ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 06 / 01

2020 წლის მაისში, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გადაადგილება შეიზღუდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა აფხაზეთის ახლადარჩეული „პრეზიდენტი“. პანდემიამ გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე. სამხედრო წვრთნების მაგივრად სამხედრო მოსამსახურეები სადეზინფექციო სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებებიც მოკრძალებულად ჩატარდა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის მაისში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2020 წლის მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                                                       

  • რუსეთში ვიზიტი: აფხაზეთის ახლადარჩეული „პრეზიდენტი“ მოსკოვს პირველი „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა.
  • სამხედრო წვრთნები: ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე, წინა თვეებთან შედარებით, ნაკლები სამხედრო წვრთნა ჩატარდა.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალში რუსმა მესაზღვრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.
  • სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონში ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა გაზრდილი ხელფასები მიიღეს.
  • საინვესტიციო პროგრამები: მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთი აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ფინანსურად წელსაც დაეხმარება.
  • სოციალურ სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთში რუსული პენსიების უკანონო მიღების საკითხი განიხილეს.
  • „რბილი ძალა“: ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები მოკრძალებულად ჩატარდა.

რუსეთში ვიზიტი

2020 წლის 5 მაისს აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მოსკოვს ესტუმრა. ბჟანიას „საპრეზიდენტო“ ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართა და „პრეზიდენტის“ რანგში ეს რუსეთში მისი პირველი ვიზიტი იყო. ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ არის ხელმისაწვდომი. არ არის ცნობილი თუ კონკრეტულად ვის შეხვდა ბჟანია. თუ გავითვალისწინებთ თუ ვინ ახლდა მას მოსკოვში (ბჟანიას დელეგაციის წევრები იყვნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი), უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ვიზიტის მიზანი ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში აფხაზეთისთვის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება იყო.

სამხედრო წვრთნები

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე, წინა თვეებთან შედარებით, ნაკლები სამხედრო წვრთნა ჩატარდა. პანდემიის პირობებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრიორიტეტი სადეზინფექციო სამუშაოების წარმოება იყო. სამხედრო მოსამსახურეები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზის ამბები

  • 14 მაისს დაღესტნიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას მე-7 სამხედრო ბაზის ლაზარეთში გადის.
  • სამხედრო ბაზაზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  სამხედრო მოსამსახურეებში სეზონური დაავადებების რაოდენობამ 15%-ით იკლო.
  • სამამულო ომში გამარჯვების 75-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთან, ორი კვირის განმავლობაში, 30-ზე მეტი სამხედრო-მემორიალური ობიექტი მოაწესრიგეს.
  • სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა სოხუმში მცხოვრები 99 წლის ომის ვეტერანი ცაცი ტყებუჩავა მოინახულეს.
  • სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ომისდროინდელი სიმღერების თანხლებით, აფხაზეთის ქუჩებში სატვირთო ავტომობილებით მარში განახორციელეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა მიულოცეს ომის ვეტერანებს, ასევე პატივი მიაგეს მემორიალურ კომპლექსებს.

ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზის ამბები

  • სამხედრო ბაზაზე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ზაფხულის პერიოდისთვის ექსპლუატაციის რეჟიმში გადაყვანის გეგმიური სამუშაოები დასრულდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხინვალში, ჯავასა და საყარაულო პუნქტებზე 1000-მდე ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა შეამოწმეს.
  • სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა, სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ომის პერიოდის სიმღერების თანხლებით, ცხინვალის ქუჩებში სატვირთო ავტომობილებით მარში განახორციელეს. ომისდროინდელი სიმღერები მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ვეტერანთა სახლებთანაც იმღერეს.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ მესაზღვრის დღე აღნიშნა. რუს მესაზღვრეებს პროფესიული დღესასწაული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიულოცა. სასაზღვრო სამმართველოს უფროსის ვლადიმირ შჩემელინინის განცხადებით, სამმართველო ცხინვალის რეგიონის [დე ფაქტო] სასაზღვრო სამმართველოსთან ურთიერთქმედებით საქართველოსთან ცხინვალის რეგიონის [დე ფაქტო] სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის ეფექტურ ღონისძიებებს ატარებს. მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრისა და მისი რეჟიმის 172 დამრღვევი და სასაზღვრო რეჟიმის 272 დამრღვევი დააკავეს.

სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა გაზრდილი ხელფასები მიიღეს. ხელფასების გაზრდა 2020 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. პროტოკოლს ხელი მოაწერეს 2020 წლის 30 აპრილს, მოსკოვში, რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა და რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა, რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. პროტოკოლის მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ახალი პროტოკოლის ხელმოწერა კი, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაგვიანდა. რუსეთის დაფინანსებით გაიზარდა ყოველთვიური ანაზღაურება და მატერიალური დახმარების რაოდენობა.

საინვესტიციო პროგრამები

მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

2020 წლის 12 მაისს რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარების შესახებ. შეთანხმების მიზანია რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით ფინანსური დახმარების შესახებ.

შეთანხმებებს ხელი მოაწერეს რუსეთში აფხაზეთის „ელჩმა“ იგორ ახბამ, ცხინვალის რეგიონის „ელჩმა“ ზნაურ გასიევმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხაილ ბაბიჩმა. შეთანხმებების ხელმოწერა ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რადგან ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს გაუქმების შემდეგ, მისი ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეითავსა. ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამების განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი. ამიტომაც, რუსეთის მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ აუცილებელი გახდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხრიდან შეთანხმებებზე ხელმოწერის დაფიქსირება.

ცხინვალში რუსული დაფინანსებით გზის კეთილმოწყობა დაიწყეს

ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში კიმის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. საინვესტიციო პროგრამა რუსეთის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, მათ შორის 8 ქუჩა 2020 წელს გაკეთდება.

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრის მ.შ. ამირან კაკალიას განცხადებით, 2020 წელს აფხაზეთს მავნებლებთან ბრძოლასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მკურნალობაში დახმარებას რუსეთი გაუწევს. აფხაზეთი რუსეთისგან 116 მლნ რუბლს მიიღებს. მათ შორის 8 მლნ აზიური ფაროსანას მექანიკურ შეგროვებაზე დაიხარჯება. მსგავსი დახმარება აფხაზეთმა გასულ წლებშიც მიიღო.

სოციალურ სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში რუსული პენსიების უკანონო მიღების საკითხი განიხილეს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში რუსეთის საპენსიო ფონდის წარმომადგენელს ელისო გურგულიას შეხვდა. შეხვედრაზე რუსული პენსიის უკანონოდ მიღების საკითხი განიხილეს. დღეისთვის რუსეთის საპენსიო ფონდში 30 719 რუსეთის მოქალაქე ირიცხება, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში და რუსულ პენსიას იღებენ. ფონდის წარმომადგენლობის განცხადებით, 600-ზე მეტმა ადამიანმა უკანონოდ მიიღო პენსია. პენსიების უკანონო გადარიცხვის ფაქტები ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დაგვიანებით რეგისტრაციასაც უკავშირდება. ზედმეტად გადარიცხული თანხა, რომელიც ფონდში უნდა დაბრუნდეს, 15 მლნ რუბლზე მეტია.

ცხინვალის რეგიონში ბავშვებიანი ოჯახები რუსულ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, რომელთა ოჯახებში 16 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რუსეთის მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ოჯახები სამ წლამდე ასაკის ბავშვებით სამი თვის განმავლობაში, თვიურად, 5 ათას რუბლს მიიღებენ, ოჯახები სამ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებით კი, ერთჯერადად, 10 000 რუბლს მიიღებენ. დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პირობაა მშობლისა და ბავშვისთვის რუსეთის მოქალაქეობის ფლობა.

რუსეთის „რბილი ძალა“

2020 წლის მაისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

„მე ვხატავ გამარჯვებას“

სააგენტოს ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობისა და „Sputnik Южная Осетия“-ს ორგანიზებით სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მხატვრულ-პატრიოტული კონკურსი - „მე ვხატავ გამარჯვებას“ ჩატარდა. კონკურსში სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

„გამარჯვების გაზეთი“

7-9 მაისს რესპუბლიკურმა ახალგაზრდულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ერთიანი ალანია“ სააგენტოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ცხინვალის რეგიონის ყველა რაიონი მოიარა და ადგილობრივებს სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი  მიულოცა. მათ 1000 „გეორგიევსკის ლენტი“ და 1945 წლის 9 მაისის გაზეთ „პრავდას“ ისტორიული ნომრის ასლები დაარიგეს.

რუსეთის „ელჩმა“ ვეტერანებს მიულოცა

ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ომის ვეტერანები მოინახულა. კულახმეტოვმა ვეტერანებს მილოცვა რუსეთის პრეზიდენტის სახელით გადასცა. ვეტერანებმა „საელჩოსგან“ საიუბილეო მედლებიც მიიღეს.

რუსეთის „ელჩი“ უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან

9 მაისს სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას სოხუმში პატივი მიაგეს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა, „საელჩოსა“ და სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა. საზეიმო ღონისძიება სოხუმში უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან გაიმართა.

ონლაინ ჭადრაკის ტურნირი

9 მაისს სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჭადრაკის ტურნირი დასრულდა. ონლაინ ტურნირში 30-ზე მეტმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

პუტინის მატერიალური დახმარება ომის ვეტერანებს

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ზოგიერთი კატეგორიის რუსეთის მოქალაქე ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ბრძანება 2020 წლის 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. დიდი სამამულო ომის მონაწილეების გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები 75 000 რუბლს მიიღებენ, ნაწილი კი -  50 000 რუბლს.

განათლება რუსეთში

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლის მსურველებისგან საბუთების მიღება დაიწყო. ცხინვალის რეგიონისთვის ბაკალავრიატის პროგრამებზე 4 ადგილი, მაგისტრატურის პროგრამებზე კი - 3 ადგილია გამოყოფილი. ამავე დროს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში სწავლის მსურველებისგან დაიწყო  დოკუმენტების მიღება.
  • 2020 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისათვის 14 უმაღლეს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში გამოჰყო კვოტები. 2019 წელს კვოტები 16 სამხედრო სასწავლებელში იყო გამოყოფილი.