ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 104-ე შეხვედრა: შეფასებები

2022 / 01 / 28

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წლის 20 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 104-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა რიგით პირველ საკითხად თვითნებური დაკავებების რიცხვის ბოლო დროინდელი განსაკუთრებული ზრდა  წამოაყენეს, რაც მათი აზრით პირდაპირ კავშირშია გამშვები პუნქტების გაჭიანურებულ ჩაკეტვასა და კოვიდ პანდემიის გავლენასთან, რაც კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების განსხვავებულ სეგმენტში - ქალების, მამაკაცების, ბავშვებისა და მოხუცების შემთხვევაში, განსხვავებული სპეციფიკით ვლინდება. ევროპელმა დიპლომატებმა ორივე მხარეს განსახილველ ყველა საკითხთან ჰუმანიტარული მიდგომისკენ მოუწოდეს.

თბილისის შეფასება

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის მხრიდან ორი ძირითადი საკითხი დადგა დღის წესრიგში. ქართულმა მხარემ მტკიცედ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლება და განსაკუთრებული ორიენტირი დაისვა „ბორდერიზაციის“ პროცესის ინტენსივობის გაზრდაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ოსურ მხარესთან კონკრეტული საკითხების გაჟღერებით საკმაოდ ლაკონური დიალოგი შედგა. ქართულმა დელეგაციამ პასუხები მოითხოვა კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ბოლოდროინდელ პროცესებსა და ყოფილი სამხედროს, უკანონო პატიმრობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კირბალის საკითხზე ოსური მხარისაგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გაჟღერებულა იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავდა დატანილი თეთრი მონიშვნები და არის თუ არა მიმდინარე საქმიანობა „ბორდერიზაციის” კიდევ ერთი უკანონო ტალღა. ქართულ მხარეს კონკრეტული ინფორმაცია არც უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით განსახორციელებელ შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით მიუღია, თუმცა ანთაძის განცხადებით, „ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში”.

მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღინიშნა, რომ ცხინვალის ციხეში მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ანთაძე სარწმუნოდ მიიჩნევს.

ცხინვალის შეფასება

„პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“, „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა“, იგორ კოჩიევმა ჟურნალისტებთან IPRM შეხვედრის დღის წესრიგი მიმოიხილა და იქ გაჟღერებულ მთავარ საკითხებზე ისაუბრა.

ცხინვალის მხრიდანაც ორ ძირითად, ყველაზე აქტუალურ - ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხებს გაესვა ხაზი.

ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის მოთხოვნა უკვე მრავალი შეხვედრაა ცირკულირებს და პრიორიტეტი არც 104-ე შეხვედრაზე დაუკარგავს. კოჩიევი შეფასებისას აღნიშნავს, რომ მოთხოვნების მიუხედავად საკითხის მოსაგვარებლად ქართულ მხარეს ნაბიჯი არ გადაუდგამს, საგუშაგო კი საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს, შესაბამისად კიდევ ერთხელ გაჟღერდა საგუშაგოს აღების მოთხოვნა. აღნიშნულ პუნქტთან ერთად საკითხი დაისვა კიდევ „რამდენიმე” ქართულ საგუშაგოზე, რომლებიც, კოჩიევის თქმით სრულად აღიჭურვნენ და სადაც ბოლო პერიოდში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების თავმოყრა შეინიშნება.

ოსური მხარის მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხს უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდება წარმოადგენდა, რამაც წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მეტი კონკრეტიკა შეიძინა. კოჩიევმა დაასახელა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს მიერ გაშვებული აერო-გადაღების კამერები და მას „პირდაპირი გზა ინციდენტისკენ” უწოდა. ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით, ქართული მხარისგან პასუხად კიდევ ერთხელ მტკიცედ დაისვა მისი ხელშეუხებლობის საკითხი, აერო-გადაღების კამერებთან მიმართებით კი ანთაძემ ბრალდება სრულად უარყო და განაცხადა, რომ მათი ფრენის არეალი არ სცდება ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას.

მხარეების შეთანხმებით მომდევნო, 105-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 4 მარტს გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back