ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 10 / 01

2019 წლის სექტემბერი აფხაზეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რუსეთი აფხაზეთს თანამედროვე სახის იარაღით აღჭურავს. ცხინვალის რეგიონში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების ტემპები რუსეთიდან ჩამოსულმა კურატორებმა შეამოწმეს. რუსი დეპუტატები ცხინვალის რეგიონში ე.წ. „ოსების გენოციდის“ საკითხის შესწავლას იწყებენ. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის სექტემბერში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:    

  • კურატორის ცვლილება: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი შეიცვალა.
  • კურატორების ვიზიტი: ცხინვალის რეგიონს მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით კურატორები ესტუმრნენ.
  • „არჩევნები“: აფხაზეთის არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რაულ ხაჯიმბას რუსეთის პრეზიდენტმა და პატრიარქმა მიულოცეს.
  • სამხედრო წვრთნები: აფხაზეთში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი სამხედრო წვრთნა ჩატარდა.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: რუსეთი აფხაზეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯებს დაუფინანსებს.
  • საგარეო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციები გამართა.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთმა ცხინვალის რეგიონიდან ავტომობილების შეყვანაზე კონტროლი გაამკაცრა.
  • ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა „გაზპრომ“-თან რეგიონის გაზიფიკაციის ვადები განიხილა.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონს რუსეთის მარიონეტული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ესტუმრა.
  • რელიგია: აფხაზეთის მუფთი მოსკოვში რუსეთის მუფთმა მიიწვია.
  • „რბილი ძალა“: რუსეთის სახელმწიფო დუმაში ე.წ. „ოსების გენოციდის“ საკითხს შეისწავლიან.

კურატორის ცვლილება

2019 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, სტატს-მდივანი - საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. 23 აგვისტოს კარასინი 70 წლის გახდა, რის გამოც იგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. კარასინი წლების განმავლობაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებს, 2008 წლის შემდეგ კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებასაც კურირებდა. ამ ეტაპისთვის უცნობია თუ ვინ შეცვლის კარასინს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორობის მიმართულებით.

კურატორების ვიზიტი

ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მშენებლობის ტემპები შეამოწმა

2019 წლის 10 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი სამუშაო ვიზიტით ეწვია. კოშინი სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. ვიზიტის ფარგლებში კოშინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. კოშინმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტებიც მოინახულა. მან მშენებლობის მიმდინარეობა მოიწონა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობის ტემპები გააკრიტიკა.

ფილატოვის პირველი ოფიციალური ვიზიტი ცხინვალში

2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი, თავის მოადგილე დენის ტრავინთან ერთად, ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ფილატოვი კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. 2019 წლის 17 აპრილს მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო ცხინვალში. მანამდე იგი, არსებული ინფორმაციით, საიდუმლოდ იმყოფებოდა ცხინვალში 7 ივნისს, არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ფილატოვმა ცხინვალის რეგიონის მიერ რესპუბლიკის გამოცხადების 29-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. იგი ვიზიტის ფარგლებში რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებიც მოინახულა.

„არჩევნები“

აფხაზეთის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 8 სექტემბერს ჩატარდა, პირველი ტურისგან განსხვავებით, რუსეთიდან დამკვირვებელთა მცირე რაოდენობა დაესწრო. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მცირე უპირატესობით მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, რომელსაც 10 სექტემბერს გამარჯვება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა. ხაჯიმბას მიულოცა რუსეთის პატრიარქმა კირილმაც.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • მოტომსროლელთა დანაყოფებმა ნაგვალოუს პოლიგონზე ხუთდღიანი ორმხრივი ტაქტიკური წვრთნები ჩაატარეს.
  • სადაზვერვო დანაყოფებმა წებელდას პოლიგონზე ერთთვიანი შეკრება დაიწყეს.
  • არტილერისტებმა ზღვის სანაპიროსა და მთიან/ტყიან ადგილებში ერთთვიანი შეკრება გამართეს.
  • სამხედრო ბაზის დანაყოფებმა რეაქტიული ყუმბარმტყორცნებიდან - „Шмель“-დან სროლაში უნარ-ჩვევები დახვეწეს.
  • 2 000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ 300 მეტრიანი წინაღობა დაძლია, რითაც სტრესისადმი მათი გამძლეობა შემოწმდა
  • ანტისატანკო დანაყოფებმა წებელდას პოლიგონზე, ხეობებსა და კავკასიონის ქედის სიახლოვეს, პირობითი მოწინააღმდეგის დაჯავშნული ტექნიკის განადგურებაში ივარჯიშეს.
  • მეზენიტეებმა პირობითი მოწინააღმდეგის 30-მდე სადაზვერვო და მოიერიშე დრონი  ჩამოაგდეს.
  • სნაიპერებმა დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანების გამოყენებით სამდღიანი ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნები ჩაატარეს.
  • უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფმა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ადგილების დაზვერვა განახორციელა.
  • არტილერისტებმა მთებში „შეიარაღებული ტერორისტების ბანაკი“ გაანადგურეს. აღნიშნული ტაქტიკური წვრთნები სირიაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე ჩატარდა.
  • მოტომსროლელთა დანაყოფებმა მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმის წინააღმდეგ აფხაზეთის სანაპირო ზოლის მანევრული თავდაცვის საკითხები დაამუშავეს.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • ტანკისტის დღის 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეების ბავშვების მონაწილეობით, საბავშვო ნახატების შემოქმედებითი კონკურსი - „ტანკისტები ბავშვების თვალით“ ჩატარდა.
  • სამხედრო ბაზაზე სამხედრო-პატრიოტული ბანაკი „ახალგაზრდა არმიელებისთვის“ გაიხსნა. საერთო რუსული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „Юнармия“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც მხარს რუსეთის პრეზიდენტი უჭერს.
  • საუკეთესო სპორტული დანაყოფის გამოსავლენად სამხედრო ბაზაზე პირველი საშემოდგომო სპარტაკიადა ჩატარდა. საუკეთესო მზვერავის ტიტულის მოსაპოვებლად კი - სამხედრო ბაზის მზვერავებმა სამდღიანი შეჯიბრი ჩაატარეს.
  • 100-მდე სამხედრო მოსამსახურემ 30 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ 26-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმში.
  • აფხაზეთში სამხედრო დასახლებების მომსახურებისათვის რუსეთი 2019-2020 წლებში 195 მლნ რუბლის დახარჯვას გეგმავს, რისთვისაც დახურული აუქციონი ჩატარდება, რომლის შედეგებიც 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს ცხინვალის რეგიონის მიერ რესპუბლიკის გამოცხადების 29-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმში.
  • სამხედრო მოსამსახურეების ავტომობილი სოფ. როკაში, ჯავის რაიონში, ბეტონის ბარიერს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
  • ცხინვალის რეგიონში სამხედრო დასახლებების მომსახურებისათვის რუსეთი 2019-2020 წლებში 287.9 მლნ რუბლის დახარჯვას გეგმავს, რისთვისაც დახურული აუქციონი ჩატარდება, რომლის შედეგებიც 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მხარი დაუჭირა. 2019 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით შეთანხმებას მას შემდეგ მოეწერება ხელი, რაც რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები აფხაზურ მხარესთან დეტალებზე მოილაპარაკებენ. შეთანხმება აფხაზეთის შეიარაღებული ძალების თანამედროვე სახის იარაღით აღჭურვას ითვალისწინებს.  შეთანხმებას 2019 წლის 23 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

საგარეო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

2019 წლის 30 სექტემბერს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და საგარეო-პოლიტიკური ურთიერთქმედების ძირითადი მიმართულებები.

ბიბილოვმა მოსკოვში „საელჩოს“ ახალი შენობა მოინახულა

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა XIX საუკუნეში აშენებული შენობა მოინახულა, სადაც მალე ცხინვალის რეგიონის „საელჩო“ განთავსდება. ამჟამად შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გადასვლა შემოდგომის ბოლოს იგეგმება.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარზე ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებულ ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით რთული ვითარებაა შექმნილი. რუსეთის მხარის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში დარეგისტრირებული ავტომობილების მფლობელები ცდილობენ რუსეთში ავტომობილების დროებითი შეყვანის პირობით, სატრანსპორტო საშუალებების შეყვანაზე არსებული საბაჟო გადასახადი არ გადაიხადონ. 2010 წლიდან მსგავსი რაოდენობის ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. ამავე დროს იზრდება საბაჟო გადასახადების გადახდის დავალიანებაც, რაც 2019 წლის აგვისტოსთვის 530 მლნ რუბლს შეადგენდა.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა

2019 წლის 23 სექტემბერს, სანქტ-პეტერბურგში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „გაზპრომ“-ის ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ცხინვალის რეგიონში რუსული გაზის ექსპორტისა და რეგიონის დასახლებული პუნქტების გაზიფიკაციის პროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „გაზპრომ“-ს უკვე შემუშავებული აქვს ცხინვალის რეგიონის გაზიფიკაციის გენერალური სქემა, რაც 200 დასახლებული პუნქტის გაზიფიკაციას ითვალისწინებს.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონს რუსეთის მარიონეტული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური დენის პუშილინი ესტუმრა. დონეცკის დელეგაციამ ცხინვალის რეგიონის მიერ რესპუბლიკის გამოცხადების 29-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ცხინვალის რეგიონმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2014 წელს აღიარა. 2017 წლის მაისში ცხინვალის რეგიონმა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას მოაწერა ხელი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან, 2018 წლის დეკემბერში კი - ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან.

რელიგია

აფხაზეთის მუფთმა თიმურ ძიბამ რუსეთის ფედერაციის მუფთის რავილ გაინუტდინის მიწვევით, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ძიბამ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს მეთაურის არჩევის ცერემონიაშიც.

რუსეთის „რბილი ძალა“

2019 წლის სექტემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობების მხარდაჭერით რუსული ენის პოპულარიზაციის ღონისძიებები და ბალალაიკის კონცერტები ჩატარდა.

რუსული ენის პოპულარიზაცია

  • ცხინვალში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრში რუსული ენის შემსწავლელი ენის კურსები დაიწყო.
  • აფხაზეთში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-მეთოდური ღონისძიებები ჩატარდება. ღონისძიებების მიზანია რუსული ენის გამოყენების გეოგრაფიისა და სფეროს გაფართოება, რუსული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაცია. ღონისძიებებს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი ჩაატარებს.
  • რუსეთის არაკომერციულმა ორგანიზაციამ - „ევრაზიის სახალხო კავშირმა“ გალის რაიონის რუსული ენისა და ლიტერატურის ექვს მასწავლებელს ფულადი პრემია გადასცა.

სემინარები ახალგაზრდებისთვის

აფხაზეთში სააგენტოს აფხაზურ წარმომადგენლობაში ახალგაზრდებისთვის ორი სემინარი ჩატარდა („რუსეთის ტექნოლოგიური მიღწევები“ და „ინვესტიციების მოზიდვა“.) სემინარებისათვის რუსი ექსპერტი მიიწვიეს.

ბალალაიკის კონცერტი გალში

3 სექტემბერს „ევრაზიის სახალხო კავშირმა“ აფხაზეთში სააგენტოს აფხაზურ წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გალის კულტურის სახლში ბალალაიკის კონცერტი ჩაატარა. მსგავსი კონცერტები აფხაზეთის სხვა რაიონებშიც გაიმართა.

გენოციდის აღიარება

2019 წლის 9 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. 1 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოს გაუგზავნა მიმართვა „1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის“ აღიარების შესახებ. ჯგუფს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ ვოდოლაცკი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფში ყველა ფრაქციაა წარმოდგენელი. ჯგუფის პირველი სამუშაო ვიზიტი ცხინვალში ნოემბერშია დაგეგმილი.

ჩოგბურთის ტრადიციული ტურნირი

28-29 სექტემბერს, გაგრაში, სერგეი ბაღაფშის სახელობის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი, 2001 წლის შემდეგ მეთვრამეტჯერ, ჩატარდა. 2019 წელს ტურნირი აფხაზეთში, კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ოპერაციის 25-ე წლისთავს მიუძღვნეს. ტურნირის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სახელმწიფო დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინია.