ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 02 / 01

2020 წლის იანვარში რუსეთის მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორებმა თანამდებობები დატოვეს. აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში გადამწყვეტი როლი რაშიდ ნურგალიევმა და ვლადისლავ სურკოვმა შეასრულეს. 2020 წელს აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე პრაქტიკული ვარჯიშების ინტენსიურობა 10%-ით გაიზრდება. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის იანვარში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2020 წლის იანვრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                        

  • კურატორები: რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორებმა თანამდებობები დატოვეს.
  • კურატორების ვიზიტი: ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ აფხაზეთში ახალ საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
  • პოლიტიკური კრიზისი და კურატორები: აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში გადამწყვეტი როლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორებმა შეასრულეს.
  • სამხედრო წვრთნები: 2020 წელს აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე პრაქტიკული ვარჯიშების ინტენსიურობა 10%-ით გაიზრდება.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონში რუსი მესაზღვრეების საქმიანობა შეაჯამეს.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
  • საინვესტიციო პროგრამები: ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საინვესტიციო პროგრამების განხორციელება შეაფასეს.
  • ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა: 2020 წელს აფხაზეთს ენერგოდეფიციტის აღმოფხვრაში რუსეთი დაეხმარება.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ვლადივასტოკი და ცხინვალი დაძმობილებას გეგმავენ.
  •  „რბილი ძალა“:  აფხაზეთში ვისოცკის საღამო გაიმართა.

კურატორები

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორებმა თანამდებობები დატოვეს

2020 წლის 21 იანვარს რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები და მინისტრები დაამტკიცეს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო, რომელიც 2019 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით ყველაზე აქტიური სამინისტრო იყო. თანამდებობა დატოვა მინისტრმა სერგეი ჩებოტარევმაც, რომელიც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო. სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა.

მთავრობა დატოვა ვიცე-პრემიერმა ვიტალი მუტკომაც, რომელიც 2018 წლიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს  კურირებდა. მუტკო რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე იყო. 28 იანვარს  მუტკო სახელმწიფო კომპანია „ДОМ.РФ“-ის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. გასული წლის მაისში ამავე კომპანიაში დაასაქმეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კიდევ ერთი ყოფილი კურატორი ოლეგ გოვორუნიც. გოვორუნი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო.

მუტკოს შემცვლელი უკვე შეარჩიეს ახალ მთავრობაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი, ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი იქნება. ხუსნულინის პასუხისმგებლობის სფერო აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს. ვიცე-პრემიერად დანიშვნამდე იგი მოსკოვის მთავრობასა და თათრეთის რესპუბლიკაში მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმაც, რომელიც კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა და უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების კურატორი იყო. სურკოვის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, 25 იანვარს მასთან დაახლოებულმა ექსპერტმა ალექსეი ჩესნაკოვმა განაცხადა. ამ ეტაპზე სურკოვის გადადგომა ოფიციალურად არ დასტურდება. 1 თებერვლისთვის რუსეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ინფორმაცია სურკოვის შესახებ.

ცხინვალის რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ გარდაიცვალა

2020 წლის 11 იანვარს ცხინვალის რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ ელბრუს კარგიევი, 75 წლის ასაკში, მოსკოვში, გარდაიცვალა. კარგიევი ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008-2017 წლებში, ასრულებდა „ელჩის“ მოვალეობას.

აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ ახალი თანამშრომელი წარადგინეს

აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა. შეხვედრაზე დვინიანინმა აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ ახალი მრჩეველი-დესპანი, მაქსიმ ლიტვინოვი წარადგინა. კოვეს განცხადებით, იგი მრავალი წელია უკვე იცნობს ლიტვინოვს, რადგან იგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

კურატორების ვიზიტი

21 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს გაუქმების მიუხედავად, სამინისტროს დელეგაცია 22 იანვარს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი იყო. შეხვედრაზე 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2020 წლისთვის აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის მიწოდების საკითხები განიხილეს.

პოლიტიკური კრიზისი და კურატორები

2020 წლის 9-12 იანვარს აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში გადამწყვეტი როლი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა და პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა შეასრულეს.  დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებები ნურგალიევისა და სურკოვის მონაწილეობით წარიმართა. მათი ჩარევის შედეგად ხაჯიმბა გადადგა და ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • 2020 წელს მე-7 სამხედრო ბაზაზე პრაქტიკული ვარჯიშების ინტენსიურობა 10%-ით გაიზრდება. სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო და საკონტროლო სროლების შესრულებით, 1000-ზე მეტ  ვარჯიშსა და ტაქტიკურ წვრთნას ჩაატარებენ. ვარჯიშები და წვრთნები ჩატარდება ექვს სამხედრო პოლიგონზე: აფხაზეთში, ადიღეს რესპუბლიკაში, ასტრახანისა და ვოლგოგრადის ოლქებში.
  • ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა საახალწლო დღეებში აფხაზეთის საჰაერო სივრცის დაცვაში ივარჯიშეს.
  • მორიგე დანაყოფმა კრიზისულ ვითარებაზე ოპერატიულ რეაგირებაში გეგმიური სწავლება ჩაატარა.
  • სამხედრო ბაზის სატანკო დანაყოფების ახალწვეულებმა ტანკ „Т-72Б3“-ის კომპიუტერულ ტრენაჟორებზე ივარჯიშეს.
  • რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების - „Штурм-С“, პრაქტიკული შესწავლა დაიწყეს. მომზადების დასკვნითი ეტაპი აპრილში, მაიკოპის სამხედრო პოლიგონზე, ადიღეს რესპუბლიკაში, გაიმართება.
  • გუდაუთისა და წებელდას სამხედრო პოლიგონებზე სამხედრო ბაზის ასეულისა და ბატარეის მეთაურებისთვის სასწავლო-მეთოდური შეკრება ჩატარდა.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა ნაღმის აღმომჩენი ძაღლების გამოყენებით ნაღმებისა და ფუგასების დაზვერვასა და განადგურებაში ივარჯიშეს.
  • 1000-მდე სამხედრო მოსამსახურემ დაჯავშნული მანქანების ეკიპაჟების შემადგენლობაში საბრძოლო სროლები შეასრულა.
  • სამხედრო ბაზის მზვერავებმა ასეულის შემადგენლობაში საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში ტაქტიკური მოქმედებები დაამუშავეს.
  • სამხედრო ბაზის ახალწვეულებმა მუხლუხოებიანი და ბორბლებიანი ტექნიკის ტარების კურსის აქტიური ფაზა დაიწყეს.
  • სამხედრო ბაზის სხვადასხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე საველე გასვლები დაიწყეს. საველე გასვლები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
  • სამხედრო ბაზის საარტილერიო დანაყოფის ახალწვეულებმა საბრძოლო მომზადების ფარგლებში პირველი საბრძოლო სროლები განახორციელეს.
  • სამხედრო ბაზის მზვერავებმა მთიან და ტყიან ადგილებში ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნების ფარგლებში ანტიდივერსიული ქმედებები დაამუშავეს.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო მოსამსახურეებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ახლობლებისგან ტონაზე მეტი საახალწლო გზავნილი მიიღეს.
  • სამხედრო ბაზაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მეექვსეჯერ ჩატარდა ახალწვეულების მიერ სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება. სულ შემოდგომის გაწვევის 200-ზე მეტმა ჯარისკაცმა  დადო სამხედრო ფიცი.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • მზვერავთა დანაყოფმა პირობითი მოწინააღმდეგის თავდასხმა მოიგერია. სასწავლო ღონისძიების ფარგლებში მზვერავებმა მოწინააღმდეგის ბლოკირებაში ივარჯიშეს.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა ძარწემის პოლიგონზე სნაიპერული შაშხანიდან სწრაფ სროლაში უნარ-ჩვევების დახვეწაში ივარჯიშეს. სწრაფ სროლაში სპეც-კურსი 100-ზე მეტმა სნაიპერმა გაიარა.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • 40-ზე მეტი მოსწავლე საერთო რუსულ სამხედრო-პატრიოტულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „Юнармия“-ის რიგებში გაწევრიანდა.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წლის შემაჯამებელ შეხვედრაში დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო მონაწილეობა. ბიბილოვის შეფასებით, რუსი მესაზღვრეები საქართველოს მხრიდან პერიოდული პროვოკაციების მიუხედავად, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის“ დაცვის ამოცანას ეფექტურად ართმევენ თავს. რუსი მესაზღვრეები ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ გამოჩდნენ.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

2020 წლის 21 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. რუდენკოსა და კოვეს ბოლო შეხვედრა 2019 წლის 5 დეკემბერს გაიმართა.

საინვესტიციო პროგრამები

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრმა სერგეი ჩებოტარევმა 2019 წლის შედეგები შეაჯამა. ჩებოტარევის თქმით, 2019 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ თავისი ვალდებულებები ფინანსური დახმარების აღმოჩენის კუთხით სრულად შეასრულა. დახმარების მიზანი აღნიშნული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იყო.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში შექმნილი ენერგოდეფიციტის პრობლემის მოგვარების მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრ ნოვაკს ესაუბრა. მხარეებმა რუსეთის ენერგო სისტემიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური ღონისძიებები განიხილეს.  2020 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა დაახლოებით 200 მლნ კილოვატ-საათი იქნება. აფხაზეთში ენერგოდეფიციტი ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონემდე კლებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას წყვეტს. აფხაზეთში ენერგოდეფიციტის გამო, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

15 იანვარს ქ. ვლადივასტოკის დუმაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი დუმის თავმჯდომარეს, ანდრეი ბრიკს შეხვდა.  მხარეებმა ვლადივასტოკისა და ცხინვალის დაძმობილების საკითხი განიხილეს. ვლადივასტოკი ვლადიკავკაზის დაძმობილებული ქალაქიც არის.

რუსეთის „რბილი ძალა“

2020 წლის იანვარში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობებმა განათლებისა და კულტურის მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩაატარეს.

ვისოცკის საღამო

22 იანვარს აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობასთან არსებულ ლიტერატურულ-მუსიკალურ ოთახში ვლადიმერ ვისოცკის საღამო გაიმართა. ვისოცკის საღამოები აფხაზეთში წარმომადგენლობის გახსნის დღიდან იმართება.

განათლება რუსეთში

23 იანვარს ცხინვალის რეგიონში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სერგეი სკვარცოვმა რუსეთში განათლების მიღების შესაძლებლობებზე და რეგიონისთვის გამოყოფილ კვოტებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2020-2021 წლებისთვის რეგიონისთვის გამოყოფილი კვოტების შესახებ ინფორმაცია თებერვალში იქნება ცნობილი. გასულ წელს ცხინვალის რეგიონისთვის 18 ადგილი იყო გამოყოფილი. რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებია სამედიცინო, ეკონომიკა და იურისპრუდენცია.

კონკურსი „წლის ადამიანი“

23 იანვარს ცხინვალში კონკურსი „წლის ადამიანი“ ჩატარდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს ავლენს და ახალისებს. ღონისძიება სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.

„თავდადების გაკვეთილი“

23 იანვარს დრანდის საშუალო სკოლაში „თავდადების გაკვეთილი“ ჩატარდა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის მოხსნას მიეძღვნა. ღონისძიება აფხაზეთში სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლობისა და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა.

რუსული ენის მასწავლებლებმა 2019 წელი შეაჯამეს

24 იანვარს ცხინვალის რეგიონის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა 2019 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ცხინვალის რეგიონში რუსეთის „საელჩოსა“ და სააგენტოს წარმომადგენლობის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

სხვა ამბები

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ყოფილი კურატორი, ინალ არძინბა აფხაზეთში ახალ პარტიას ქმნის. არძინბა ამჟამად რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეა. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში არძინბამ განაცხადა, რომ გაზაფხულის ბოლოს აფხაზეთში, სადაც [დე ფაქტო] პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ [არალეგიტიმური] საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, შეიძლება ახალი პარტია შეიქმნას (პარტიის სამუშაო სახელია „აფხაზეთის მომავალი“), რომლის დამფუძნებელი და კოორდინატორი თავად იქნება. მისი თქმით, აფხაზეთში პოლიტიკური სტრუქტურის შექმნა, რომელიც ახალგაზრდების ინტერესების გამოხატვასა და დაცვაზე იქნება ორიენტირებული, დიდი ხანია იგეგმებოდა, თუმცა გადამწყვეტი ბიძგი ამას მიმდინარე კრიზისმა მისცა. არძინბამ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განვითარების სტრატეგიაზეც ისაუბრა.