ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 04 / 01

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო რუსეთსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის მიმოსვლა შეჩერდა. ამავე მიზეზით, აფხაზეთში „არჩევნებს“ მხოლოდ რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლები დააკვირდნენ. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი სერგეი ჩებოტარევი ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის მარტში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2020 წლის მარტის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • კორონავირუსი და რუსეთთან ურთიერთობა: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს სამედიცინო სახის ჰუმანიტარულ დახმარებას სთხოვენ.
  • აფხაზეთის საპრეზიდენტო „არჩევნები“: კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო „არჩევნებს“ მხოლოდ რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლები დააკვირდნენ.
  • კურატორის ცვლილება: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი სერგეი ჩებოტარევი ახალ თანამდებობაზე დანიშნეს.
  • მნიშვნელოვანი შეხვედრები: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა.
  • სამხედრო წვრთნები: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის დანაყოფებმა მარტში არაერთ სამხედრო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩს შეხვდა.
  • ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა: 24 მარტს აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღება დასრულდა.
  • ჯანდაცვის/სოციალურ სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონმა და რუსეთმა სამხედრო მოსამსახურეების ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთაღიარების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
  • „რბილი ძალა“: კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები მცირე რაოდენობით გაიმართა.

კორონავირუსი და რუსეთთან ურთიერთობა

აფხაზეთმა რუსეთთან „საზღვარი“ ჩაკეტა

აფხაზეთმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო რუსეთთან მიმოსვლის რეჟიმი გაამკაცრა და  20 აპრილამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რუსეთთან არსებული დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა არ ვრცელდება აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ თანამშრომლებზე, რუსეთის სამხედრო ბაზისა და სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე. ამავე დროს, 28 მარტიდან 20 აპრილამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. თავის მხრივ, მთავრობის განკარგულებით 30 მარტიდან სახელმწიფო საზღვარი ჩაკეტა რუსეთმაც.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს სამედიცინო სახის ჰუმანიტარულ დახმარებას სთხოვენ

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აფხაზური მხარე რუსეთს სამედიცინო სახის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმართავს. დახმარება კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო წამლებისა და პნევმონიის სამკურნალო პრეპარატებით უზრუნველყოფას გულისხმობს. დახმარების გაწევის თხოვნით რუსეთს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმაც  მიმართა. რუსეთმა 2020 წლის 1 ივნისამდე აკრძალა ზოგიერთი სამედიცინო ნაწარმის ექსპორტი, მათ შორის დამცავი ნიღბების. შეზღუდვები არ ეხება საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებას.

აფხაზეთის საპრეზიდენტო „არჩევნები“

რუსეთის წარმომადგენლები აფხაზურ „არჩევნებს“ დააკვირდნენ

22 მარტს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო რუსი დეპუტატები ვერ დააკვირდნენ. „არჩევნებზე“ დაკვირვება აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს. საგანგებო პრეს-კონფერენციაზე „საელჩოს“ წარმომადგენელმა მაქსიმ ლიტვინოვმა განაცხადა, რომ „აფხაზეთში საპრეზიდენტო „არჩევნების“ დროს საარჩევნო უბნებზე არსებითი დარღვევები არ იყო გამოვლენილი“. „არჩევნებს“ 40-ზე მეტ საარჩევნო უბანზე „საელჩოს“ 8 თანამშრომელი დააკვირდა.

სატელეფონო საუბარი რაშიდ ნურგალიევთან

2020 წლის 2 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა ტელეფონით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს ესაუბრა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. საუბრის თემა აფხაზეთის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოულოდნელი ჰოსპიტალიზაციის საკითხი იყო. ბგანბამ რუსულ მხარეს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს ბჟანიას ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული გარემოებების გარკვევაში დახმარება სთხოვა.

კურატორის ცვლილება

2020 წლის 11 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს ხელმძღვანელად დაინიშნა. ჩებოტარევი მინისტრის მოადგილის პოსტს 2020 წლის თებერვლიდან იკავებდა, მას შემდეგ რაც 21 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. ჩებოტარევი ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი იყო. იგი რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო. ამ ეტაპზე უცნობია ჩებოტარევს კვლავ ექნება თუ არა შეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან. უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევია.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2020 წლის 16 იანვარს შეიქმნა. იმავე დღეს პოსტი დიმიტრი მედვედევმა დაიკავა.

მნიშვნელოვანი შეხვედრები

2020 წლის 13 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში, კრემლში შეხვდა. შეხვედრაზე პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები დადებითად შეაფასა. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინსაც შეხვდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

ეს ბიბილოვისა და პუტინის რიგით მეხუთე შეხვედრა იყო: პირველი შეხვედრა 2017 წლის 2 მაისს სოჭში გაიმართა; მეორე შეხვედრა, იმავე წლის ნოემბერში მოსკოვში; მესამე შეხვედრა 2018 წლის 24 აგვისტოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს მიეძღვნა; მეოთხე შეხვედრა 2019 წლის 5 მარტს შედგა.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზის დანაყოფებმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში საბრძოლო სროლების ეტაპი დაასრულეს.
  • სამხედრო ბაზის ქალმა სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო ხელყუმბარების სროლაში პირველად ივარჯიშეს.
  • სადაზვერვო დანაყოფმა, ორმხრივი ანტიდივერსიული ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში, სასწავლო-საბრძოლო ამოცანები შეასრულა.
  • ტანკისტებმა მაიკოპის სამხედრო ბაზაზე, ადიღეს რესპუბლიკაში, ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში, საბრძოლო სროლების ერთკვირიანი ეტაპი დაასრულეს.
  • წებელდასა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე, ორმხრივი ტაქტიკური წვერთნების ფარგლებში, ნაღმმტყორცნელებმა ივარჯიშეს.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო საბურავებიანი ტექნიკის მძღოლების სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს.
  • საზენიტო სარაკეტო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა კაპუსტინ იარის სამხედრო პოლიგონზე, ასტრახანის ოლქში,  ტაქტიკურ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.
  • რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებმა გეგმიური სწავლების დროს პირობითი მოწინააღმდეგის კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის სისტემები გაანადგურეს.
  • სპეცდანაყოფებმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების შემოღწევის აღკვეთაში ივარჯიშეს.
  • წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-4 არმიის საარმიო ავიაციის ეკიპაჟებმა პირობითი მოწინააღმდეგის ქვეითთა და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის განადგურებაში ივარჯიშეს.
  • საარტილერიო დანაყოფებმა მოშორებულ სამიზნეებზე საბრძოლო სროლების განხორციელებაში ივარჯიშეს.
  • საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში მე-7 სამხედრო ბაზის ხანძარსაწინააღმდეგო ჯგუფებმა, საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ სამსახურებთან ერთად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხანძრის პირობითი კერის ლიკვიდაციაში ივარჯიშეს.
  • სამხედრო დანაყოფებმა წებელდას სამხედრო პოლიგონზე ორმხრივ ტაქტიკურ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.
  • სნაიპერებმა ტაქტიკური საველე წვრთნების ფარგლებში მთებში სპეცმომზადების კურსები გაიარეს.
  • უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფმა მთებში პირობითი მოწინააღმდეგის შენიღბული პოზიციების აღმოჩენაში ივარჯიშა.
  • მზვერავთა დანაყოფმა საბანაკე შეკრების დროს წებელდას სამხედრო პოლიგონზე 40 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა დახარჯა.
  • რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაზვერვის დანაყოფმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე სასწავლო შეკრება მოაწყო.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზის ქალმა სამხედრო მოსამსახურეებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საველე სწავლების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
  • სამხედრო ბაზის 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში „ხსოვნის გზის“ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ პატრიოტულ ღონისძიებაში „გამარჯვების ესტაფეტაში“ მიიღეს მონაწილეობა.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის მოტომსროლელთა დანაყოფებმა ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ცხინვალის რეგიონში ასეულის დონეზე ორმხრივი ტაქტიკური წვრთნები ჩაატარეს.
  • არტილერისტებმა ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში მთიან ადგილებში, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, პირობითი მოწინააღმდეგის ბანაკის განადგურებაში ივარჯიშეს.
  • არტილერისტებმა ორმხრივი სწავლების დროს ძარწემის პოლიგონზე პირობითი მოწინააღმდეგის დაჯავშნული ტექნიკა გაანადგურეს. წვრთნებში ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

2020 წლის 2 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩს ზნაურ გასიევს შეხვდა. რუდენკო სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ჟენევის დისკუსიებისა და რეგიონული უსაფრთხოების თემები. ჟენევის გეგმიური შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო აღარ ჩატარდება.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა                

24 მარტს აფხაზეთში დასრულდა რუსეთიდან ელექტროენერგიის (სულ 198.3 მლნ კილოვატ-საათი) მიღება, რომელიც 1 თებერვალს დაიწყო. ელექტროენერგის საფასური აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამიდან დაიფარება. აფხაზეთში ენერგოდეფიციტი ჯვრის წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონემდე კლებამ გამოიწვია. აფხაზეთისთვის კილოვატ-საათის ფასი 2 რუსული რუბლი იყო.

ჯანდაცვის/სოციალურ სფეროში თანამშრომლობა

რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა და რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთაღიარების შეთანხმებას მოსკოვში მოაწერეს ხელი. შეთანხმების შედეგად, ცხინვალის რეგიონის ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ თანამშრომლებს რუსული პენსიის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ყაზბეგ ტომაევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ვიცე-პრემიერს და ეკონომიკური განვითარების მინისტრს გენადი ბეკოევს შეხვდა. შეხვედრაზე ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

რუსეთის „რბილი ძალა“

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობებმა ღონისძიებების მინიმალური რაოდენობა გამართეს.

ცხინვალში 8 მარტი აღნიშნეს

ცხინვალში სააგენტოს წარმომადგენლობაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო შეკრება გაიმართა. ღონისძიებაში პარტნიორი ორგანიზაციების ქალმა აქტივისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ცხინვალში საბავშვო კონკურსი ჩატარდა

ცხინვალში საბავშვო სამხატვრო კონკურსი „რუსეთი სამხრეთ ოსეთის ბავშვების თვალით“ გაიმართა. ღონისძიება „რუსეთის მოქალაქეების კავშირის“ ორგანიზებითა და სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

სოხუმში „თავდადების გაკვეთილი“ ჩატარდა

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობაში მორიგი „თავდადების გაკვეთილი“ ჩატარდა, რომელიც საბჭოთა კავშირის გმირს, ლეგენდარულ პილოტს ალექსანდრ პაკრიშკინს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენლებმაც მიიღეს.