ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის საბანკო სისტემა: „ფინანსური სამკუთხედი“ და კავშირები დონბასთან

2021 / 07 / 06

ავტორი: ნიკა კრაწაშვილი

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში საბანკო სისტემის მართვაზე პასუხისმგებლობა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს“ აკისრია. დე ფაქტო რესპუბლიკაში დარეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან ერთს საეჭვო კავშირები აქვს კრემლთან, რომელიც მას სეპარატისტულ დონბასის  რეგიონთან ეკონომიკური ურთიერთობებისთვის იყენებს. სტატიაში განხილულია, თუ როგორ ფუნქციონირებს ცხინვალის რეგიონის საბანკო სისტემა, რამდენი კომერციული ბანკია აქ და რა კავშირი აქვთ ამ ბანკებს რუსეთთან.

„ეროვნული ბანკი“

ცხინვალის რეგიონში საბანკო საქმიანობის ფაქტობრივი მარეგულირებელი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკია“, რომელიც რეგიონის მთავარ „სახელმწიფო“ ბანკს წარმოადგენს. „ეროვნული ბანკი“, რომლის საქმიანობა ცხინვალის რეგიონის „კანონმდებლობასა“ და „კონსტიტუციას“ ეფუძნება, „საბანკო სისტემის მართვასა და მონეტარული პოლიტიკის გატარებაზეა“ პასუხისმგებელი.

„ეროვნული ბანკის“ შენობა ცხინვალში. წყარო: Sputnik 

„ეროვნული ბანკი“ 1992 წლის 7 მაისს ე.წ. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბდა და მისი საქმიანობა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეგულაციებსა და წესდებას დაეფუძნა. მოგვიანებით „ეროვნულმა ბანკმა“ საკუთარი წესდებაც დაამტკიცა. 1995 წელს „ეროვნულმა ბანკმა“ ე.წ. იურიდიული პირის სტატუსი მიიღო და ცხინვალის რეგიონის „უმაღლეს საბჭოს“ დაექვემდებარა. მის ფუნქციებში შევიდა ცხინვალის რეგიონში საბანკო სისტემის განვითარება, ფულის მიმოქცევის ორგანიზება, მონეტარული რეგულაცია და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. 2007 წელს „ეროვნულმა ბანკმა“ კომერციული ბანკების შემოწმების მექანიზმი დანერგა. 2008 წლის 15 ივლისს „ეროვნული ბანკის“ შესახებ მიღებული „კანონი“ დღესაც მოქმედია.

საიუბილეო მონეტები

2013 წლიდან „ეროვნულ ბანკს“ ახალი სახის ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე საიუბილეო და საინვესტიციო მონეტების წარმოებაც დაეკისრა. 2014-2015 წლებში გამოიცა ვერცხლის მონეტები, რომლებიც პოეტ კოსტა ხეთაგუროვს, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ 25 წლისთავსა და მეცნიერ ვასილ აბაევს ეძღვნება. 2021 წლისთვის 4 საიუბილეო მონეტის, 2022 წლისთვის კი ცხინვალის რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტის - „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 90 წლისთავისადმი მიძღვნილი მონეტის გამოცემა იგეგმება.

„ეროვნული ბანკის“ მიერ გამოშვებული საიუბილეო მონეტები. წყარო: Cominf

„Золотая Корона-სა“ და „Мир-ის“ საბანკო ბარათები

„Золотая Корона“ 2003 წლიდან მოქმედი ფულადი გადარიცხვის სისტემაა, რომელიც რუსეთის გარდა, დსთ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მოქმედებს.  ცხინვალის რეგიონის „ეროვნული ბანკი“ გასცემს „Золотая Корона-ს“ საბანკო ბარათებს და სავაჭრო და სერვის ცენტრებში ბანკომატებისა და გადახდის აპარატების განთავსებას უზრუნველყოფს. „ეროვნული ბანკის“ თანახმად, „Золотая Корона-ს“ ბარათებზე თანხის შეტანა „ეროვნული ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში შეიძლება, ხოლო საქონლისა და სერვისების შეძენისას ამ ბარათის გამოყენებას, როგორც წესი, 4-5 წამი სჭირდება.

„ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელმა ჟანა ჯიოევამ 2021 წლის აპრილში „საპარლამენტო“ სესიაზე განაცხადა, რომ 2020 წელს გაგრძელდა მუშაობა „Золотая Корона-ს“ მიკროპროცესორიანი ბარათების დანერგვაზე. მისი თქმით, ამ ბარათებს ცხინვალის რეგიონში 8 ათასზე მეტი ადამიანი ფლობს და 20 ორგანიზაცია ამ სისტემით გასცემს ხელფასებს. ჯიოევამ ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა იგეგმება.

ჯიოევას თქმით, „ეროვნული ბანკი“ 2019 წელს რუსულ საგადახდო სისტემა „Мир“-ს შეუერთდა და მის ბარათებს აქტიურად იყენებენ, როგორც უბრალო „მოქალაქეები“, ისე რუსეთის მოქალაქეობის მქონე პენსიონერები რუსული პენსიის მისაღებად.

ცხინვალის რეგიონში პირველი ბარათი „Золотая Корона“ იყო, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს „ეროვნული ბანკის“ იმდროინდელმა თავმჯდომარე ფელიქს ზასეევმა (2012-2020 წწ.) განაცხადა, რომ ნელ-ნელა მისი „Мир-ით“ შეცვლა მიმდინარეობდა.

„Золотая Корона“ და „Мир“. წყარო: Okchanger, Paymentscardsandmobile

2020 წლიდან „Мир-ის“ სისტემა ხელფასების გასაცემად ხუთ ორგანიზაციაში დაინერგა. „საბიუჯეტო უწყებები“ „Мир-ზე“ ეტაპობრივად გადადიან. ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 3 000 „Мир“ ბარათია გაცემული.

ცხინვალის რეგიონში ვალუტებს შორის მხოლოდ დოლარისა და ევროს კონვერტაციაა შესაძლებელი, ხოლო გაცვლითი კურსი, ცხინვალის რეგიონში რუბლის გამოყენების გამო, რუსეთის ცენტრალური ბანკის კურსზეა დამოკიდებული.

სესხები

„ეროვნული ბანკი“ სესხებს ე.წ. სახელმწიფოზე, კომერციულ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე გასცემს. მართალია, კერძო პირებზე სესხის გაცემის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ თანამშრომლებზე გამონაკლისი მაინც დაიშვება. სესხი სამწლიანია.

ჯიოევას განცხადებით, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დროს, ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების გამო, სესხების გადახდისუნარიანობა შემცირდა და ვადაგადაცილებული სესხები მრავლად დაგროვდა. აღინიშნა ისიც, რომ სარეზერვო ფონდის ლიმიტი 120 მლნ რუბლს შეადგენდა, ხოლო, ფაქტობრივად, ფონდი 134 მლნ რუბლს მოიცავდა.

ბანკომატები

როგორც ჯიოევამ აღნიშნა, ცხინვალის რეგიონში 11 ბანკომატი მუშაობს, რომელთაგან რვა ცხინვალში, სამი კი - რაიონებშია. ივნისში ერთი ბანკომატი კვაისაში გაიხსნა, ასევე იგეგმება რამდენიმე ბანკომატის გახსნა  ცხინვალშიც.

„საერთაშორისო“ თანამშრომლობა

2018 წელს, ცხინვალში, „ეროვნულ ბანკსა“ და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალურ რესპუბლიკურ ბანკს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც ცნობილია, დონბასის  სეპარატისტული რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ ცხინვალის რეგიონმა 2014 წელს „აღიარა“, ხოლო მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან“ 2017 წელს, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან“ კი 2018 წლის ბოლოს დაიდო.

კომერციული ბანკები ცხინვალის რეგიონში

„ეროვნული ბანკის“ მონაცემების თანახმად, ცხინვალის რეგიონში სულ 3 კომერციული ბანკია „ოფიციალურად“ დარეგისტრირებული:

  1. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სააქციო შემნახველი ბანკი“ („Акционерный сберегательный банк Республики Южная Осетия”);
  2. „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ („Международный Расчетный Банк“);
  3. „განვითარების რესპუბლიკური ბანკი“ („Республиканский Банк Развития“).

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სააქციო შემნახველი ბანკი“

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სააქციო შემნახველი ბანკი“ (იგივე „Сбербанк“) ცხინვალის რეგიონში 2006 წელს დარეგისტრირდა. მას საბანკო „ლიცენზია“ 2006 და 2013 წლებში აქვს მიღებული. „ეროვნული ბანკის“ მსგავსად, ბანკის მისამართი ცხინვალში სტალინის ქუჩა 20-ია. 2019 წელს ბანკმა ვებგვერდიც აამოქმედა.

ბანკის „ოფიციალურ“ საიტზე ვკითხულობთ, რომ იგი უნივერსალური ბანკია, რომელიც კლიენტებს ფართო სპექტრის საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებებს სთავაზობს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბანკის დამფუძნებლად და ერთადერთ მფლობელად ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოა“ დასახელებული, რომელიც, თავის მხრივ, „ეროვნული ბანკის“ სახითაა წარმოდგენილი.

„სააქციო შემნახველი ბანკი“ ცხინვალში. წყარო: Sberbankruo

„სააქციო შემნახველი ბანკი“ დე ფაქტო სამთავრობო პროგრამებში, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეღავათიანი სესხების გაცემის პროგრამაში მონაწილეობს. საგულისხმოა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნახევარი აღნიშნული ბანკით სარგებლობს.

„ეროვნული ბანკის“ საიტზე არსებული მონაცემებით, ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ნოდარ გაზაევია, მაგრამ თავად ბანკის ვებგვერდის თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე ჟანა ჯიოევაა, რომელიც, 2020 წლიდან მოყოლებული, ამავდროულად, „ეროვნული ბანკის“ თავმჯდომარედაც გვევლინება.

„საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“

„ეროვნული ბანკის“ თანახმად, „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ ცხინვალის რეგიონში 2015 წლის 15 მაისს დარეგისტრირდა და საბანკო „ლიცენზიაც“ ამავე დღეს მიიღო. ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ვასილი შადიანია. „ეროვნული ბანკისა“ და „სააქციო შემნახველი ბანკის“  მსგავსად, მისი მისამართი ქალაქი ცხინვალი, სტალინის ქუჩა 20-ია. ბანკის ოფისი იმავე შენობის მეორე სართულზეა, რომელშიც „ეროვნული ბანკი“ და „სააქციო შემნახველი ბანკია“ განთავსებული.

სტალინის ქ. 20, ქალაქი ცხინვალი. წყარო Yandex.ru

ბანკის წარმომადგენლის, ოლეგ ძგოიევის, განმარტებით, „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ ცხინვალში „ორმა ბენეფიციარმა“ დააფუძნა, 2018 წლისთვის მისი კაპიტალი 60 მილიონ რუბლს წარმოადგენდა. ძგოიევმა Meduza-ს წარმომადგენელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბანკის ყოველწლიური ბრუნვა მლრდ რუბლზე ნაკლები იყო. მისი თქმით, რაკი ფინანსების მიმოქცევა ინტერნეტით ხორციელდება, ბანკის მომხმარებლების ყოფნა ცხინვალში აუცილებელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“, 33 მლნ რუბლზე მეტი გადასახადის გადახდით, ცხინვალის რეგიონის ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი იყო.

როგორც Meduza-ს 2018 წლის ოქტომბრისა და Washington Post-ის 2018 წლის ნოემბრის ჟურნალისტური გამოძიებები ცხადყოფს, ცხინვალში „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ საგანგებო შავი სქემისთვის შეიქმნა.

იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკები ფორმალურად არ უღიარებია, მათთან საბანკო ოპერაციების გზით ვაჭრობის წარმოება მინსკის შეთანხმების ცალსახად დარღვევასა და დასავლეთის სანქციებს გამოიწვევდა. პრობლემის გადასაჭრელად კრემლს შემოვლითი გზის მოძიება მოუხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“ 2014 წელს რუსეთის დავალებით „აღიარა“, რითაც მან უკრაინის სეპარატისტულ რესპუბლიკებთან საბანკო კავშირების დაუფარავად დამყარების შესაძლებლობა მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, მასთან საბანკო ტრანზაქციების წარმოებაც ღიად შეუძლია. შედეგად, ფინანსური „სამკუთხედის“ შეკვრის შესაძლებლობა შეიქმნა.

„საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ შუამავლობით, დონეცკისა და ლუგანსკის სამმილიონიანი „რესპუბლიკები“ რუსეთისგან იძენენ საწვავს, საკვებს, სამშენებლო მასალას და რუსეთში ყიდიან საკუთარ პროდუქციას. პროდუქციის ტრანსპორტირება ძირითადად სატვირთო მანქანებით ხორციელდება.

დონბასის, ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფინანსური „სამკუთხედი“. წყარო: Spektr ან Washington Post

რადგან უკრაინამ დონეცკი და ლუგანსკი საბანკო ბლოკადაში მოაქცია, მათი ორასზე მეტი კომპანია ცხინვალის რეგიონშია დარეგისტრირებული. რუსეთის მოთხოვნით, ამ კომპანიებს ცხინვალის რეგიონში სპეციალური საგადასახადო რეჟიმი დაუწესდათ. ეს კომპანიები ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ მოგების 1%-ს იხდიან, რამაც, 2017 წელს ჯამში 20 მლნ რუბლი შეადგინა.

დონბასის რეგიონის უმსხვილესი სამრეწველო კომპანია „ვნეშტორგსერვისი“ სწორედ ცხინვალშია დარეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ქ. ლუგანსკში მდებარე ე.წ. „ლუგანსკის ცენტრალური რესპუბლიკური ბანკის“ შენობაში „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ წარმომადგენლობის ოფისი 2015 წელს გაიხსნა.

2018 წლის სექტემბერში „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ ერთ-ერთი გახდა ორ ბანკს შორის, რომელსაც „რესპუბლიკაში“ საქმიანობის უფლება მიენიჭა.

2020 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი დონბასის სეპარატისტებს ცხინვალის შუამავლობით 30 მლრდ რუბლით აფინანსებდა.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ ცხინვალის რეგიონში აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში და სპორტის განვითარებასაც უწყობს ხელს. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ობლებს და სკოლის დამთავრების შემდეგ ობოლ ბავშვებს ფინანსურ საჩუქრებსაც უკეთებს. ღონისძიებებზე ხშირად ჩნდება თავად ბანკის გამგეობის თავმჯდომარე - ვასილი შადიანი. 2021 წელს, მაგალითად, საბანკეტო სამოსის შესაძენად ბანკმა 58 სკოლადამთავრებული დააფინანსა. ბანკის განცხადებით, 2015 წელს ბანკის დაარსებიდან მოყოლებული, ტრადიცია არ ირღვევა და საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხები ყოველ წელს იზრდება.

„განვითარების რესპუბლიკური ბანკი“

 „განვითარების რესპუბლიკური ბანკი“ („Республиканский Банк Развития“, იგივე „РБР-Банк“) ცხინვალის რეგიონში 2015 წელს დარეგისტრირდა და საბანკო „ლიცენზიაც“ ამავე წელს მიიღო. „ეროვნული ბანკის“ ვებგვერდზე მისი გამგეობის თავმჯდომარედ ბათრაზ ჯიოევია მითითებული, ხოლო მისამართად - ცხინვალი, გმირთა ქუჩა 3.

2018 წელს ბანკს საბანკო საქმიანობის „ლიცენზია“ შეუწყდა. „ეროვნული ბანკის“ ეს გადაწყვეტილება ახსნილია ბანკის უუნარობით, საბანკო საქმიანობის განხორციელებისას დამორჩილებოდა „რესპუბლიკის კანონმდებლობას“ და საკუთარი რეზერვის ავტორიზებული კაპიტალის მინიმუმზე ქვემოთ დაცემა აერიდებინა.

ნათქვამია ისიც, რომ „ეროვნული ბანკის“ ზედამხედველობის მიუხედავად, ბანკის მფლობელებმა და მენეჯმენტმა ეფექტური ღონისძიებები არ გაატარეს, რასაც ბანკის აღმასრულებელი პირების უფლებამოსილების შეჩერება და ბანკის საქმიანობის შეწყვეტა მოჰყვა.

ბანკები ცხინვალის რეგიონში. წყარო: Bank-Ossetia, Sberbankruo, Spektr

Go BackGo Back