ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 05 / 01

2020 წლის აპრილში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ახალი კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა გავლენა. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტის“ ინაუგურაციას ვერ დაესწრნენ სტუმრები რუსეთიდან. სამხედრო წვრთნები არ შეჩერებულა, თუმცა რუსეთის სამხედრო ბაზებზე არაერთი ღონისძიება გატარდა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის აპრილში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2020 წლის აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                       

  • ახალი „პრეზიდენტის“ ინაუგურაცია: აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტის“ ინაუგურაციას ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთიდან მხოლოდ აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ დაესწრო.
  • ტერიტორიული დავა: რუსეთმა აფხაზური სოფლის ტერიტორიები შეიერთა.
  • სამხედრო წვრთნები: სამხედრო ბაზებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდა.
  • სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ხელფასების ზრდას რუსეთი დააფინანსებს.
  • საბიუჯეტო დახმარება: ცხინვალის რეგიონის საბიუჯეტო სფეროს ცალკეული კატეგორიის თანამშრომლები გაზრდილ ხელფასებს მაისიდან მიიღებენ.
  • საინვესტიციო პროგრამები: ჯავაში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენებულ სახლში ბინები გაანაწილეს.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ყარაჩაეთ-ჩერქეზეთმა ცხინვალს 50 ტონა შაქარი გაუგზავნა.
  • „რბილი ძალა“:  აფხაზეთში „ხსოვნის ბაღის“ აქციები გაიმართა.
  • ახალი კორონავირუსი და რუსეთთან ურთიერთობა: ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აპრილში რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილება შეიზღუდა.

ახალი „პრეზიდენტის“ ინაუგურაცია

23 აპრილს აფხაზეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის ასლაბ ბჟანიას ინაუგურაცია გაიმართა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებამ სხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრების გარეშე ჩაიარა. რუსეთის მხრიდან ინაუგურაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბჟანიამ და დვინიანინმა ორმხრივი შეხვედრაც გამართეს. შეხვედრაზე უწყებათაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხი განიხილეს.

ტერიტორიული დავა

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონის ტურისტული სფეროს განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით კრასნოდარის მხარეში სასაზღვრო ზონის საზღვრები შეცვალა. სასაზღვრო ზონის ცვლილების შედეგადად რუსეთის შემადგენლობაში მოექცა მაღალმთიანი სოფლის აიბგას ტერიტორიაც, რომლის ერთი ნაწილი რუსული მხარის, მეორე ნაწილი კი აფზახეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის. სოფლის მცირე ნაწილი ადრე უკვე მიისაკუთრა რუსეთმა.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • ავტოსარემონტო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თანამედროვე სარემონტო-საევაკუაციო მანქანების (РЭМ-КЛ) გამოყენებით პირველად განახორციელეს დაზიანებული ტექნიკის ევაკუაცია.
  • აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელებთან ერთად ივარჯიშეს. ერთობლივი ვარჯიშის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა 1000-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს, დაიხარჯა 30 ათასამდე საბრძოლო მასალა.
  • მზვერავებმა მთაგორიან, ტყიან და სანაპირო ადგილებში წინაღობების დაძლევაში ივარჯიშეს. მზვერავებმა ასევე ჩააბარეს გამოცდები ხელჩართულ ბრძოლაში, დაზვერვის, მართვისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე კომპლექსების - „Стрелец“-ის გამოყენებაში.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • გამნაღმველებმა აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან სამხედრო პოლიგონების გაწმენდა დაიწყეს. წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონების ტერიტორიის ფართობი, რომელიც უნდა გაიწმინდოს, 12 ჰექტარია.
  • სამხედრო ბაზაზე 900-ზე მეტი ერთეული სამხედრო და სპეციალური ტექნიკის საზაფხულო პერიოდისთვის ექსპლუატაციისთვის მომზადება დაიწყეს.
  • სპეციალისტებმა ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ სამხედრო ბაზაზე ტექნიკური შენობებისა და ინფრასტრუქტურის ზაფხულისთვის მზადყოფნა შეამოწმეს
  • სამხედრო ბაზაზე გაწვეული სამხედრო მოსამსახურეებიდან ყოველი მეხუთე, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის დადგენილი ვადა შეასრულა, სამხედრო კარიერას კონტრაქტის საფუძველზე გააგრძელებს. წინა წელთან შედარებით იმ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, 5%-ით მეტია.
  • სამხედრო ბაზის მცხობელებმა 3 ათასზე მეტი სააღდგომო პასკა გამოაცხვეს. ასევე მზარეულებმა წითლად შეღებეს 5 ათასზე მეტი სააღდგომო კვერცხი.
  • სამხედრო ბაზაზე საუკეთესო სპორტული დანაყოფის გამოსავლენად სპარტაკიადა დაიწყო.

მე-7 სამხედრო ბაზა და ახალი კორონავირუსი

  • სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს. ჰოსპიტალი 200-ზე მეტ ავადმყოფს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსით სამხედრო მოსამსახურეები დაავადდებიან.
  • რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფმა ობიექტების სანიტარული დამუშავება პირველად ჩაატარა. დეზინფექცია ჩაუტარდა სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს. პროფილაქტიკის მიზნით სპეციალური დამუშავება ჩაუტარდა სამხედრო ტრანსპორტს, საბრძოლო ტექნიკასა და სამხედრო მოსამსახურეების პირად ავტომობილებსაც.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • მე-4 სამხედრო ბაზის კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების აბონენტებს შორის, 1000 კმ მანძილზე, კავშირის დახურული თანამგზავრული არხები უზრუნველყვეს. წვრთნები რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო პოლიგონებზე ჩატარდა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც.
  • სამხედრო პოლიციის დანაყოფმა ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნების ფარგლებში ქალაქის პირობებში პირობითი დივერსანტები გაანადგურა.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხრეთის სამხედრო ოლქის ინჟინრებმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ცხინვალის რეგიონში, ტერიტორიის ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაწმენდა დაიწყეს. გამნაღმველები სამხედრო პოლიგონებს საზაფხულო პერიოდის წვრთნებისთვის მოამზადებენ.

მე-4 სამხედრო ბაზა და ახალი კორონავირუსი

  • რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დანაყოფის სპეციალისტებმა დანაყოფის ტერიტორიის დეზინფექცია ჩაატარეს. სამხედრო მოსამსახურეებმა დეზინფექცია გაუკეთეს ცხინვალსა და ჯავაში მდებარე 150 შენობას.

სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა

2020 წლის 30 აპრილს, მოსკოვში, რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა და რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა, რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც 2017 წლის 14 ნოემბერს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების დამატებაა. შეთანხმება ცხინვალის რეგიონის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისთვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ფულადი ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების ეტაპობრივი ზრდის ხარჯების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროტოკოლის მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ახალი პროტოკოლის ხელმოწერა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაგვიანდა.

საბიუჯეტო დახმარება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის აზა ხაბალოვას განცხადებით, საბიუჯეტო სფეროს ცალკეული კატეგორიის თანამშრომლები გაზრდილ ხელფასებს მაისიდან მიიღებენ. ხელფასის ეტაპობრივი მატება 2016 წლიდან ხორციელდება რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების  ფარგლებში. ხელფასის მატება ეხება განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, ფიზკულტურის, სოფლის მეურნეობისა და მედიის წარმომადგენლებს. 2020 წელს ხელფასები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ხელფასების 2016 წლის დონეს გაუთანაბრდება, 2021 წელს - 2018 წლის დონეს და 2022 წელს - 2020 წლის დონეს. მიმდინარე წელს ხელფასის საშუალო მატება 1000 რუბლი იქნება.

საინვესტიციო პროგრამები

ცხინვალის რეგიონის ჯავის რაიონში ახალ სამსართულიან მუნიციპალურ სახლში 18 ბინა გაანაწილეს. სახლი ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2019 წელს აშენდა. სახლის მშენებლობისთვის 65 მლნ რუბლი დაიხარჯა. 2020-2022 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ჯავაში მსგავსი ორი მრავალბინიანი სახლი აშენდება.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკამ ცხინვალის რეგიონს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. 50 ტონა შაქარი სოციალური დახმარების სახით მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას დაურიგდება.

რუსეთის „რბილი ძალა“

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 2020 წლის აპრილში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ღონისძიებების ნაწილი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები კი, ძირითადად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებით იყვნენ დაკავებულნი.

აფხაზეთში რუსული ენის ონლაინ კურსები დაიწყო

აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობამ რუსული ენის კურსები ონლაინ-რეჟიმში დაიწყო. ონლაინ სწავლება ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით ხორციელდება. პირველ ონლაინ გაკვეთილს 15 აპრილს  21 მსმენელი დაესწრო.

„ხსოვნის ბაღის“ აქცია

9 აპრილს სოხუმში N13 სკოლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიოს ომის მონაწილე საბჭოთა პოეტისა და პროზაიკოსის, ჭიჭიკო ჯონუას ხსოვნის აქცია მოეწყო. „ხსოვნის ბაღის“ საერთაშორისო აქციის ფარგლებში ხეები დარგეს. ღონისძიებაში სააგენტოს აფხაზურმა წარმომადგენლობამ და საელჩოს მრჩეველ-დესპანმა მაქსიმ ლიტვინოვმაც მიიღო  მონაწილეობა. „ხსოვნის ბაღის“ აქცია 10 აპრილს სოფ. აგუძერას საშ. სკოლაშიც მოეწყო.

„გეორგიევსკის ლენტის“ აქცია

აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობამ „გეორგიევსკის ლენტის“ აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში „გეორგიევსკის ლენტები“ გადაეცემათ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. „გეორგიევსკის ლენტები“ უკვე მიიღეს დე ფაქტო შს სამინისტროს პირადმა შემადგენლობამ და შსს სასწავლებლის კურსანტებმა.

მედლები ომის ვეტერანებს

აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლებმა აფხაზეთში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მედლები და რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა გადასცეს. აფხაზეთში სულ 46 ვეტერანია.

 ახალი კორონავირუსი და რუსეთთან ურთიერთობა

აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმა რუსეთთან „საზღვრები“ ჩაკეტეს

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებმა რუსეთში გადაადგილება აპრილში კიდევ უფრო გაამკაცრეს. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის 7 აპრილის ბრძანებით 8-დან 20 აპრილამდე მდ. ფსოუზე რუსეთთან დამაკავშირებელი დე ფაქტო საზღვარი ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის ჩაიკეტა. ცხინვალის რეგიონმა 8-20 აპრილი არასამუშაო დღეებად გამოაცხადა, ჩაკეტა ყველა საზღვარი, მათ შორის დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვარი საქართველოსთან და დე ფაქტო სახელმწიფო საზღვარი რუსეთთან. 4 აპრილს რუსეთთან მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება 5-12 აპრილის პერიოდისთვის მიიღეს, თუმცა 10 აპრილს შეზღუდვები 1 მაისის ჩათვლით გაგრძელდა, 30 აპრილს კი შეზღუდვა 31 მაისამდე გახანგრძლივდა.

ცხინვალი სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას ითხოვს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დინა გასიევას განცხადებით, ცხინვალი არ აპირებს რუსეთს სპეციალისტებითა და სამედიცინო ტექნიკით დახმარება სთხოვოს, როგორც ეს იტალიამ და სერბეთმა გააკეთეს. მისი თქმით, ამჟამად რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ არის და ამიტომ სამედიცინო დესანტით დახმარების თხოვნის აუცილებლობა არ დგას, თუმცა ცხინვალმა უკვე მიმართა რუსეთის მთავრობას მედიკამენტებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყოფის შესახებ. გასიევას თქმით, მოთხოვნილ საშუალებებს მალე მიიღებს ცხინვალი.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დახმარების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. 

დესანტი ყირიმიდან

21 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა აფხაზეთში რუსეთის „საელჩოსა“ და მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს შეხვდა. დე ფაქტო მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სანიტარული ღონისძიებების დროს რუსული მხარის მიერ ტექნიკური დახმარების საკითხი განიხილეს.

აფხაზური მხარის დასახმარებლად შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი ყირიმიდან აფხაზეთში 18 აპრილს ჩავიდა. აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დანაყოფმა სადეზინფექციო სამუშაოები აფხაზეთის ყველა რაიონში ჩაატარა.