ახალი ამბები

ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში: ვის შეხვდა და რაზე ისაუბრა

2021 / 11 / 03

ავტორი: ნიკა კრაწაშვილი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოქტომბერში ორი „ოფიციალური“ ვიზიტით  იმყოფებოდა მოსკოვში.

8-16 ოქტომბრის ვიზიტის ფარგლებში ბჟანიამ რუსეთის ოფიციალურ პირებთან ძირითადად 2023-2025 წლების რუსეთის საინვესტიციო პროგრამის საკითხებზე ისაუბრა (ვრცლად ვიზიტის შესახებ იხ. აქ).

შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

ბჟანიას მორიგი ვიზიტი მოსკოვში 25 ოქტომბერს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდა. ვიზიტის პირველ დღეს ბჟანია, მისი „ადმინისტრაციის“ უფროსის მოადგილე ვალერი პაპბა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდნენ. „მხარეებმა“ 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული თემები მიმოიხილეს.

შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან

ბჟანიას შემდგომი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან შედგა. როგორც ცნობილია, ნურგალიევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდი გავლენით სარგებლობს. „მხარეებმა“ ფსოუს „გამშვები პუნქტის“ მუშაობაზე, „სასაზღვრო“ უსაფრთხოებასა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან

ბჟანია, პაპბა და ოზგანი, ასევე, შეხვდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკსაც, რომელთან ერთადაც ენერგო მოწოდების ოპტიმიზაციის გზამკვლევი და აფხაზეთის გაზიფიკაციის ზოგადი სქემა განიხილეს.

შეხვედრა ტრანსპორტის მინისტრთან

მოსკოვში ვიზიტის მიწურულს ბჟანია და ოზგანი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს, ვიტალი საველიევს შეხვდნენ. შეხვედრაზე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება-მოდერნიზებაზე, აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის განახლებასა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრა სპორტის მინისტრთან

ვიზიტის დასასრულს კი ბჟანია რუსეთის სპორტის მინისტრ ოლეგ მატიცინს შეხვდა, რომელთანაც საუბარი აფხაზეთში სპორტული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების, სასკოლო, სტუდენტური და უმაღლესი კატეგორიის სპორტის საკითხების ირგვლივ წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ბჟანიას სპორტის სახელმწიფო მუზეუმში ექსკურსიაც მოუწყეს.

ვიზიტის შეჯამება

აფხაზურ ტელევიზიასთან 2 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში ბჟანიამ მოსკოვში ვიზიტის შედეგები წარმოადგინა. ბჟანიას თანახმად:

  • ტურისტების მზარდი რაოდენობის ფონზე საკმარისი პროდუქციის წარმოების მიზნით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოსაზიდად რუს კოლეგებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.
  • აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ბოლო პარამეტრები ჯერ კიდევ მოლაპარაკების დონეზეა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობას, ასევე, „საჯარო“ სექტორში დასაქმებულთა ხელფასის ზრდის თანადაფინანსებას ისახავს მიზნად. 2025 წლისთვის აფხაზეთის „საჯარო მოხელეთა“ მთავარი კატეგორიის საშუალო ხელფასი კრასნოდარის მხარის დღევანდელ მაჩვენებელს უნდა გაუტოლდეს, რაც თვიურად 40 ათას რუბლს გულისხმობს. აფხაზეთში დაახლოებით 13 ათასი „საჯარო მოხელეა“.
  • გაგრძელდება მოლაპარაკებები აფხაზეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად რუსულ-აფხაზური ფონდის შექმნის შესახებ, რაც ყირგიზეთისთვის შექმნილი ფონდის ანალოგიური იქნება.
  • მოსკოვში საუბარი შეეხო მეწარმეებისთვის შეღავათიანი სესხის გაცემის პროგრამის გაგრძელებასაც. პროგრამა რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და მისთვის 1.2 მლრდ რუბლი იყო გამოყოფილი. 2022 წლის მეორე ნახევრიდან პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება. ბიზნეს გეგმებს ჯერ „ეკონომიკის სამინისტრო“, საბოლოოდ კი კრედიტორი ბანკები დაამტკიცებენ.
  • მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მოწოდების საკითხს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეჭირა. ელექტროენერგიის დეფიციტი კრიპტოვალუტების ფართომასშტაბიან არალეგალურ გამომუშავებას უკავშირდება. უკანონო მაინინგი ტყვარჩელში, გალში, გაგრასა და ტამიშში უკვე აღმოიფხვრა. ასევე, ტექნოპარკის ფარგლებში კრიპტოვალუტების ლეგალური გამომუშავება გახდება შესაძლებელი. გასული წლის ელექტროენერგიის თანხა რუსეთის ბიუჯეტიდან დაიფარა, მაგრამ ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება.
  • რუსეთში ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ფსოუს „გამშვებ პუნქტზე“ დიდი რიგების საკითხიც. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსებით სამი წლის ვადაში „გამშვებ პუნქტს“ კაპიტალურად გარდაქმნიან და გააფართოვებენ.
  • მოსკოვში გაზიფიკაციის საკითხზეც იყო საუბარი და „აქ ყინული დაიმსხვრა“.
  • საუბარი შეეხო სოხუმის აეროპორტისა და ფრენების აღდგენასაც. სავარაუდოდ, აფხაზეთს საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა დასჭირდება, რაც გაწვრთნილ ეკიპაჟს მოითხოვს, მათი მომზადება ან გადამზადება კი 1.5 წელიწადს საჭიროებს. შესაბამისი ადამიანური რესურსების მობილიზება და გაწვრთნა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. საკითხის ირგვლივ სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.
  • ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტულია. აღმოსავლეთ აფხაზეთში ინვესტორის მიერ განხორციელებულმა პროექტმა 180 სამუშაო ადგილი შექმნა, რომელთაგან 150 აფხაზებმა დაიკავეს, ხოლო ხელფასები აქ ტურიზმის სექტორში ყველაზე მაღალია. მსგავსი პროექტების განხორციელებას ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და გზები აფერხებს. პრობლემებია ენერგეტიკის, ასევე, სამკურნალო სექტორში. გამოწვევაა ზღვის წყლის სისუფთავის შენარჩუნება და წყალმომარაგების უზრუნველყოფა. ქალაქის მოსახლეობისთვის წყლის ხშირი შეწყვეტა არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოს მიზეზით ხდება, რისთვისაც შენიშვნები როგორც მოსახლეობისგან, ისე რუსი პარტნიორებისგანაც მოდის.
  • მას შემდეგ რაც სამუშაოები სწრაფად და ეფექტურად გაიწევა, რუსეთის დაფინანსებაც გაიზრდება. თუკი ერთი წლისთვის განკუთვნილი დაფინანსება 6 თვეში გაიხარჯება, აფხაზეთს მეტის მოთხოვნის უფლება ექნება.
  • მოსკოვში შეხვედრაზე საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პროგრესზე გაიმართა საუბარი. აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის რუსეთის მხარდაჭერა „დღეს დომინანტურია“, ეკონომიკური პროექტების უმრავლესობა რუსეთსა და რუსულ-აფხაზურ საწარმოებს უკავშირდება. ბიზნეს კონტაქტებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სერიოზული საგადასახადო შემოსავლები მოაქვს.
  • აღსანიშნავია, რომ ბიჭვინთაში ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება. საუბარი იყო მასში მოსკოვის მერიის ჩართვაზე, თუმცა მან უარი თქვა და ამიტომ პროექტით დაკავდება ცნობილი ბიზნესმენი, კრასნოდარის მხარის ყოფილი მმართველი ალექსანდრ ტკაჩევი. ინვესტიცია 5 წლის განმავლობაში 20 მილიარდი რუბლის დაბანდებას გულისხმობს. პროექტი დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილს შექმნის და საშუალო ხელფასი 50 ათასი რუბლი იქნება. საკუთრებისა და სარგებლის გადასახადების გარეშეც კი, მხოლოდ ხელფასებიდან ბიუჯეტის შემოსულობები თვეში დაახლოებით 23 მილიონს, წელიწადში კი დაახლოებით 280 მილიონ რუბლს გაუტოლდება, მაშინ როცა გაგრას მთლიანი ბიუჯეტი 450 მილიონი რუბლია.

 

Go BackGo Back