ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 01 / 01

2019 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც მოიცავს,  სწავლების ზამთრის პერიოდი დაიწყო. 2020-2022 წლებში რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებას. 2019 წლის მონაცემებით, აფხაზეთში რუსული სამედიცინო დაზღვევის პოლისები 50 000-მდე ადამიანმა მიიღო.  სოხუმის პორტს რუსეთიდან პირველი საკრუიზო გემი ესტუმრა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის დეკემბერში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის დეკემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                   

  • მნიშვნელოვანი შეხვედრები: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრებს შეხვდა.
  • სამხედრო წვრთნები: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო სწავლებების ზამთრის პერიოდი დაიწყო.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე  ესტუმრა.
  • სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: 1993 წლის შემდეგ პირველად სოხუმის პორტს რუსული საკრუიზო გემი ესტუმრა. 
  • საბიუჯეტო დახმარება: რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას დააფინანსებს.
  • საინვესტიციო პროგრამები: 2020-2022 წლებში რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის ახალ საინვესტიციო პროგრამებს დააფინანსებს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთში რუსული სამედიცინო დაზღვევის პოლისები 50 000-მდე ადამიანმა მიიღო.
  • სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბხაზ-აბაზინთა კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: აფხაზეთის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ყირიმს ესტუმრა.
  • „რბილი ძალა“:  აფხაზეთში „როსსატრუდნიჩესტვო“-მ 10 წლის იუბილე აღნიშნა.

მნიშვნელოვანი შეხვედრები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაურ ვიაჩესლავ ბითაროვისა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ საბჭოს წევრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ბიბილოვმა რუს სენატორებს ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილების შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა. სექტემბერში რუსეთის საბაჟო სამსახურმა ცხინვალის რეგიონში დარეგისტრირებული ავტომობილების რუსეთში დროებით შეყვანაზე კონტროლი გაამკაცრა.

სამხედრო წვრთნები

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში სწავლების ზამთრის პერიოდი დაიწყო. საბრძოლო მომზადებაში სწავლება ოლქის ტერიტორიაზე მდებარე 30-ზე მეტ სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. ახალ სასწავლო წელს სამხედრო ოლქის სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ საბანაკე შეკრებებსა და საველე გასვლებში, სხვადასხვა დონის ტაქტიკურ და სამეთაურო-საშტაბო წვრთნებში. ახალ სასწავლო წელს გაგრძელდება ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარების პრაქტიკა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებულ ძალებთან.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო დასახლებაში განლაგებულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მცდელობის დროს პირობითი მოწინააღმდეგის უკანონო შეიარაღებული ფორმირება მოიგერიეს.
  • 3000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, რადიომართვადი საველე სასროლი მოწყობილობის თანამედროვე კომპლექსების გამოყენებით, საკონტროლო და საბრძოლო სროლებში ივარჯიშა.
  • სამხედრო ბაზის სხვადასხვა დანაყოფებმა, მთისა და ტყის პირობებში, ინდივიდუალური მომზადების ინტენსიური კურსის გავლა დაიწყეს.
  • მოტომსროლელთა დანაყოფმა ახალ სასწავლო წელს პირველი საველე გასვლა განახორციელა. სასწავლო ღონისძიებებში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 200-მა ახალწვეულმა.
  • 100-მდე სამხედრო მოსამსახურემ მაიკოპის სამხედრო ბაზაზე, ადიღეს რესპუბლიკაში, ტანკების ქვემეხებიდან სწრაფ სროლებში უნარ-ჩვევების დახვეწაში ივარჯიშა.
  • სადაზვერვო ჯგუფმა, ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნების დროს, მთებში პირობითი მოწინააღმდეგის უკანონო ფორმირების დანაყოფი გაანადგურა.
  • ახალწვეულებმა ბორბლებიანი და მუხლუხოებიანი ტექნიკის მართვის შესწავლა დაიწყეს. 2020 წლის მაისამდე, 800 მძღოლი და მექანიკოს-მძღოლი გაივლის მომზადებას. სულ 300-ზე მეტი პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდება.
  • სამხედრო ბაზის მზვერავებმა პირობითი ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს. სასწავლო-საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურეებმა ტყვედ აიყვანეს ტერორისტები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები ამოიღეს.
  • 3000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, მოტომსროლელი და საარტილერიო დანაყოფებისა და სატანკო ეკიპაჟების შემადგენლობაში, საბრძოლო სროლები განახორციელა.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ავტოინსპექციამ სამხედრო ბაზის ავტომობილების ზამთრის პერიოდისთვის მომზადების ერთთვიანი აქცია დაასრულა. სულ 500 ერთეული ტექნიკა შემოწმდა.
  • გამნაღმველებმა, სამხედრო პოლიგონების ახალი სასწავლო წლისთვის მომზადების მიზნით,  12 ჰექტარი ფართობის ტერიტორია აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმინდეს.
  • სამხედრო ინსპექტორებმა  მე-7 სამხედრო ბაზის კომპლექსური შემოწმება ჩაატარეს.
  • შემოდგომის გაწვევის 50-მა ახალწვეულმა საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცი დადო. ახალწვეულები კურსკის ოლქისა და კრასნოდარის მხარის სამხედრო კომისარიატებმა გაიწვიეს.
  • სამხედრო ბაზამ 300 უმცროსი სამხედრო სპეციალისტი მიიღო. სამხედრო მოსამსახურეების გეგმიური ჩანაცვლების ფარგლებში, ახალგაზრდა სპეციალისტები აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტექნიკოსთა 18 სხვადასხვა სასწავლო ცენტრიდან და სკოლიდან ჩავიდნენ.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • ძარწემის პოლიგონზე სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო საჯარისო არმიის სამხედრო ბაზის სნაიპერებმა სპეციალური მომზადების კურსის გავლა დაიწყეს, ტაქტიკურმა ჯგუფებმა კი, მარში განახორციელეს და ახალი სისტემის შესაბამისად ტაქტიკური წვრთნები დაიწყეს.
  • რადიოელექტრონული დაზვერვის დანაყოფმა პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებაში ივარჯიშა.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონში უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებზე დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის, იბრაგიმ გასეევიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სერგეი ისტრაკოვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების შესვლის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილეს. შეთანხმებას 2017 წლის 31 მარტს მოეწერა ხელი. გასეევის შეფასებით, ცხინვალის რეგიონის „მოქალაქეების“ რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზასა და 58-ე არმიის სხვადასხვა დანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ისტრაკოვს, რადგან მე-4 სამხედრო ბაზაზე რეგიონის მოქალაქეების მიღება მისი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ბაზაზე ცხინვალის რეგიონის 508 მოქალაქე გადის სამხედრო სამსახურს.

სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა

რუსეთის შს სამინისტროს დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა. რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრს, იგორ ნანიევს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა რეგიონის შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ეტაპობრივი გაუმჯობესების ხარჯების თანადაფინანსების შეთანხმების განხორციელებას, ასევე რეგიონის ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ფულადი დაკმაყოფილებისა და სოციალური გარანტიების საკითხს.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

2019 წლის 5 დეკემბერს, მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა.  შეხვედრის ძირითადი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდისთვის მომზადება, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ჟენევაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი რუდენკო იყო.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

1993 წლის შემდეგ პირველად სოხუმის პორტს რუსული საკრუიზო გემი „კნიაზ ვლადიმირესტუმრა.  ეს გემის სატესტო შესვლა იყო, რაც არსებული პროცედურების დახვეწას ისახავდა მიზნად. რუსეთსა და აფხაზეთს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლა 2020 წლიდან იგეგმება. 2020 წელს სულ 6 რეისის განხორციელებაა დაგეგმილი. ბილეთების გაყიდვა 24 დეკემბერს დაიწყო.

საბიუჯეტო დახმარება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი მიიღო. ბიუჯეტის 82% რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 7.57 მლრდ რუბლით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტში რუსეთის ფინანსური დახმარება 6.2 მლრდ რუბლს შეადგენს, მათ შორის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დაიხარჯება 4.7 მლრდ რუბლი, საბიუჯეტო ინვესტიციებზე კი, 1.5 მლრდ რუბლი.

რუსეთი ცხინვალის რეგიონის საჯარო მოხელეების ხელფასებს დააფინანსებს

რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა, ზნაურ გასიევმა და რუსეთის შრომის მინისტრმა, მაქსიმ ტოპილინმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომლის ძალითაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლებს, რუსეთის თანადაფინანსების ხარჯზე, ხელფასები გაეზრდებათ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, არსებული შეთანხების მოქმედების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. ხელფასები ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში მსგავს დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ანალოგიური იქნება. ხელფასების მომატება ეხება განათლების, მედიცინის, კულტურის, ფიზკულტურისა და სპორტის, ვეტერინარებსა და მედიის წარმომადგენლებს.

რუსეთი აფხაზეთში საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსებას გააგრძელებს

2019 წლის 10 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ცალკეული კატეგორიის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის (ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროში) ხელფასის თანადაფინანსების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას. ცვლილებების თანახმად შეთანხმების მოქმედების ვადა 2022 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

საინვესტიციო პროგრამები

4.5 მლრდ რუბლი აფხაზეთისთვის

2019 წლის 19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა. სამი წლის განმავლობაში რუსეთი აფხაზეთისთვის 4.5 მლრდ რუბლის დაფინანსებას უზრუნველყოფს, ყოველწლიურად - 1.5 მლრდ რუბლს. 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 109 ღონისძიება, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა და რეკონსტრუქცია სატრანსპორტო, ელექტროქსელებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის, წყლისმომარაგებისა და წყალანალირების სფეროში, სოციალურ სფეროში, ასევე წყალდიდობების საწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი ღონისძიებების გატარების კუთხით.

ცხინვალის რეგიონი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა

რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ცხინვალის რეგიონი თითქმის სრულად გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე. პროექტი ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე რეგიონის 92% ციფრული ტელევიზიის სიგნალით არის დაფარული. პროექტის განხორციელებისათვის 157.5 მლნ რუბლი დაიხარჯა.

რუსეთი ცხინვალის რეგიონის აღდგენისთვის გამოყოფილი 3 მლრდ რუბლის მითვისების საქმეს იძიებს

ქ. პიატიგორსკში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენერალური პროკურორი ურუზმაგ  ჯაგაევი რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილეს, დმიტრი დემეშინს შეხვდა. მისი განცხადებით, რუსეთის გენერალური პროკურატურა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს იძიებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებას ეხება. სისხლის სამართლის საქმეების უმრავლესობაზე გამოძიება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსეთის დაფინანსების მითვისების მასშტაბებმა 3 მლრდ რუსულ რუბლს გადააჭარბა.

ცხინვალში რუსული დაფინანსებით ოთხი ახალი ობიექტი გაიხსნა

2019 წლის 24 დეკემბერს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოთხი ობიექტი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებებში დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლის ბიბილოვის გარდა, მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმაც, მათ შორის რუსეთის „ელჩმა“ რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ კოშინმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დენის ტრავინმა. ცხინვალში აშენდა საბავშვო ბაღისა და გადასახადებისა და მოსაკრებლების კომიტეტის  შენობა, ასევე, სამშობიარო სახლი და მრავალბინიანი სახლები.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში რუსული სამედიცინო დაზღვევის პოლისები 50 000-მდე ადამიანმა მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას განცხადებით, 2019 წელს რუსეთის ფედერაციის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისები აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებმა 49 000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. რუსეთის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფედერალური ფონდის მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება პოლისის მფლობელმა 3000-მდე აფხაზეთში მცხოვრებმა მიიღო.

2019 წელს ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში 870 ადამიანმა იმკურნალა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, გეორგი ტოტჩიევის განცხადებით, 2019 წელს რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში 870 ადამიანმა მიიღო სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება. აფხაზეთის მსგავსად ცხინვალის რეგიონშიც მიმდინარეობს რეგიონში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემა. ამ პერიოდისთვის პოლისები 1000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული.

სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა

2019 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აბხაზ-აბაზინთა მსოფლიო კონგრესის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მუსა ეკზეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე სამინისტროსა და კონგრესს შორის თანამშრომლობის გაგრძელების საკითხები განიხილეს.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

აფხაზეთის დელეგაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს ესტუმრა. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების სამთავრობათაშორისო კომისიის მეორე სხდომაში. დღეისთვის ყირიმსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 400 000 აშშ დოლარს შეადგენს.       

რუსეთის „რბილი ძალა“

აფხაზეთში „როსსატრუდნიჩესტვო“-ს 10 წლის იუბილე აღნიშნეს

აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე აღნიშნეს. წარმომადგენლობა სოხუმში 2009 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. წარმომადგენლობის ძირითადი მიზნებია აფხაზეთსა და რუსეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების განვითარება. 2018 წლის ოქტომბრიდან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვადიმ ჩეხაა.

რუსული წიგნები საჩუქრად

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „საელჩომ“ და ცხინვალში მეცნიერებისა და კულტურის რუსულმა ცენტრმა მიზნობრივი პროგრამის - „რუსული ენა“ ფარგლებში, სოფ. ზახორისა და ახალგორის სკოლებს საჩუქრად რუსული ენის შესასწავლად წიგნები გადასცეს. ზახორის სკოლას - 300 წიგნი, ახალგორის სკოლას - 400. მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა სოფ. ორჭოსანსა და წინაგარშიც.

რუსული ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები

ცხინვალის რეგიონში სააგენტოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, მორიგმა 38 მსმენელმა წარმატებით დაასრულა რუსულ ენაში ცოდნის სრულყოფის კურსები, 17 მსმენელმა კი, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

აფხაზეთში რუსულ ენაზე განათლების მიღებისა და რუსული ენის შესწავლის ცენტრი გაიხსნება

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ბაზაზე რუსულ ენაზე განათლების მიღებისა და რუსული ენის შესწავლის ცენტრი 2020 წლის დასაწყისში გაიხსნება. ცენტრის გახსნას ჩეჩნეთის პედაგოგიური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.

კრემლის საახალწლო ნაძვის ხე

25 დეკემბერს, მოსკოვში, კრემლის საახალწლო ნაძვის ხე 17 აფხაზმა მოსწავლემ მოინახულა. აფხაზური მხარე 16 წელია უკვე რაც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობს. 17 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ცხინვალის რეგიონიდანაც.