ახალი ამბები

ლავროვი-მედოევი-არძინბა: შეხვედრა სოჭში

2021 / 12 / 23

ავტორი: ანი ზირაქაშვილი

2021 წლის 20 დეკემბერს ქალაქ სოჭში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს, შესაბამისად, დიმიტრი მედოევსა და ინალ არძინბას შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. ერთობლივ შეხვედრას უსწრებდა ლავროვის პირადი შეხვედრები ჯერ მედოევთან, შემდეგ კი - არძინბასთან.

ლავროვი-მედოევის შეხვედრა

კორონავირუსთან ბრძოლა

მედოევთან შეხვედრის დროს ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს ცხინვალის რეგიონის დახმარებას კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ თვალსაზრისით მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ გაგზავნილ ექიმებსა და ვაქცინაზე, რომელთა წყალობით რეგიონში დაინფიცირებულთა რაოდენობამ კლება დაიწყო. რუსმა მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა სავაჭრო ბრუნვა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თითქმის 70%-ით გაიზარდა. ლავროვის თქმით, მალე შესაძლებელი იქნება, რომ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს.

თანამშრომლობის განვითარება

მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, რომლებიც ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს ეფუძნება: 2008 წლის 17 სექტემბრის შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ და 2015 წლის 18 მარტის შეთანხმებას მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული დონის პრობლემებიც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კავკასიის უსაფრთხოების საკითხზე, კერძოდ, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს მზარდ სამხედრო აქტივობებზე.

თავის მხრივ, მედოევმა ხაზი გაუსვა რუსეთის გადამწყვეტ როლს ცხინვალის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მან მადლიერება გამოთქვა ლავროვთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის და დარწმუნებით განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის თანამშრომლობას. ამ თვალსაზრისით მხარეებმა პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცების მზადყოფნა გამოთქვეს.

საჩუქრები

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.  

ლავროვი-არძინბას შეხვედრა

თანამშრომლობის განვითარება

ამავე დღეს სერგეი ლავროვი ინალ არძინბასაც შეხვდა. საგარეო საქმეთა „მინისტრის“ ამპლუაში ეს არძინბას პირველი ვიზიტი იყო რუსეთში. მათ რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. რუსეთმა აფხაზეთთან პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების უკეთ განვითარების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცებისთვისაც მზადაა. მხარეებმა რეგიონში ნატოს გააქტიურებაზე, შავ ზღვაში წვრთნებსა და საქართველოს სწრაფ მილიტარიზაციაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თავის მხრივ, არძინბამ რუსეთისადმი მადლიერება გამოთქვა აფხაზეთის უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება - არძინბას თქმით, ეს ფორმატი ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც აფხაზეთს საერთაშორისო წარმომადგენლობა ჰყავს.

ერთობლივი მედიაცენტრი

არძინბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო პოლიტიკის გეგმებზეც ისაუბრა. მხარეებმა გააჟღერეს საგარეო საქმეთა სამინისტროების ბაზაზე ერთობლივი მედიაცენტრის დაარსების ინიციატივა, რაც აფხაზეთის ინტერესების წინ წაწევასა და მის წინააღმდეგ „საინფორმაციო პროვოკაციაზე“ სწრაფ რეაგირებას ისახავს მიზნად.

საინვესტიციო პლატფორმა

მედიაცენტრის შექმნის გარდა, ასევე განიხილეს აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტის დაახლოების პერსპექტივაც. ამ თვალსაზრისით გაჟღერდა აფხაზეთის საინვესტიციო პლატფორმის შექმნის იდეა. პლატფორმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში იმოქმედებს, აფხაზეთის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციას შეეცდება და რუსული ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს.

ევრაზიული ინტეგრაცია

რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დასახელდა აფხაზეთის ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა გაერთიანებაში, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია უჭერს მხარს. არძინბამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საერთო ჯამში, არძინბამ დადებითად შეაფასა რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და ეფუძნება 200-მდე შეთანხმებას, რომლებიც „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინს შორის არის გაფორმებული.

საჩუქრები

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს - არძინბამ ლავროვს გადასცა ტრადიციული აფხაზური ხელნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტი აჩამგური, ხოლო ლავროვმა კი არძინბას უსაჩუქრა გრავიურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გამოსახულებით.

სამმხრივი შეხვედრა

ამავე დღეს გაიმართა მედოევის, ლავროვისა და არძინბას სამმხრივი შეხვედრაც, რომლის დროს რუსმა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „სახელმწიფოს მშენებლობის“ პროცესში დახმარება გაუწიოს, კერძოდ, განამტკიცოს მათი უსაფრთხოება, დაეხმაროს სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული სფეროების განვითარებაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამიერკავკასიაში უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ჟენევის დისკუსიების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

მხარეებმა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სოხუმისა და ცხინვალის მიერ საერთაშორისო კავშირების განვითარება დაასახელეს და ამ თვალსაზრისით „3+3“ პლატფორმაზეც ისაუბრეს.

Go BackGo Back