ახალი ამბები

ბჟანიას სამუშაო ვიზიტის მეორე დღე მოსკოვში

2021 / 07 / 30

მოსკოვში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის მხრიდან დე ფაქტო ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფის ოპტიმიზაციის საგზაო რუკის განხორციელებისა და აფხაზეთის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების საკითხები განიხილეს.

ამავე დღეს ბჟანია უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა, რომელიც უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

ბჟანიას სამუშაო ვიზიტი მოსკოვში 29 ივლისს დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და ამ მიმართულებით ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ამავე დღეს ბჟანია ასევე შეხვდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს იგორ მასლოვს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კურირებს.

ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვს აპრილსა და მაისშიც ესტუმრა. 2020 წელს კი, ბჟანია შვიდი „ოფიციალური“ ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში.

Go BackGo Back