ახალი ამბები

რუსეთმა და ცხინვალის რეგიონმა „საჯარო სექტორში“ ხელფასების გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

2021 / 06 / 28

25 ივნისს მოსკოვში რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ანტონ კოტიაკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა - გენადი ბეკოევმა შეთანხმება გააფორმეს.  შეთანხმება რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსებით ცხინვალის რეგიონში „საჯარო სექტორში“ ხელფასების გაზრდას მოიაზრებს.

„მთავრობის“ სხდომა

28 ივნისს ცხინვალის რეგიონის „მთავრობის სხდომაზე“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელფასების ზრდისთვის საჭირო პროცედურების უმოკლეს დროში ჩატარების ბრძანება გასცა. „საჯარო სექტორში“ დასაქმებულები გაზრდილ ხელფასს უკვე შემდეგი თვიდან მიიღებენ. გაზრდილი ხელფასი 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აითვლება.

დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის - აზა ხაბალოვას თანახმად, თუ აქამდე „საჯარო სექტორის“ თანამშრომლები ანაზღაურებას რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის 2016 წლის დონეზე იღებდნენ, ახლა იგი 2021 წლის დონეს გაუტოლდება. ხელფასების ზრდის ფონზე რეგიონის „ბიუჯეტი“ 474 მლნ რუბლით გაიზრდება.

ბიბილოვის განცხადებით, აქამდე ხელფასები ჩრდილოეთ კავკასიის 2020 წლის დონემდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ მისი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ 2021 წლის დონეზე გაზრდა გადაწყდა.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ ორ „საჯარო“ სამსახურში მომუშავეებს, რომელთაც ეს მცირე ხელფასის გამო უხდებოდათ, ამიერიდან ამის უფლება აღარ ექნებათ და ერთი მუდმივი სამუშაოს არჩევა მოუწევთ.

ვის შეეხება ანაზღაურების გაზრდა

ხელფასების მატება 1 894 ადამიანს შეეხება.

  • 85 ადამიანი „საჯარო სამსახურში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს და 2020 წელს საშუალოდ 56 000 რუბლს იღებდა. 2021 წელს მათი ხელფასი საშუალოდ 105 000 რუბლს მიაღწევს.
  • 414 ადამიანი „ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში“ მუშაობს და 2020 წელს საშუალოდ 10 000 რუბლს იღებდა. 2021 წელს მათი ანაზღაურება საშუალოდ 26 000 რუბლამდე გაიზრდება.
  • 1395 ადამიანი „წარმომადგენლობით აღმასრულებელ“ სტრუქტურებში მუშაობს და 2020 წელს საშუალოდ 17 000 რუბლს იღებდა. 2021 წელს მათი ხელფასი საშუალოდ 31 000 რუბლამდე გაიზრდება.
Go BackGo Back