ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 07 / 01

2020 წლის ივნისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზებზე ზაფხულის პერიოდის სამხედრო სწავლებები დაიწყო, ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდნენ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „რუსეთის დღე“ და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი აღნიშნეს. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის ივნისში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2020 წლის ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                                 

  • შეხვედრა პუტინთან: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ საზეიმო აღლუმში.
  • კურატორები: დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს უფროსი შეიცვალა.
  • კურატორებთან შეხვედრა: აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი მოსკოვში სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების კურატორებს შეხვდა.
  • სამხედრო წვრთნები: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზებზე ზაფხულის პერიოდის სწავლებები დაიწყო.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა:  ცხინვალის რეგიონის ვეტერინარებისთვის ონლაინ ლექციები ჩატარდა.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონი ვორონეჟის ოლქთან თანამშრომლობას აღრმავებს.
  • „რბილი ძალა“:  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „რუსეთის დღესა“ და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა პუტინთან

2020 წლის 24 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია და ბიბილოვი კრემლის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ. საზეიმო ღონისიძება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 მაისის ნაცვლად, 24 ივნისს ჩატარდ

კურატორები - საკადრო ცვლილებები

2020 წლის 25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („Россотрудничество“) თავმჯდომარედ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, ევგენი პრიმაკოვი უმცროსი დაინიშნა. პრიმაკოვმა ამ პოსტზე ელეონორა მიტროფანოვა შეცვალა, რომელმაც 2020 წლის 9 ივნისს დატოვა თანამდებობა. დანიშვნის შემდეგ პრიმაკოვმა სააგენტოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, მათ შორის სააგენტოს რთულ რეპუტაციასა და ეფექტურობაზე.  პრიმაკოვმა სააგენტოში დიდი ცვლილებების განხორციელების შესახებაც გააკეთა განცხადება.

1 ივნისს თანამდებობა დატოვა სერგეი მალენკომ, რომელიც სააგენტოში დსთ-ის საქმეთა, საერთაშორისო განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი იყო და  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებას კურირებდა. ამ ეტაპზე მალენკოს მოვალეობას მისი მოადგილე ანასტასია მიკლინა ასრულებს.

კურატორებთან შეხვედრა

ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა

2020 წლის 17 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს, აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსეი ტრუბეცკის, აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ სენკოვს, აფხაზეთში რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელს სტანისლავ აპსავას.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ბჟანიამ 2014 წლის მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების საკითხზეც ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი კი, შეთანხმების მე-5 მუხლზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც „თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი სივრცის ფორმირება სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის შეიარაღებული ძალების გაეთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს“. ბჟანიას შეფასებით, გაერთიანებული დაჯგუფება შექმნილია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ბოლომდე არ არის მოგვარებული, მაგ. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სტანდარტების უნიფიკაცია.

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდა

2020 წლის 22-26 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ოზგანი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს მაქსიმ რეშეტნიკოვს და მის პირველ მოადგილეს მიხაილ ბაბიჩს შეხვდა. ბაბიჩი სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში რუსეთი 1.5 მლრდ რუბლს გამოჰყოფს.

ოზგანი მოსკოვში, ბოლო ორ თვეში, უკვე მეორეჯერ იმყოფებოდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა რუსეთისგან დროულ ფინანსურ დახმარებას ითხოვს. დე ფაქტო მთავრობაში უკვე გაკეთდა განცხადებები ხელფასებისა და პენსიების დაგვიანებით გაცემის შესახებ. ასევე, პანდემიის პირობებში, ჯერ არ დაწყებულა 2020 წლის საინვესტიციო პროგრამაც და ტურიზმიდან დაგეგმილი შემოსავლების მიღებაც საეჭვოა. მსგავსი გამოწვევების ფონზე კი, რუსეთიდან ფინანსური დახმარების მიღება, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის არსებული კრიზისის შედეგების შემსუბუქებისთვის ერთადერთი გამოსავალია.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო მოსამსახურეებმა წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ზაფხულის პერიოდში პირველი მასშტაბური საველე გასვლა განახორციელეს. საველე გასვლა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და სხვადასხვა შეიარაღებიდან საბრძოლო სროლებით დასრულდება.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ინდივიდუალური მომზადების ინტენსიური, ორთვიანი კურსი, დაიწყეს.
  • სამხედრო ბაზის ტანკისტებმა ზაფხულის პერიოდში პირველი წვრთნები მაიკოპის სამხედრო პოლიგონზე, ადიღეს რესპუბლიკაში, დაიწყეს. წვრთნები ერთი თვე გაგრძელდება.
  • სამხედრო ბაზის კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა წებელდას სამხედრო პოლიგონზე სპეციალური წვრთნები დაასრულეს. წვრთნებში 200-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობდა.
  • სამხედრო ბაზაზე სპეციალური სახანძრო-ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა. განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ მეხანძრეებმა სხვადასხვა ობიექტებზე ცეცხლის ლიკვიდაციაში ივარჯიშეს. 
  • სამხედრო ბაზაზე ასეულებისა და ბატარეის მეთაურთა სასწავლო-მეთოდური შეკრება დაიწყო. შეკრების ფარგლებში მეთაურები საბრძოლო მომზადების ორგანიზების თანამედროვე მეთოდოლოგიას შეისწავლიან.
  • სამხედრო ბაზის ტანკისტებმა მაიკოპის სამხედრო პოლიგონზე, კრასნოდარის მხარეში, თანამედროვე ტანკებიდან - „Т-72Б3“ საბრძოლო სროლები განახორციელეს.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • ზაფხულის პერიოდში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სამხედრო ბაზაზე სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, რომლის მიზანიც მაღალი ტემპერატურისგან სამხედრო მოსამსახურეების დაცვაა.
  • საინჟინრო-გამნაღმველთა დანაყოფმა წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონები ფეთქებადსაშიში მასალებისგან გაწმინდეს.
  • სამხედროებმა და მათმა ოჯახის წევრებმა „სუფთა სანაპიროს“ აქციის ფარგლებში შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.
  • 24 ივნისს სამხედრო მოსამსახურეებმა აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სიმღერებით მსვლელობა მოაწყვეს.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ სამამულო ომში გამარჯვება პირადად მიულოცეს გუდაუთაში მცხოვრებ, 1924 წელს დაბადებულ, ივან გრიგორიევს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • მოტომსროლელი და სატანკო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა ძარწემის სამხედრო პოლიგონზე მარში განახორციელეს და საბრძოლო სროლებში ვარჯიში დაიწყეს. მე-4 სამხედრო ბაზის ყველა ტაქტიკური ჯგუფი სამი თვის განმავლობაში გაივლის საბრძოლო მომზადების სრულ კურსს.
  • სნაიპერებმა პირობითი მოწინააღმდეგის დრონების ჩამოგდებაში ივარჯიშეს. ვარჯიშის დროს უახლესი რადიოლოკაციური სადგური გამოიყენეს.
  • სამხედრო ბაზის მზვერავებმა ძარწემის სამხედრო პოლიგონზე რთულ ვითარებაში დაზვერვის წარმოების მეთოდების  დახვეწაში ივარჯიშეს.
  • სამხედრო ბაზის ყუმბარმტყორცნელებმა ძარწემის სამხედრო პოლიგონზე პირობითი მოწინააღმდეგის დაჯავშნული ტექნიკის მაქსიმალური სიშორიდან განადგურებაში ივარჯიშეს.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

2020 წლის 26 ივნისს აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ვლადიმირ ნეკრასოვი სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსს ბესლან ეშბას შეხვდა. შეხვედრაზე სოხუმსა და რუსულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონში, რუსეთის კრასნოდარის მხარის კროპოტკინის რაიონის ვეტერინარულ ლაბორატორიასთან შეთანხმების საფუძველზე, ვეტერინარებისთვის პროფესიული უნარების ამაღლებისთვის ონლაინ კურსები  ჩატარდა. ლექციებს რუსეთის სხვადასხვა სასწავლებლების სპეციალისტები უძღვებოდნენ. კურსი ფასიანი იყო, თუმცა ცხინვალის რეგიონის ვეტერინარებისთვის კურსი უფასოდ ჩატარდა.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონი ვორონეჟის ოლქთან ითანამშრომლებს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. შეთანხმებას ხელი მოაწერა რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩმა ზნაურ გასიევმა და ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა.

კადიროვმა ცხინვალს 100 ტონა ფქვილი გაუგზავნა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების სახით 100 ტონა ფქვილი გააგზავნა. დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები მიიღებენ. მანამდე ცხინვალმა ყარაჩაეთ-ჩერქეზეთიდან 50 ტონა შაქარი მიიღო.

რუსეთის „რბილი ძალა“

2020 წლის ივნისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობის მხარდაჭერით „რუსეთის დღე“ და დიდ სამამულო ომში გამარჯვება აღინიშნა.

ცხინვალში ახალი ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

2020 წლის 4 ივნისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ჟურნალის - „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ სპეციალური გამოშვების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვიც დაესწრნენ.

ცხინვალში რუსული ენის დღე აღნიშნეს

5 ივნისს ცხინვალში რუსული ენისა და რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნეს. პუშკინის დღე რუსეთში 6 ივნისს აღინიშნება.

„რუსეთის დღე“

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დღესასწაულთან - „რუსეთის დღე“, დაკავშირებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებები შედარებით მოკრძალებულ ფორმატში გაიმართა. დღესასწაული 12 ივნისს აღინიშნება.

  • ცხინვალში საბავშვო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა ასფალტზე მისალოცი ბარათები დახატეს. აქცია „რუსეთო, მიიღე მილოცვები“ სააგენტოს ცხინვალის წარმომადგენლობის შენობის წინ ჩატარდა. აქციის მონაწილეებს მარატ კულახმეტოვმაც მიულოცა.
  • ცხინვალში დიდების ხეივანში „მარადიული ცეცხლის მემორიალთან“ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მარატ კულახმეტოვმა, რუსმა დიპლომატებმა და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ავტოგარბენი გაიმართა.
  • აფხაზეთში რუსეთის „საელჩოში“ „რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილი კონკურსის - „ლექსები რუსეთის შესახებ“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა. 40-ზე მეტმა კონკურსის მონაწილემ რუსეთის შესახებ ლექსები ვიდეოზე ჩაწერა. გამარჯვებულები აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა დააჯილდოვა.

მშვიდობისმყოფელის დღე

21 ივნისს აფხაზეთში რუსეთის მშვიდობისმყოფელის დღე აღინიშნა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალები 1994 წლის 21 ივნისს ჩამოყალიბდა.

ხსოვნისა და გლოვის დღე

  • 22 ივნისს, ცხინვალში, რუსმა დიპლომატებმა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო მარატ კულახმეტოვმაც. 22 ივნისს, ხსოვნისა და გლოვის დღეს, რუსმა დიპლომატებმა ყვავილები მიიტანეს ცხინვალში მდებარე დიდების ხეივანში.
  • 22 ივნისს, სოხუმში, რუსმა დიპლომატებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგეს პატივი. ღონისძიებაში ალექსეი დვინიანინმაც მიიღო მონაწილეობა.

9 მაისის ზეიმი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი 9 მაისის ნაცვლად 24 ივნისს აღინიშნა.

  • სოხუმში აფხაზეთში რუსეთის „საელჩოსა“ და სააგენტოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ველოგარბენი - „მადლობა გამარჯვებისთვის“ გაიმართა. ეს ტრადიციული, რიგით მერვე, ველოგარბენი იყო.
  • ცხინვალში სამხედრო აღლუმი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა მარატ კულახმეტოვიც.

აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ პრეს-კონფერენცია გამართა

2020 წლის 9 ივნისს ალექსეი დვინიანინმა საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“-ში პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. „ელჩმა“ პრეს-კონფერენციაზე ასევე ისაუბრა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაზე, პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისა და „რუსეთის დღის“ დღესასწაულის აღნიშვნაზე.