ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 03 / 01

2020 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაწყებული საკადრო ცვლილებები თებერვალშიც გაგრძელდა. 1 თებერვლიდან აფხაზეთმა ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან დაიწყო. გალის რაიონის სკოლებს რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები გადასცეს. რუსეთი აფხაზეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის თებერვალში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2020 წლის თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                   

  • კურატორები: რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავჯდომარედ დაინიშნა.
  • კურატორთან შეხვედრა: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს მოსკოვში შეხვდა.
  • სამხედრო წვრთნები: 2020 წლიდან ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსი სამხედროები გააქტიურდნენ.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურს ოლეგ სენკოვს შეხვდა.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჟენევის დისკუსიების თანათავჯდომარეებს შეხვდა.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში საკვები და სამრეწველო საქონელის შეტანის პრობლემის მოსაგვარებლად ცხინვალი მოსკოვს დახმარებისთვის მიმართავს.
  • ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა: 1 თებერვლიდან აფხაზეთმა ელექტროენერგიის მიღება რუსეთიდან დაიწყო.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წამლებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფა გაგრძელდება.
  • სეპარატისტებთან თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკას ესტუმრა.
  •  „რბილი ძალა“: აფხაზეთის სკოლებში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით „თავდადების გაკვეთილები“ ჩატარდა.

კურატორები

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები: საკადრო სიახლეები

7 თებერვალს რუსეთის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა ყოფილი მინისტრი, სერგეი ჩებოტარევი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ჩებოტარევი თავის ძველ საქმიანობას ახალ სამინისტროში მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს. ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო 21 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გაუქმდა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა.

არსებული ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი შეიცვალა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოში. ვლადიმირ ვლადიმიროვი ალექსანდრ მიშენკოვმა შეცვალა. ვლადიმიროვი 2017 წლის აგვისტოდან ასრულებდა თავის მოვალეობას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პოლიტიკურ მიმართულებას კურირებდა. მიშენკოვი  რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულებით, 2020 წლის 15 თებერვალს, ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავჯდომარედ დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე ვიტალი მუტკო ჩაანაცვლა, რომელმაც მთავრობა 21 იანვარს დატოვა.

2020 წლის 18 თებერვალს საბოლოოდ დადასტურდა პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები. ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე ბრძანება გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სურკოვის პასუხისმგებლობის სფერო უკრაინა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო.

ცხინვალში რუსი მრჩეველი გარდაიცვალა

2020 წლის 3 თებერვალს ცხინვალის რეგიონში ჯანდაცვის საკითხებში რუსეთის ფედერაციის მრჩეველი იგორ გალი გარდაიცვალა. გალი და მისი მეუღლის ცხედრები ცხინვალში ნაქირავებ ბინაში იპოვეს. ვლადიკავკაზის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა. გალი ცხინვალის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში 2016 წლიდან იყო ჩართული.

კურატორთან შეხვედრა

2020 წლის 28 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრაზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მოდერნიზაციისა და საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვლადისლავ სურკოვის წასვლის შემდეგ, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანის პირველი შეხვედრა იყო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით სურკოვის შემცვლელის ვინაობა ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, სურკოვის საკურატორო კოზაკმა გადაიბარა. მანამდე კოზაკმა სურკოვი უკრაინის მიმართულებით ოფიციალურად ჩაანაცვლა.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სარემონტო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტექნიკის ევაკუაციაში ივარჯიშეს.
  • მოტომსროლელთა დანაყოფებმა ტაქტიკური სწავლების ფარგლებში მთიან ადგილებში თავდაცვითი ქმედებები დაამუშავეს.
  • ყუმბარმტყორცნთა ჯგუფმა მთებსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში 30-დღიანი სასწავლო შეკრება დაასრულა.
  • არტილერისტებმა ახალი ციფრული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სამიზნეები გაანადგურეს.
  • მზვერავებმა წებელდას პოლიგონზე ერთთვიანი შეკრება დაიწყეს. სამხედრო მოსამსახურეები რთულ რელიეფურ პირობებში ანტიდივერსიულ სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს შეასრულებენ.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზაზე სეზონული ვირუსების პროფილაქტიკის მიზნით სამედიცინო დანაყოფმა სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები განახორციელა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების იმუნიტეტის ამაღლების მიზნით სასადილოებში ხახვი და ნიორი დაარიგეს.
  • 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და მათმა ოჯახის წევრებმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ პროექტში - „ხსოვნის გზა“, მიიღეს მონაწილეობა.
  • სააღლუმო დანაყოფებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნად დაგეგმილ საზეიმო მსვლელობისთვის მზადება დაიწყეს.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 2019 წლის 18 იანვარს  აფხაზეთში დაღუპული სამი რუსი ჯარისკაცის გარდაცვალების საქმე დახურა. სამი რუსი სამხედრო საგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო დაიხურა. გამოძიების ცნობით, ჯავშანტრანსპორტიორის დამორჩილება მძღოლმა ვერ შეძლო.
  • სოხუმში მოქმედმა საერთაშორისო კულტურულ-საქმიანმა ცენტრმა „მოსკოვის სახლმა“ მე-7 სამხედრო ბაზაზე მოქმედ ეკლესიას საეკლესიო ინვენტარი და ლიტერატურა გადასცა.  ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის ეკლესია 2018 წლის აპრილში გაიხსნა.
  • „სამშობლოს დამცველის დღესთან“ დაკავშირებით 23 თებერვალს მე-7 სამხედრო ბაზაზე საზეიმო კონცერტი გაიმართა.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზის დანაყოფმა ძარწემის პოლიგონზე საშტატო ჭურვებით საბრძოლო სროლებში ივარჯიშა. სწავლების დროს საბრძოლო სროლები სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან განხორციელდა.
  • სამხედრო ბაზის ინჟინრებმა ძარწემის პოლიგონზე საველე გასვლა განახორციელეს.
  • სამხედრო ბაზის დანაყოფმა ქვეითთა რეაქტიული ქვემეხებიდან - „Шмель“-დან საბრძოლო სროლებში ივარჯიშა.
  • ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფებმა ორმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.   
  • რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ინჟინრებმა სამკვირიან ტაქტიკურ-სპეციალურ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნები ჩრდილოეთ ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარდა. 58-ე არმიის სარაკეტო ჯარებისა და საარტილერიო დანაყოფებმა კი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის სამხედრო პოლიგონებზე საველე სწავლება დაიწყეს. სწავლება ცხინვალის რეგიონში ძარწემის პოლიგონზეც ჩატარდება.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურს ოლეგ სენკოვს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცეს და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვეს.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

2020 წლის 6 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი, ანდრეი რუდენკო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონთან არსებულ დე ფაქტო საზღვარზე არსებულ ვითარებას დაეთმო. მხარეებმა დაძაბულობის დეესკალაციისთვის გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე შექმნილი პრობლემის გამო დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს წერილი გაუგზავნა. წერილში პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტული წინადადებებია წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ ბიბილოვმა იმ მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებსაც რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში, „ქვემო ზარამაგის“ საბაჟო პუნქტით, საკვები და სამრეწველო საქონელის შეტანის დროს პრობლემები შეექმნათ. აღნიშნული პრობლემა რუსეთის მიერ საქონლის საბაჟო კავშირის წესების შესაბამისად გაფორმების მოთხოვნას უკავშირდება. პრობლემის მოგვარების მიზნით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. პრობლემა ამ ეტაპზე არ არის მოგვარებული.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა

1 თებერვალს აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღება დაიწყო. აფხაზეთში ენერგოდეფიციტი ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონემდე კლებამ გამოიწვია. რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღება მანამდე გაგრძელდება, სანამ ენგურჰესი მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე არ გადავა. არსებული ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად თებერვალ-მარტში 200-250 მლნ კილოვატ-საათი ელექტროენერგიის მიწოდება იგეგმება. აფხაზეთისთვის კილოვატ-საათის ფასი 2 რუსული რუბლი იქნება. 2019 წელს ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯმა 190 მლნ რუბლი შეადგინა.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

რუსეთი აფხაზეთის წამლებით დახმარებას გააგრძელებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ცალკეული კატეგორიის წამლებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში, თანამშრომლობის დამატებითი შეთანხმების რატიფიკაცია განახორციელა. არსებული შეთანხმების მოქმედების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. 2017 წლის შეთანხმებას 2019 წლის 31 დეკემბერს დაუმთავრდა მოქმედების ვადა. შეთანხმებით ინვალიდთა 9 კატეგორია ისარგებლებს, რაც ჯამში 8 ათას ადამიანს მოიცავს და 50 მლნ რუბლს შეადგენს. შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელებას რუსეთის მთავრობამაც დაუჭირა მხარი.

რუსეთი აფხაზეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო და „როსპოტრებნადზორი“ აფხაზეთს დე ფაქტო საზღვრებზე სანიტარულ-საკარანტინო პოსტების გაძლიერებაში დაეხმარება. დახმარება აფხაზეთში მობილური სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ბრიგადებისა და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდომიოლოგებისა და ინფექციონისტების ჩასვლას ითვალისწინებს. გარდა ამისა, რუსეთი აფხაზეთს აუცილებელი მედიკამენტებით, სახარჯი მასალებით, დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით დაეხმარება. აფხაზეთი სულ 500 ტესტ-სისტემას მიიღებს.

სეპარატისტებთან თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკას ესტუმრა. სეპარატისტული ლუგანსკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა ბიბილოვი მაისში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმზეც მიიწვია.

რუსეთის „რბილი ძალა“

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობებს თებერვალი დატვირთული თვე ჰქონდათ.

დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლის დღე

2020 წლის 8 თებერვალს ცხინვალში რუსეთის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებას რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. 10 თებერვალს მსგავსი ღონისძიება გაიმართა სოხუმშიც, რომელსაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეც დაესწრო.

მუსიკალური წიგნები საჩუქრად

ცხინვალში სააგენტოს წარმომადგენლობის დახმარებით, რეგიონის მუსიკალურ სკოლებს საგანმანათლებლო მასალები დაურიგეს.

ინფორმატიკის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის

ცხინვალში სააგენტოს წარმომადგენლობაში საერთო რუსული საგანმანათლებლო აქციის - „ციფრების გაკვეთილი“, ფარგლებში 8-9 კლასელებისთვის ინფორმატიკის გაკვეთილი ჩატარდა.

ახალი საბავშვო ბაღი ცხინვალში

ცხინვალში 160 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღის მშენებლობა ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დასრულდა. ბაღის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვიც დაესწრნენ.

შეხვედრა გალის რაიონის სკოლების დირექტორებთან

აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩეხამ მონაწილეობა მიიღო გალის რაიონის სკოლების დირექტორების შეხვედრაში. შეხვედრის დროს სკოლებს რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები და მეთოდური ლიტერატურა გადასცეს.

„თავდადების გაკვეთილები“

აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნის მომზადების ფარგლებში აფხაზეთის სკოლებში „თავდადების გაკვეთილები“ ჩაატარა. სოხუმის მე-2 საშ. სკოლაში მსგავსი გაკვეთილი როსტოვის ფაშისტებისგან განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ანალოგიური გაკვეთილი ჩატარდა  დრანდის სკოლაშიც. სოხუმის მე-3 საშ. სკოლაში გაკვეთილი სტალინგრადის ბრძოლას მიეძღვნა. გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლებმა საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის შესახებ წიგნები მიიღეს.

პასტერნაკის გახსენება

ცხინვალში სააგენტოს წარმომადგენლობაში რუსი პოეტი ბორის პასტერნაკის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

განათლება რუსეთში

სააგენტოს წარმომადგენლებმა რუსეთში განათლების მიღების საკითზე ცხინვალსა და ახალგორში უფროსკლასელებთან და აბიტურიენტებთან შეხვედრები გამართეს.

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ცხინვალში

ცხინვალში საბავშვო ბიბლიოთეკაში „სამშობლოს დამცველის დღისადმი“ მიძღვნილი თემატურ ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა, რომელშიც კადეტთა სკოლის აღსაზრდელებმა და ცხინვალის მე-2 საშ. სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე სოხუმშიც აღნიშნეს

სოხუმში 21 თებერვალს სააგენტოს წარმომადგელობის მხარდაჭერით მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. რუსულ ენასა და ლიტერატურაში მულტიმედიურ ვიქტორინაში ქ. სოხუმის აფხაზური და სომხური სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.