ახალი ამბები

ბჟანია მოსკოვში კურატორს შეხვდა

2021 / 07 / 29

მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და ამ მიმართულებით ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

შეხვედრაზე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე დახმარების, ვაქცინის ახალი პარტიის მიწოდების, ივლისში სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციაში დახმარებისა და რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ბჟანია ასევე შეხვდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს იგორ მასლოვს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კურირებს.

ბჟანია მოსკოვს სამუშაო ვიზიტით აპრილსა და მაისშიც ესტუმრა. 2020 წელს ბჟანია შვიდი „ოფიციალური“ ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში.

Go BackGo Back