ახალი ამბები

2021 წელს აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პირველი „ოფიციალური“ ვიზიტი რუსეთში დასრულდა

2021 / 04 / 26

2021 წლის 20 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიმდინარე წელს პირველი „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა რუსეთს. 2020 წელს ბჟანია შვიდი „ოფიციალური“ ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში.

სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს, 21 აპრილს, ბჟანია რუსეთის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორს გენადი გალპერინს შეხვდა. ამავე დღეს ბჟანია საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროს ალექსანდრ ნერადკოს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე ისაუბრეს, განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო აეროპორტის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოების ორგანიზება. სოხუმთან მდებარე ბაბუშერის აეროპორტის აღდგენის საკითხი ბჟანიასთვის პრიორიტეტული საკითხია. როგორც იგი აცხადებს, მოქმედი „მთავრობის“ ბედი პროექტის წარმატებულ განხორციელებაზეა დამოკიდებული.

22 აპრილს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს უფროს ალექსანდრ კოლპაკოვს და მის პირველ მოადგილეს პაველ ფრადკოვს შეხვდა. შეხვედრაში კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევიც მონაწილეობდა.

23 აპრილს ბჟანია „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ ანა პოპოვას შეხვდა. შეხვედრაზე მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე ტურისტების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამავე დღეს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა.  კოზაკი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერი საინვეტიციო  პროგრამის განხორციელების საკითხი იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ივანოვი და მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი. ნაზაროვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და საინვეტიციო  პროგრამის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. პროგრამის განხორციელების მონიტორინგის მიზნით, ნაზაროვი 15-16 აპრილს აფხაზეთშიც იმყოფებოდა.

ვიზიტის „ოფიციალური“ ნაწილის შემდეგ ბჟანია „დიდი თეატრის“ სცენაზე ნიკიტა მიხალკოვის სპექტაკლის - „12“ პრემიერას დაესწრო. სპექტაკლში მოსკოვის საბავშვო აფხაზური ქორეოგრაფიული ანსამბლის - „ამცაბზის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობდნენ. ბჟანია აფხაზეთში 26 აპრილს დაბრუნდა.

ვიზიტის პერიოდში ბჟანიამ ინტერვიუ მისცა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“-ს. ინტერვიუს ძირითადი გზავნილები იხ. აქ.

Go BackGo Back