ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 03 / 01

2019 წლის თებერვალში რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებთან მიმდინარე და 2020-2021 წლების საინვესტიციო პროგრამების საკითხი განიხილა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებითაც. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის თებერვალში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • საინვესტიციო პროგრამები: რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების საკითხი განიხილეს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთი 2019 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევას ფინანსურად უზრუნველყოფს.
  • ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა: თებერვალში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქტუალური იყო რუსული ნავთობკომპანიის - „როსნეფტ“-ის თემა.
  • სამხედრო წვრთნები: რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართა, რომელიც რუსეთის ტერიტორიის გარდა, სომხეთს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს მოიცავდა.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: რუსეთის უშიშროების საბჭოში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზურ მხარესთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: 2019 წლის თებერვალში აფხაზეთთან ურთიერთობის გაღრმავებაში კრასნოდარის მხარე და ნენეცის ავტონომიური ოლქი აქტიურობდნენ.
  • რბილი ძალა: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციის მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

საინვესტიციო პროგრამების დაგეგმვა

2019 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე წლისა და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების საკითხს. აღნიშნული საკითხი, 21 თებერვალს, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრმა სერგეი ჩებოტარევმა და მისმა  მოადგილემ იგორ კოშინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან შეხვედრისას განიხილეს.

ერთი დღით ადრე, 20 თებერვალს, კოშინმა, რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის, საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა. ჯგუფის მუშაობის მიზანია საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისთვის ბარიერების შემცირება. 18 თებერვალს, კოშინმა საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთანაც განიხილა.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

2019 წლის 7 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი კოსტენიკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა გიორგი ტოტჩიევმა  ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამედიცინო დაზღვევის სფეროში გაფორმებული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის პროტოკოლს მოაწერეს ხელი. შეთანხმება, რომელსაც 2017 წლის 14 ნოემბერს მოეწერა ხელი, ცხინვალის რეგიონში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს. შეთანხმების მიზანია ცხინვალის რეგიონში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობის შემცირება.

ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა

„როსნეფტი“ საქმიანობის არეალს აფართოებს

რუსულმა ენერგო კომპანია „როსნეფტ“-მა ცხინვალში ორი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის საკითხი  2017 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „როსნეფტ“-ის აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინთან შეხვედრის დროს შეათანხმა. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, „როსნეფტ“-ს ბენზინგასამართი სადგურები აქვს აფხაზეთშიც.

„როსნეფტ“-ის თემა თებერვალში აქტუალური იყო აფხაზეთშიც. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პროფილურ კომიტეტში აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების დამუშავების, დაზვერვისა და მოპოვების უფლების „როსნეფტ“-სა და „აფსნიოილ“-სთვის გადაცემის საკითხი განიხილეს. აღნიშნულ საკითხზე არაერთი დისკუსია გაიმართა და სტატია გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში ძირითადი აქცენტი „აფსნიოილ“-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გაკეთდა, რაშიც დე ფაქტო დეპუტატთა ნაწილი კორუფციის ნიშნებს ხედავს.

(აფხაზეთში ნავთობის მოპოვების საკითხს საფუძველი ჩაუყარა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანისა და „როსნეფტ“-ის პრეზიდენტის სერგეი ბოგდანჩიკოვის მიერ 2009 წლის 26 მაისს სოხუმში ხელმოწერილმა თანამშრომლობის შეთანხმებამ, რომლის საფუძველზეც „როსნეფტ“-მა აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნავთობისა და გაზის რესურსების მოკვლევის უფლება  მიიღო.)

აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას მიიღებს - ვინ გადაიხდის?

აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 27 თებერვლიდან აფხაზეთმა დეფიციტის აღმოსაფხვრელად რუსული ელექტროენერგიის მიღება დაიწყო. ენგურჰესზე წყლის დონის ვარდნისა და  სადგურის ავარიული გაჩერების საფრთხის არსებობის გამო, აფხაზეთის რაიონებს 20 თებერვლიდან, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას განცხადებით, აფხაზეთს რუსული ელექტროენერგიისთვის საფასურის გადახდა 2019 წლის საინვესტიციო პროგრამიდან შეუძლია.

ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ  განაცხადა, რომ „ენგურჰესის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად, საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) და კომპანია „ინტერ რაოს“ შორის მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდა“. კონტრაქტის შესაბამისად, „ოკუპირებულ აფხაზეთს დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად მიეწოდება 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგია.”

კონსულტაციების მორიგი რაუნდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2019 წლის 14 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის მორიგი კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პავლოვსკიმ და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა იგორ ახბამ. კონსულტაციები საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2015 წლის 11 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით ჩამოყალიბდა.

სამხედრო წვრთნები

ტრაგიკული შემთხვევა

2019 წლის 9 თებერვალს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის, სოფ. პრიმორსკისთან ავტოავარიის შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც აფხაზეთში კონტრაქტით მსახურობდა, თავი ვერ გაართვა მსუბუქი ავტომობილის მართვას და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ასევე რუსეთის სამხედრო ბაზას ეკუთვნოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი რუსი სამხედრო აფხაზეთში 2019 წლის 18 იანვარსაც დაიღუპა.

მასშტაბური წვრთნები

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში მოტომსროლელი და სატანკო დანაყოფების მასშტაბური ტაქტიკური სამხედრო წვრთნები ჩატარდა, რომელიც რუსეთის ტერიტორიის გარდა, სომხეთს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს მოიცავდა. წვრთნები ოლქის 15 სამხედრო პოლიგონზე გაიმართა. წვრთნების დროს სირიაში მიღებული გამოცდილებაც გამოიყენეს.

სამხედრო წვრთნები მე-7 სამხედრო ბაზაზე

2019 წლის თებერვალი, იანვრის მსგავსად, აქტიური იყო აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის  სამხედრო მოსამსახურეებისთვის. თვის განმავლობაში აფხაზეთში, ნაგვალოუსა და წებელდას სამხედრო პოლიგონებზე, სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნები ჩატარდა, მათ შორის:

  • ტაქტიკური წვრთნების დროს რუსმა სამხედროებმა ზურგში გადმოსული პირობითი მოწინააღმდეგის დესანტი გაანადგურეს.
  • რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგი და კონტროლი განახორციელეს. მე-7 სამხედრო ბაზაზე განლაგებულ უპილოტო საფრენ აპარატებს მართვის პუნქტიდან 100 კმ-ის მოშორებით ფრენა შეუძლიათ.
  • მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელმა დანაყოფებმა აერომობილური ჯგუფის შემადგენლობაში პირველად დაამუშავეს საკუთარი ქმედებები. სამხედრო ბაზაზე აერომობილური ჯგუფები 2018 წლის დეკემბერში სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის ინიციატივით ჩამოყალიბდა.
  • წებელდას სამხედრო პოლიგონზე სამხრეთის სამხედრო ოლქის ტოფოგრაფიული სამსახურის სპეციალისტებმა საველე პირობებში ადგილობრივი ტერიტორიის მოდელი-რუკები შექმნეს.
  • სამხრეთის სამხედრო ოლქის მეზენიტეებმა აფხაზეთში პირობითი მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
  • მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ნაგვალოუს სამხედრო ბაზაზე პირობითი მოწინააღმდეგის საზღვაო ძალებისა და საზღვაო დესანტის თავდასხმისგან თავდაცვის ტაქტიკა დაამუშავეს.

მე-7 სამხედრო ბაზის აღჭურვა

2019 წლის თებერვალში მე-7 სამხედრო ბაზამ „გაზ“-ის მარკის 10 უახლოესი ბრონირებული მანქანა „ტიგრ-მმიიღო. მანქანები გათვალისწინებულია დაზვერვის საწარმოებლად, კოლონების გაცილებისა და დაცვისთვის, პატრულირებისთვის, სამხედრო მოსამსახურეების საცეცხლე მხარდაჭერისთვის. სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების გეგმის ფარგლებში სამხედრო ბაზაზე საარტილერიო დაზვერვის 10 თანამედროვე პორტატული რადიოლოკაციური სადგური „სობოლიატნიკ“-იც ჩაიტანეს.

მე-7 სამხედრო ბაზის არასამხედრო სიახლეები

2019 წელს მე-7 სამხედრო ბაზის ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია 50-ზე მეტ სხვადასხვა სახის კულტურულ-გასართობ ღონისძიებას გამართავს.

სამხედრო წვრთნები და ზეიმი მე-4 სამხედრო ბაზაზე

2019 წლის თებერვალი სამხედრო წვრთნების თვალსაზრისით აფხაზეთისგან განსხვავებით, შედარებით პასიური იყო ცხინვალის რეგიონში. თუმცა, ცხინვალში განსაკუთრებულად აღინიშნა „სამშობლოს დამცველის დღე“. 23 თებერვალს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის თანამშრომლებს, „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. ბიბილოვის განცხადებით, სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების გარანტია. სამხედროებს მისალოცი სიტყვით მიმართა სამხედრო ბაზის მეთაურმა ალექსანდრ კრავცოვმაც. „სამშობლოს დამცველის დღისადმი“ მიძღვნილ კონცერტს ცხინვალში სამუშაო ვიზიტად მყოფი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინიც დაესწრო.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

თებერვალში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რუსეთის უშიშროების საბჭო. 8 თებერვალს, მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან  2019-2020 წლებში უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. თანამშრომლობის გეგმა ითვალისწინებს: სამხედრო და სამართალდამცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობას; რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელების საკითხებზე აფხაზეთის დე ფაქტო სამინისტროებისა და უწყებების რუს კოლეგებთან კონსულტაციების გაგრძელებას; თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ინფორმაციის გაცვლას. (2014 წლის 24 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოსკოვში მოეწერა ხელი. 2015 წლის 20 აპრილს მხარეები 2015-2016 წლების თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ, 2017 წლის 4 აგვისტოს კი - 2017-2018 წლების თანამშრომლობის გეგმაზე.)

2019 წლის 20 თებერვალს, მოსკოვში,  ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ვალერი ვალიევმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან, რომელიც საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრის დროს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის 2015 წლის 18 მარტს ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების საკითხიც. (2018 წლის 10 აპრილს, მოსკოვში, ვალიემა და პატრუშევმა 2018-2019 წლებში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გეგმა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში, სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით, საბაჟო სამსახურებს შორის ინფორმაციისა და  გამოცდილების გაცვლის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.)

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

აფხაზეთი რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობის კუთხით აქტიური იყო თებერვალშიც. თუ 2019 წლის 31 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაციამ კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილე, იგორ გალასთან შეხვედრაზე ეკონომიკის და სოციალურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, 15 თებერვალს, ქ. სოჭში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ და გალასმა ხელი მოაწერეს 2019-2021 წლების ღონისძიებების პროგრამას. მანამდე ერთი დღით ადრე, ფორუმის ფარგლებში ნანბამ და რუსეთის ფედერაციის ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ციბულსკიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების განზრახვის შესახებ.

რუსეთის რბილი ძალა

2019 წლის თებერვალში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში რუსული ლიტერატურისა და ენის პოპულარიზაციის მიმართულებით აქტიურობდნენ.

8 თებერვალს, ცხინვალში, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრში, რუსული მეცნიერების დღე აღნიშნეს და ღონისძიებაზე ცხინვალის სკოლის მოსწავლეები მიიწვიეს. 20 თებერვალს, ახალგორის რაიონის რუსულ საშუალო სკოლაში ცენტრის მხარდაჭერით, რეგიონული ფესტივალი „რუსეთის ცოცხალი კლასიკა“ ჩატარდა, 21 თებერვალს კი, ცხინვალში რუსული ენის კურსების მსმენელებისთვის მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

რუსი პოეტის ალექსანდრ პუშკინის ხსოვნის დღე 10 თებერვალს ცხინვალში აღნიშნეს, 11 თებერვალს კი - სოხუმში. 2019 წელი ცხინვალის რეგიონში პუშკინის წლადაც არის გამოცხადებული.

სხვა ამბები

ვინ იქნება აფხაზეთის მომავალი ლიდერი?

2019 წლის 5 თებერვალს „Российская газета“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ რუსეთის საზოგადოებრივ პალატასა და დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდთან თანამშრომლობით სოციოლოგიური კვლევა - „აფხაზეთი-2018: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“, ჩაატარა. კვლევის მიხედვით, აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგის სათავეში რუსეთის პოლიტიკური წრეებისთვის კარგად ნაცნობი და რუსეთში მოღვაწე ინალ არძინბა მოხვდა. (ინალ არძინბას შესახებ დეტალურად იხ. აქ)

რუსულ გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნებამ აფხაზეთში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. შექმნილი გაუგებრობა, სავარაუდოდ, გამოკითხვაში ინალ არძინბას უპირობო ლიდერობამ გამოიწვია. არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. მისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოღვაწეობისას საკმაოდ გავლენიან და ხისტ ჩინოვნიკად ითვლებოდა. არის მოსაზრება, რომ რუსეთში გარკვეული ჯგუფები არძინბას აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩენას ლობირებენ. სწორედ ამიტომაც, იმ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებსაც არძინბას კანდიდატურა არ მოსწონთ, მისი რეიტინგის სათავეში ყოფნა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მომხდარი გაუგებრობაც, დიდი ალბათობით, არძინბას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების გამოვლინებაა.