ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2021 / 01 / 01

გამოცემა: N24 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2020

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

2020 წლის დეკემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                          

  • კურატორები: აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ახალი წარმომადგენელი დაინიშნა.
  • კურატორებთან შეხვედრა: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს შეხვდა.
  • სამხედრო წვრთნები:  აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: მოსკოვმა და ცხინვალმა ტვირთების გადაადგილებას დე ფაქტო საზღვარზე ერთობლივად გაკონტროლება დაიწყეს.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთში რეკორდული რაოდენობის აფხაზური მანდარინი გაიტანეს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: ცხინვალში მუშაობა დაასრულა რუსეთის მიერ გამოგზავნილმა მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ.
  • განათლების სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო განათლებისა და ენის პოლიტიკის მინისტრმა ბელგოროდის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დირექტორთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
  • სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა: რუსეთი აფხაზეთს ციფრული მაუწყებლობის დანერგვაში დაეხმარება.
  • „რბილი ძალა“:  ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ ცხინვალის დე ფაქტო განათლების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა.

კურატორები

2020 წლის 7 დეკემბერს აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი პოლკოვნიკი ალექსანდრე ოპარინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. ოპარინისთვის ეს მისი ბოლო სამუშაო შეხვედრა იყო. მას პოლკოვნიკი ალექსანდრ სობოლი შეცვლის, რომელიც, ამავე დროს, აფხაზეთში რუსეთის დე ფაქტო საელჩოს წარმომადგენლობაში მრჩეველია.

კურატორებთან შეხვედრა

2020 წლის 11 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მორიგი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. რუსეთში წინა ვიზიტებისგან განსხვავებით, ეს ვიზიტი განსაკუთრებით დატვირთული იყო და 19 დეკემბერს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრების მთავარი მიზანი ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 ნოემბერს ქ. სოჭში მიღწეული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. რუსულმა და აფხაზურმა მხარემ 12 ნოემბერს აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დაამტკიცეს. პროგრამის მიზანია რუსეთის მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულყოფილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ასლან ბჟანიას შეხვედრა აფხაზეთის კურატორ დიმიტრი კოზაკთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

სამხედრო წვრთნები

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქი

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები 2021 წელს ათობით გეგმიურ საერთაშორისო სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას. ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, ალჟირი, ეგვიპტე, ინდოეთი, ყაზახეთი, პაკისტანი, თურქეთი. სწავლებაში ასევე ჩაერთვებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალებიც.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზაზე ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. ზამთრის პერიოდში სამხედრო წვრთნების პრიორიტეტად ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურის მომზადების დონის გაუმჯობესება დასახელდა.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ლიკვიდაციაში ივარჯიშეს. წვრთნის ფარგლებში სამხედროებმა აიღეს პირობითი სამხედრო დასახლება, რომელიც „ტერორისტებს“ ჰქონდათ დაპყრობილი.
  • სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლაში ივარჯიშეს. ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ დაამუშავა საერთო-საჯარისო ბრძოლის წარმოების ელემენტები, ასევე თავდაცვისა და თავდასხმის ტაქტიკა.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • ფსიქოლოგებმა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის ახალწვეულები შეამოწმეს.
  • ახალწვეულებმა დაიწყეს ინდივიდუალური მომზადების ინტენსიური კურსი, რომელიც მთიანი რელიეფის პირობებში, ტყესა და სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს.
  • სამხედრო ბაზაზე 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • არტილერისტებმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საბრძოლო სროლაში ივარჯიშეს.
  • ყუმბარმტყორცნელებმა პირობითი მოწინააღმდეგის ტანკების განადგურებაზე ივარჯიშეს.
  • სნაიპერებმა საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლებთან ბრძოლის სპეციალური კურსი გაიარეს.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა ცხინვალის რეგიონში სოციალური ინფრასტრუქტურის სადეზინფექციო სამუშაოები დაასრულეს.
  • სამხედრო ბაზის ტანკისტებმა რიგით მეშვიდე „არმიის საერთაშორისო თამაშებისთვის“ (АрМИ-2021) მზადება დაიწყეს.
  • სამხედრო ბაზის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს.

2020 წლის დეკემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

მოსკოვი და ცხინვალი ტვირთების გადაადგილებას დე ფაქტო საზღვარზე ერთობლივად გააკონტროლებენ

მოსკოვი და ცხინვალი დე ფაქტო საზღვარზე ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ერთობლივ კონტროლზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიზანია საბაჟო ბარიერების მინიმუმამდე შემცირება. ერთობლივი კონტროლი „ქვემო ზარამაგის“ გამშვებ პუნქტზე 30 დეკემბრიდან ხორციელდება. პრობლემა დიდი ხანია არსებობს, რაც რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში საქონლის შეტანას უკავშირდება, კერძოდ, ცხინვალის რეგიონის მეწარმეებს დეკლალირება და დოკუმენტების გაფორმება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო წესებით მოეთხოვებათ.

აფხაზური და რუსული საგადახდო სისტემების ინტეგრაცია დასრულდა

აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები აქტიურად იყენებდნენ რუსეთის საგადახდო სისტემის - „Мир“-ის ბარათებს. 2020 წელს „Мир“-ის ბარათებით 1.2 მლრდ რუბლის ოპერაცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემებს სამჯერ აღემატება. ასევე დასრულდა „Мир“-სა და აფხაზური „АПРА“-ს საგადახდო სისტემების ინტეგრაცია, რაც აფხაზეთში მაცხოვრებლებს АПРА «World»-ის საგადახდო ბარათების აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. „АПРА“-ს ბარათების მფლობელებმა 2020 წელს რუსეთის ტერიტორიაზე 40 მლნ რუბლი დახარჯეს, რაც 20-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. АПРА «World»-ის მფლობელებმა რუსეთის 170 ქალაქეში განახორციელეს ოპერაცია.

АПРА «World»-ის საგადახდო ბარათი. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის ვებგვერდი

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

რუსული დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში აფხაზეთისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ბაღების გაშენება, მესაქონლეობის განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდა და კადრების გადამზადება იყო.

რუსეთში რეკორდული რაოდენობის აფხაზური მანდარინი გაიტანეს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბესლან ჯოპუას განცხადებით, აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით, ყოველდღიურად, 1000-დან 1900 ტონამდე მანდარინი გადის. 22 დეკემბრის მონაცემებით, რუსეთში 32.8 ტონა მანდარინია გატანილი, რაც 1993 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. 2019 წელს 9.4 ათასი ტონა გაიტანეს, 2018 წელს კი - 13.8 ათასი ტონა.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

„მოსკოვის სახლმა“ სოფელ ფსხუს სამედიცინო მოწყობილობები გადასცა

„მოსკოვის სახლმა“, რომელიც ქალაქ სოხუმში მდებარეობს, აფხაზეთის მაღალმთიან სოფელ ფსხუს სამედიცინო მოწყობილობები გადასცა. სოფელ ფსხუს ამბულატორიას გადაეცა ინვალიდის ეტლები, ხელჯოხები, სპეციალური ლეიბები, წნევის საზომი აპარატები და სხვა.

ცხინვალში საველე ჰოსპიტალმა მუშაობა დაასრულა

17 დეკემბერს მუშაობა დაასრულა რუსეთის მიერ გამოგზავნილმა მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ, რომელიც ქ. ცხინვალში, ოქტომბრის ბოლოს განთავსდა. ჰოსპიტალში, საერთო ჯამში, 192-მა ადამიანმა იმკურნალა და 2249 PCR-ტესტი თუ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

ცხინვალის რეგიონი კორონავირუსთან ბრძოლისთვის რუსეთისგან 80 მლნ რუბლს მიიღებს

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალის რეგიონი კორონავირუსთან ბრძოლისთვის სარეზერვო ფონდიდან 79.7 მლნ რუბლს მიიღებს. ფული დაიხარჯება წამლებისა და სპეციალური მოწყობილობების შესყიდვაზე, ასევე ხელფასებს მიიღებს სამედიცინო პერსონალი.

რუსეთმა აფხაზეთს 45 ათასი ტესტ-სისტემა გადასცა

„როსპოტრებნადზორმა“ აფხაზეთის „სანეპიდემსტანციას“ 45 ათასი ტესტ-სისტემა გადასცა კორონავირუსის ინფექციის დიაგნოსტიკისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე ჩაიტანეს 15 ათასი ტესტ-სისტემა, დანარჩენი კი მათ მოგვიანებით გადაეცემათ.

განათლების სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო განათლებისა და ენის პოლიტიკის მინისტრმა ინალ გაბლიამ ბელგოროდის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დირექტორ სერგეი ბულგაკოვთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. თანამშრომლობა ითვალისწინებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ურთიერთქმედებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინჟინრების მომზადების საკითხს დაეთმო.

სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა. რუსული დელეგაციის განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ორი წელი დასჭირდება. აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა სატელევიზიო ანძებისა და ტელეცენტრების ერთობლივი მონიტორინგი განახორციელეს. შეხვედრაზე ქსელების დაპროექტებასთან დაკავშირებული ტექნიკური და სპეციალისტების მომზადების საკითხებიც განიხილეს.

რუსეთის „რბილი ძალა“

ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ, რუსეთის ფედერაციის „საელჩოს“ მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის „რუსული ენის“ ფარგლებში:

  • რეგიონის დე ფაქტო განათლების სამინისტროს 10 ათასამდე სასკოლო სახელმძღვანელო გადასცა.
  • ახალგორის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო და მეთოდური ლიტერატურა, ასევე საბავშვო მწერლების ნაწარმოებები გადასცა. ახალგორის რაიონის სკოლასა და საბავშვო ბაღს, საერთო ჯამში, 1500-ზე მეტი წიგნი გადაეცა.
  • ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის სკოლასა და საბავშვო ბაღს სასწავლო სახელმძღვანელოები გადასცა. ორჭოსანის სკოლა რამდენიმე წლის წინათ გაიხსნა რუსეთის ფედერაციის საინვესტიციო პროგრამის მხარდაჭერით. სკოლაში 70 მოსწავლეა, საბავშვო ბაღში კი - 30 აღსაზრდელი.

სოფელ ორჭოსანში წიგნები გადასცეს. წყარო: ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ვებგვერდი