს სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში ცხინვალის რეგიონიდან 22 აბიტურიენტი ისწავლის. კურსანტები სახელმწიფო დაფინანსებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და სწავლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ძალოვან უწყებებში დასაქმდებიან.

ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე

რუსეთის ფედერაციის „საელჩოს“ წარმომადგენლებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოჯახის, სიყვარულისა და ერთგულების დღე აღნიშნეს. დღე რუსეთში ყოველწლიურად 8 ივლისს აღინიშნება. დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში ხუთი ოჯახი სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიება გაიმართა ცხინვალშიც.