ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა: შეფასებები

2021 / 11 / 28

ავტორი: სალომე აბრამიშვილი

2021 წლის 18 ნოემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა ჩატარდა ერგნეთში.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გადაკვეთის პუნქტების დახურვა და სხვა შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უახლეს მოვლენებზე, დაკავებების შემთხვევებზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ ვითარებასა და კოვიდ-19 პანდემიის შედეგებზე. შეხვედრის თანაფასილიტატორებმა დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ყველა ძალისხმევას გადაადგილების მეტი თავისუფლების აღდგენის მიზნით. მათ შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდეს, გამოიყენონ პრაგმატული და ჰუმანიტარული მიდგომა დამდეგი დღესასწაულების პერიოდში.

თბილისის შეფასება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განაცხადებით, შეხვედრაზე თბილისმა სოფ. კირბალის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი დააყენა. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ინსულტის გამო 17 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ანთაძემ ბესტაევს „ოკუპაციის მსხვერპლი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ მოითხოვეს ინფორმაცია წინა დღეებში ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქართული მხარის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქართველების უკანონო დაკავება განსაკუთრებით სახიფათოა და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

ცხინვალის რეგიონის შეფასება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შედეგების შესახებ მოხსენება „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“, „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა“, იგორ კოჩიევმა გააკეთა. მისი განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა იყო სოფ. წნელისში არსებული ვითარება. კოჩიევის თქმით, სოფ. წნელისში ქართული პოლიციის საგუშაგო „უკანონოა“ და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთლიანად რეგიონს. „დელეგაციის ხელმძღვანელმა“ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მიმოიხილეს ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები. ჯამში, ამ ხნის განმავლობაში,  სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის 17 ფაქტი დაფიქსირდა. გარდა ამისა, კოჩიევის თქმით, ქართულმა მხარემ „ნაწილობრივ აღიარა“ საქართველოს ტერიტორიიდან უპილოტო მფრინავი აპარატების მიერ გამყოფი ხაზის დარღვევის ფაქტი, რადგან მათ აღნიშნეს, რომ ეს ხდება ექსკლუზიურად საქართველოს ტერიტორიაზე.

კოჩიევის თქმით, თბილისი ცდილობს, საქართველოს მოქალაქის, გენადი ბესტაევის შეწყალების საკითხის პოლიტიზებას, რომლის მიმართაც „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ“ ყველაზე „ჰუმანური“ მიდგომა გამოიჩინა. ბესტაევი საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ გამოაცხადა, რომ იგი ჯანმრთელობის მიზეზების გამო შეიწყალა და ქართულ მხარეს გადასცა. კოჩიევმა უარყო ქართული მხარის ბრალდება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს ცხინვალის ციხეში არასათანადოდ ექცეოდნენ, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის“ ვარაუდით, „თბილისი ამ საქმეს პოლიტიკურ იარაღად დიდ ხანს გამოიყენებს.“

მხარეები 2022 წლის 20 იანვარს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

 

Go BackGo Back