ახალი ამბები

რუსი კურატორები ცხინვალს ესტუმრნენ

2021 / 11 / 26

24 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები იყვნენ: უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი და მისი მოადგილე ვიქტორ შარგაევი.

ვიზიტის პირველ დღეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ენერგოუსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2022-2025 წლების პროგრამის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის მეორე დღეს ბიბილოვმა მასლოვთან სოციალურ-ეკონომიკური თანაშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილა. შეხვედრას ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდა. მასლოვის განცხადებით, პროგრამის მიზანია 2025 წლისთვის ცხინვალის რეგიონმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ეკონომიკურ მაჩვენებლებს მიაღწიოს. ამავე დღეს, ბიბილოვმა სტუმრებთან ერთად გმირების ქუჩაზე რუსეთის დაფინანსებით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი საზეიმოდ გახსნა. ბიბილოვმა მასლოვთან ერთად სოფ. ფრისში ბაზალტის ქარხნის მშენებარე ობიექტიც შეამოწმა. მასლოვი შარგაევთან და კულახმეტოვთან ერთად დე ფაქტო პარლამენტის წევრებსაც შეხვდა.

ნურგალიევმა ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა, მათ შორის „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვის საკითხზე გამართა შეხვედრა.

რუსი კურატორების ვიზიტის ფარგლებში, 26 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებას გააუმჯობესებს. ღონისძიებას რუსეთის დელეგაციაც დაესწრო.

Go BackGo Back