ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ხელფასები გაიზრდება

2021 / 05 / 29

25 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი ბეკოევი მოსკოვში რუსეთის შრომის მინისტრს - ანტონ კოტიაკოვს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც ცხინვალის რეგიონში „სახელმწიფო“ და „მუნიციპალურ“ უწყებებში ანაზღაურების გაზრდას გულისხმობს. შეთანხმება გარკვეული პროცედურების შემდეგ ამოქმედდება და ხელფასების მომატება 2021 წლის 1 იანვრიდან აითვლება.

ბეკოევის თანახმად, ხელფასების მომატების შემდეგ მოცემული კატეგორიების ანაზღაურებას ასეთი სახე ექნება:

  • ექიმების საშუალო ხელფასი - 52 298 რუბლი;
  • საშუალო სამედიცინო პერსონალის ხელფასი - 26 000-27 000 რუბლი;
  • უმაღლესი პროფესიული განათლების დაწესებულებებში მასწავლებელთა ხელფასი - 54 000 რუბლი;
  • უმაღლესი პროფესიული და კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრების ხელფასი - 52 000 რუბლი;
  • ფიზკულტურისა და სპორტის დაწესებულებების მასწავლებლებისა და მწვრთნელების ხელფასი - 26 000 რუბლი.

შედეგად, ანაზღაურება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის 2017 წლის დონეს გაუტოლდება. ხელფასების გასაზრდელად შეთანხმების პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება და ხელი ორ კვირაში მოეწერება.

2021 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება ხელფასების გაზრდის ათვლა „სახელმწიფო სამოქალაქო სექტორში“ დასაქმებულთათვისაც. ამ შემთხვევაში ანაზღაურების გაზრდა დამოკიდებული იქნება მუშაობის ხანგრძლივობაზე, პოზიციასა და სხვა კრიტერიუმებზე.
 

Go BackGo Back