ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 11 / 01

2019 წლის ოქტომბერში რუსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი ანდრეი რუდენკო იქნება. აფხაზეთისა და რუსეთის საგადახდო სისტემების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსული ენის პოპულარიზაციის ღონისძიებები ჩატარდა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის ოქტომბერში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის ოქტომბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                     

  • ახალი კურატორი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი ანდრეი რუდენკო იქნება.
  • კურატორების ვიზიტი: სოხუმში საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი კურატორებთან  განიხილეს.
  • მნიშვნელოვანი ვიზიტები: რუსეთის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
  • სამხედრო წვრთნები: აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე ზაფხულში ჩატარებული წვრთნები შეაჯამეს.
  • „საზღვრის“ დემარკაცია: ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ე.წ. საზღვრის სადემარკაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენელს შეხვდა.
  • საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა: რუსეთის ფედერაციის საბჭოს აპარატის თანამშრომლები გამოცდილების გასაზიარებლად ცხინვალს ესტუმრნენ.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთისა და რუსეთის საგადახდო სისტემების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა.
  • ფინანსური დახმარება: 2020-2022 წლების რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: მოსკოვის მთავრობამ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა.
  • „რბილი ძალა“: საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული ენის პოპულარიზაციის ღონისძიებები ჩატარდა.

ახალი კურატორი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი ანდრეი რუდენკო იქნება. მან გრიგორი კარასინი ჩაანაცვლა, რომელიც 2019 წლის 10 სექტემბერს საპენსიო ასაკის გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. რუდენკო მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 19 სექტემბერს დაინიშნა. იგი უკვე შეხვდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს და 8-9 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდშიც მიიღო მონაწილეობა.

კურატორების ვიზიტი

2019 წლის 23 ოქტომბერს, სოხუმში, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2017-2019 წლების მხარდამჭერ საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი, სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინი. რუსეთის დელეგაციის წევრები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების სფეროს კურირებენ და ხშირად სტუმრობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

რუსეთის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

2019 წლის 9 ოქტომბერს, აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს. სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის კურატორებიც: ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი. საზეიმო ღონისძიებაზე ჩებოტარევი მისალოცი სიტყვითაც გამოვიდა. იგი თავის მოადგილე იგორ კოშინთან ერთად ხაჯიმბას პირისპირაც შეხვდა.

რუსმა დეპუტატებმა აფხაზეთში სამხედრო პუნქტები დაათვალიერეს

2019 წლის 11 ოქტომბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში რუსმა დეპუტატებმა რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და ე.წ. სასაზღვრო პუნქტები დაათვალიერეს.

სამხედრო წვრთნები

ზაფხულის წვრთნების შეჯამება

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე ზაფხულის პერიოდში ჩატარებული წვრთნები შეაჯამეს. საანგარიშო ხუთთვიან პერიოდში სამხედრო დანაყოფების წვრთნები ჩატარდა მთიან-ტყიან, დაბლობებისა და სანაპირო ზოლის პირობებში ნაგვალოუს, გუდაუთასა და  წებელდას პოლიგონებზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ პოლიგონებზე (ადიღეაში, ასტრახანისა და ვოლგოგრადის ოლქებში).

საანგარიშო პერიოდში სამხედრო ბაზის დანაყოფებმა 20-ზე მეტი საველე გასვლა განახორციელეს, რომლის ხანგრძლივობაც 20 დღიდან 2 თვემდე შეადგენდა. საბრძოლო მომზადების პროცესში 600-ზე მეტი ტაქტიკური მეცადინეობა და სწავლება ჩატარდა. პროცესში 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

ოქტომბერში სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა სახის წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ წვრთნებშიც:

  • არტილერისტებმა წებელდასა და ნაგვალოუს პოლიგონებზე საცეცხლე ვარჯიში ჩაატარეს.
  • სარემონტო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ნაგვალოუს პოლიგონზე გეგმიურ ტაქტიკურ-სპეციალურ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.
  • სადაზვერვო დანაყოფმა მთიან ადგილებში პირობითი მოწინააღმდეგის უკანონო შეიარაღებული ფორმირების განადგურებაში ივარჯიშა.
  • მოტომსროლელთა დანაყოფმა საველე გასვლები განახორციელა და ტაქტიკური, საცეცხლე და სპეციალური მომზადების ნორმატივები დაამუშავა.
  • კავშირგაბმულობის დანაყოფმა მთებში მაღალი სიჩქარის ციფრული კავშირგაბმულობის გამართვაში ივარჯიშა.
  • საზენიტო სარაკეტო კომპლექსების - С-300 «Фаворит»-ის დანაყოფმა პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმებისგან დანაყოფის ადგილსამყოფელის შენიღბვაში ივარჯიშა.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა, ანტიტერორისტული წვრთნების ფარგლებში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების პირობითი ჯგუფის განადგურებაში ივარჯიშეს.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მთიან ადგილებსა და საზღვაო სანაპიროზე, ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები ჩაატარეს.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • 2000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში, ნორმატივები ჩააბარა.
  • სამხედრო მოსამსახურეების 40%-ზე მეტმა ათდღიანი შემოწმების შედეგად საკვალიფიკაციო უნარები აიმაღლა.
  • საინჟინრო-გამნაღმველთა დანაყოფმა წებელდასა და ნაგვალოუს პოლიგონების 12 ჰექტარი მიწის ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაწმენდა დაიწყო.
  • სამხედრო ბაზაზე მყოფი საყარაულო სამსახურებრივი ძაღლების უნარების კომპლექსური შემოწმება ჩატარდა.
  • რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ავტომობილების ინსპექციამ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით პროფილაქტიკური ღონისძიებები ჩაატარა.
  • 1000-ზე მეტმა მძღოლმა ზამთრის პერიოდში ტექნიკის ექსპლუატაციის თავისებურებების შესახებ გამართულ ლექციებში მიიღო მონაწილეობა.
  • სამხედრო ბაზაზე არსებული საცხოვრებელი და სამსახურებრივი ინფრასტრუქტურის გათბობის სეზონისთვის მომზადება დასრულდა.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა ზამთრის პერიოდისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციისთვის მომზადება დაიწყეს.
  • სამხედრო ბაზის 18-მა სამხედრო მოსამსახურემ დაგროვებითი-იპოთეკური სისტემის პროგრამის ფარგლებში ახალი ბინები მიიღო. თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ რუსეთის ტერიტორიაზე თავისი სურვილისამებრ შეარჩია რეგიონი, სადაც ბინის შესყიდვა სურდა.
  • კავშირგაბმულობის ძალების დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით კავშირგაბმულობის საუკეთესო სპეციალისტის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში პირველად ჩაატარეს დასუფთავების აქცია - „სუფთა სანაპირო“.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზაზე, შემაჯამებელი შემოწმების ფარგლებში, განგაში გამოცხადდა. სულ წვრთნებში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 400 ერთეულზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის მრავალფუნქციური კულტურულ-დასასვენებელი ცენტრის ფარგლებში კინოდარბაზს, სილამაზის სალონსა და საბავშვო ოთახს ააშენებენ.

„საზღვრის“ დემარკაცია

2019 წლის 29-31 ოქტომბერს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ე.წ. სადემარკაციო კომისიის მესამე ერთობლივი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე 2020 წელს განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა განიხილეს. კომისია 2012 წელს შეიქმნა, პირველი შეხვედრა კი, 2018 წლის სექტემბერში, მოსკოვში, ჩატარდა.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

2019 წლის 4 ოქტომბერს, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადება. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 8-9 ოქტომბერს გაიმართა. 2019 წლის 30 სექტემბერს რუდენკო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვესაც შეხვდა.

საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს აპარატის თანამშრომლები სამდღიანი ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრნენ და ადგილობრივ თანამშრომლებს გამოცდილება გაუზიარეს. ვიზიტი ფედერაციის საბჭოსა და დე ფაქტო პარლამენტს შორის საპარლამენტაშორისი თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთისა და რუსეთის საგადახდო სისტემების ინტეგრაცია დასრულდა

აფხაზეთის საგადახდო სისტემა „АПРА“-სა და რუსეთის საგადახდო სისტემა „Мир“-ის ინტეგრაციის პროცესი დასრულდა, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს „АПРА“-ს საბანკო ბარათები ყველა იმ ადგილას გამოიყენოს, სადაც „Мир“-ის ბარათებიც გამოიყენება. აფხაზეთში „АПРА“-ს ბარათის 100 000-მდე მფლობელია.

ორი საგადახდო სისტემის ინტეგრაციის პროცესი სამი წელი მიმდინარეობდა. ინტეგრაციის პროცესის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებს და პენსიონერებს გაუადვილებს საქმეს, რომლებიც ხელფასსა და პენსიას „Мир“-ის საბანკო ბარათზე იღებდნენ და ფულის ასაღებად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება უწევდათ. ეხლა მათ აფხაზეთში განთავსებული ნებისმიერი ბანკომატიდან შეუძლიათ „Мир“-ის საბანკო ბარათების გამოყენება.

რუსეთიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტების ექსპორტი გამარტივდა

რუსეთიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტების ექსპორტი გამარტივდება, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტის დროებითი პერიოდული საბაჟო დეკლარირების გარეშე განხორციელების შესაძლებლობას შექმნის.

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება დასრულდა

„ვლადისლავ არძინბას სახელობის „სუხუმ“-ის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენას კერძო ინვესტორები განახორციელებენ, რასაც შესაძლოა ორ წლამდე დრო დასჭირდეს. პროექტის განხორციელებას საჰაერო ტრანსპორტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ლენაეროპროექტი“ უზრუნველყოფს. აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი უკვე მომზადდა, შემდეგი ეტაპი კი, ფინანსური საკითხის მოგვარება და აეროპორტის ეტაპობრივი რეკონსტრუქცია იქნება.

რუსეთი აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება

აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციის ერთობლივ სხდომაში. ვიზიტის ფარგლებში რუსეთისა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატები ექსპერტთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფინანსური დახმარება

რუსეთის სახელმწიფო დუმაში 2020-2022 წლების ფედერალური ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს. პროექტის მიხედვით, ცხინვალის რეგიონი დახმარების სახით 2020 წელს 1.5 მლრდ რუბლს მიიღებს, 2021 წელს - 1.7 მლრდ რუბლს, 2022 წელს - 163 მლნ რუბლს. რუსეთის დაფინანსება დაიხარჯება ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე საბიუჯეტო ინვესტიციების განსახორციელებლად და რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის მხარდასაჭერად.

აფხაზეთს რუსეთი 2020 წელს გამოუყოფს 1.7 მლრდ რუბლს, 2021 წელს - 1.9 მლრდ რუბლს, 2022 წელს - 249 მლნ რუბლს.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

მოსკოვის მთავრობამ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამედიცინო ჰოსპიტალს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ჰოსპიტალი აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურებასაც ახორციელებს.

რუსეთის „რბილი ძალა“

2019 წლის ოქტომბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობებმა რუსული ენის პოპულარიზაციის ღონისძიებები ჩაატარეს.

რუსული ენის პოპულარიზაცია

  • სააგენტოს მხარდაჭერით აფხაზეთში, „რუსული ენა - ნაბიჯი მომავალში რუსული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიღწევებისაკენ“ პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-მეთოდური ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიებების მიზანი იყო რუსული ენის გამოყენების გეოგრაფიისა და სფეროს გაფართოება, რუსული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაცია. საგანმანათლებლო პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდა და მასში 500-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა.  ცხინვალის რეგიონში სააგენტოს მხარდაჭერით რუსული ენის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროექტი განხორციელდა. რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის პედაგოგების პროფესიული და კულტურული კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები ცხინვალსა და ახალგორში ჩატარდა.

განათლება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს როსტოვის იურიდიული ინსტიტუტის პირველი კურსის ხუთმა მსმენელმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. 2009 წლიდან დღემდე რუსეთის შსს-ის უმაღლეს  სასწავლებლებში 200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა.

ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის სფეროში ჰუმანიტარული თანამშრომლობა“. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გამოფენა - „სამხრეთ ოსეთი - მზიანი ოცნების მხარე“.

სანქტ-პეტერბურგში ოსური კულტურის დღეები აღნიშნეს

სანქტ-პეტერბურგში რუსეთში პირველი ოსური საელჩოს გახსნის 270-ე წლისთავთან დაკავშირებით „ოსეთის კულტურის დღეები“ ჩატარდა. ღონისძიებაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ინტელექტუალური კლუბი „დიალოგი“                                                                                                    

23 ოქტომბერს სოხუმში საერთაშორისო ინტელექტუალური კლუბის - „დიალოგის“ შეხვედრა გაიმართა, „რუსულ-აფხაზური კულტურული კავშირების კონტექსტში  მუსიკალურ-პოეტური დიალოგის“ თემაზე. კლუბი აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობასთან 2019 წლის ივლისში შეიქმნა.

სახალხო ერთობის დღე

31 ოქტომბერს ცხინვალში საზეიმოდ აღნიშნეს სახალხო ერთობის დღე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულია და 2005 წელს დაწესდა, 1612 წელს მოსკოვის პოლონური ინტერვენციისგან განთავისუფლების აღსანიშნავად. ცხინვალის რეგიონში აღნიშნული დღე საზეიმო დღეების სახელმწიფო კალენდარშია შეტანილი.