ახალი ამბები

ოჩამჩირის პორტი: კონტრაბანდა, ქვანახშირის ტრანსპორტირება და რუსეთის გავლენა

2022 / 02 / 04

ავტორი: გიორგი ბეროშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შავი ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) და მათი პარტნიორებისთვის, მეორე მხრივ კი, რუსეთისთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვას საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში აქ განლაგებული პორტები რუსეთის საზღვაო სამხედრო უპირატესობას გაზრდიან. ამის გათვალისწინებით, საინტერესო ხდება შავ ზღვაში საქართველოს როლისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საზღვაო ობიექტების  შესწავლაც, რომელთა შორისაცაა ოჩამჩირის პორტი. ამ სტრატეგიულმა პუნქტმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ყურადღება ორი მიზეზის გამო მიიქცია - 2009 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, აქ რუსული სანაპირო დაცვის ხომალდები განლაგდა, ხოლო მომდევნო წლებში გაიზარდა კონტრაბანდული საქონლის გადაზიდვის შემთხვევები. შესაბამისად, წინამდებარე სტატია მოკლედ მიმოიხილავს პორტის ისტორიას, ასევე პორტის თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

პორტის მდებარეობა და ინფრასტრუქტურა

ოჩამჩირის პორტი ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მოქვსა და ჯუყმურს შორის ხელოვნურად შექმნილ ყურეში მდებარეობს. ამჟამინდელი მონაცემებით, პორტის სიღრმე 9 მეტრამდეა გაზრდილი და მას ჯამში 10 საპატრულო გემის (პორტში 10-მდე „სობოლისა“ და „მანგუსტის“ კლასის სანაპირო დაცვის გემი/კატერი დგას) მიღება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბაქანზე. პორტის ჩრდილოეთ ნაწილში ასევე განლაგებულია ნავსადგომი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც შესაძლებელია გემების ტვირთით შევსება ან შეკეთება. ამავე სატვირთო პლატფორმას უკავშირდება სარკინიგზო ლიანდაგიც. აღსანიშნავია, რომ პორტის განვითარება და ინფრასტრუქტურის აღჭურვა 2009 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეს სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ გადავიდა. საყურადღებოა ჩრდილოეთ ბაქანთან არსებული ქვანახშირით დაბინძურებული სატვირთო სივრცეც (იხ. სურათი).


ოჩამჩირის პორტი 2006 წელს (წყარო: Google)

ოჩამჩირის პორტი 2017 წელს (წყარო: Google)

პორტის ისტორია საბჭოთა პერიოდში

რაც შეეხება ოჩამჩირის პორტის ისტორიას, 1923 წლიდან აქ ბათუმის შავი ზღვის სასაზღვრო გემების დანაყოფი იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოჩამჩირეს ქალაქის სტატუსი 1926 წლამდე არ ჰქონდა. პორტის განვითარება 30-იან წლებში იწყება. საბჭოთა მმართველობის დაწყებისას აფხაზეთში მრავალი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა, რამაც განაპირობა აქ არსებული სტრატეგიული ობიექტების განვითარება. მათ შორის აღმოჩნდა ოჩამჩირის პორტიც, რომლის მშენებლობაც საბოლოოდ 1936 წელს დასრულდა.

პორტი თავდაპირველად კომერციულ გემებს იღებდა, თუმცა 1940 წელს სამოქალაქო (არასამხედრო) ფლოტმა ფოთის პორტში გადაინაცვლა, ხოლო ამავე პერიოდში, ოჩამჩირის პორტი წარმოადგენდა საბჭოთა M-ტიპის წყალქვეშა ნავების მცირე ბაზასაც, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს. 1967 წელს ოჩამჩირეში საბჭოთა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო დაცვის მე-6 ბრიგადის გემები განთავსდა, და შესაბამისად განვითარდა პორტის მიმდებარე ტერიტორია სამხედრო მოსამსახურეებისა და პორტის პერსონალის მისაღებად. პორტი ძირითადად „სლავას“ კლასის კრუიზერებს იღებდა არასაკმარისი წყლის სიღრმის გამო.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე პორტის განვითარების მრავალი გეგმა არსებობდა, რომელიც სისრულეში ვერ მოვიდა - მათ შორის აქ განთავსებული ფლოტის ზომისა და პორტის სიღრმის გაზრდის, და ასევე წყალქვეშა ნავების ბაზის განვითარების კუთხით.

პორტის განვითარება პოსტსაბჭოთა პერიოდში

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ პორტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც მისი როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვალსაზრისით გამოყენება დაიწყო. ოჩამჩირის პორტს 2009 წელს სტატუსი კიდევ ერთხელ შეეცვალა. იმავე წლის 26 იანვარს რუსეთის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან შეთანხმების შედეგად პორტი გარდაიქმნებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთ ბაზად. 2009 წლის აპრილში რუსეთსა და აფხაზეთს (ასევე ცხინვალის რეგიონს) შორის დაიდო შეთანხმება საერთო „სახელმწიფო“ საზღვრის დაცვის შესახებ, ხოლო ამავე წლის ბოლოს პორტში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვის საპატრულო ხომალდები განთავსდა, რომლებსაც აფხაზეთის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ. ამ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება პორტის შესაძლო განვითარებისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ძირითადი ბაზის ადგილის შეცვლის შესახებ, რადგან იმ დროისთვის რუსეთ-უკრაინას შორის დადებულ ხელშეკრულებას სევასტოპოლის პორტის გამოყენების თაობაზე ვადა 2017 წელს გასდიოდა (რაც უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დაწყების შემდეგ 2042 წლამდე გაიზარდა), ყირიმი კი ჯერ კიდევ არ იყო ანექსირებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება 2008 წლის ომამდე დაიწყო - შეკეთდა სოხუმისა და ოჩამჩირის დამაკავშირებელი რკინიგზა, ასევე ორი სარკინიგზო ხიდი ოჩამჩირის რაიონში. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ასევე იგეგმებოდა სახმელეთო რადარის განთავსებაც საზღვაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. შესაბამისად, აფხაზეთის საზღვაო ზოლის ხელში ჩაგდებით რუსეთის უპირატესობა შავ ზღვაში კიდევ უფრო იზრდება, თუ გავითვალისწინებთ ყირიმის ანექსიასაც.

ოჩამჩირის პორტის შესაძლებლობების გაზრდისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რაც ამ ეტაპზე არ იგეგმება, შესაბამისად უახლოეს პერიოდში პორტი დიდი მოცულობის სტრატეგიული ობიექტი ვერ გახდება. პორტის სამხედრო დანიშნულებით გამოყენებას 2016 წელს გამოეხმაურა რუსი ადმირალი, იგორ კასატონოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის განთავსების საჭიროება არ იდგა და აქ მხოლოდ სანაპირო დაცვის ხომალდები დარჩებოდნენ.

კონტრაბანდა

მიუხედავად ნაკლები სამხედრო პოტენციალისა, მომდევნო წლებში ოჩამჩირის პორტმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა. კერძოდ, ოჩამჩირე, ერთ-ერთი ანალიტიკური წყაროს მიხედვით, რუსეთისთვის კონტრაბანდის ტრანზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. უკანონო საქონლის გადაზიდვა მარტივდება პორტში განლაგებული სანაპირო დაცვის საფარქვეშ, ასევე არსებული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს გემების შესაბამისი საქონლით დატვირთვას. მაგალითად, 2017 წლის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოჩამჩირის პორტი სირიაში დამზადებული კონტრაბანდული სიგარეტის გადასაზიდად გამოიყენებოდა - მოცემული სქემა უკრაინის საზღვაო ძალებმა აღმოაჩინეს, როდესაც მათ ოჩამჩირიდან მომავალი გემი ოდესაში დააკავეს.

ქვანახშირის ტრანსპორტირება

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების საკითხი. იმავე წყაროს მიერ გავრცელდა 2015 წელს სოხუმის რკინიგზაზე გადაღებული სურათები, სადაც ნათლად ჩანს ქვანახშირით დატვირთული რუსული მატარებლის ვაგონები, რომელიც, სავარაუდოდ, საექსპორტოდ უნდა გამოეყენებინათ. გაჩნდა მოსაზრება, რომ მოცემული ქვანახშირი უკრაინაში, ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში იყო მოპოვებული, რომელიც ტრანზიტულად თურქეთში მიემართებოდა. ამავე სტატიის ავტორი წერს, რომ ოჩამჩირის პორტიდან გადაზიდული ქვანახშირი შეიძლება აფხაზეთში, კერძოდ კი ტყვარჩელში მოპოვებულად გასაღდეს, თუმცა თვით რუსულ-აფხაზური მედიის მიხედვით, ტყვარჩელში ქვანახშირის მოპოვება აღარ გრძელდება ტექნიკური და ეკონომიკური საკითხების გამო. შესაბამისად, ლუგანსკში მოპოვებული ქვანახშირი რუსეთის გავლით ოჩამჩირეში მიემართება, შემდეგ კი თურქეთში. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ლუგანსკში მოპოვებული ქვანახშირი მსგავსი სქემით პოლონეთშიც აღმოჩნდა, რომელიც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს. კონტრაბანდულ ტვირთზე თვალყურის დევნება რთულია იმის გათვალისწინებით, რომ უცხოურ გემებს აქ შესვლა ეკრძალებათ, თუმცა, ნათელია, რომ მოცემული სქემა წარმატებით მუშაობს.

ადგილობრივი ბლოგერის მიერ გადაღებული სურათი. სოხუმის რკინიგზის სადგური, ქვანახშირით დატვირთული ვაგონები. სურათი გადაღებულია 2015 წლის 11 ივლისს. წყარო: cyxymu.livejournal.com

დასკვნა

ფაქტია, რომ რუსეთის გავლენა შავ ზღვაში ყირიმის ანექსიით კიდევ უფრო გაძლიერდა. შავი ზღვის პორტების განვითარება კი რუსეთს კიდევ უფრო დიდ უპირატესობას მოუტანს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში მდებარე რუსული პორტები (აფხაზეთში რუსული გავლენის გამო მათ შორის ოჩამჩირის პორტიც შეიძლება მოვიაზროთ) არასახარბიელო მდგომარეობაში არის ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, რაც გემების მიღებას და ტრანზიტს სახიფათოს ხდის. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან დამატებითი ინვესტიციებია საჭირო პორტების, მათ შორის ოჩამჩირის, შესაძლებლობების გაზრდისთვის.

ოჩამჩირის პორტი 2021 წელს (წყარო: Google)

ამ ეტაპზე ოჩამჩირის პორტს სამხედრო-პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. სხვადასხვა ტვირთების კონტრაბანდა დე ფაქტო რესპუბლიკისთვის შემოსავლის წყაროა. თუმცა, პორტის სატვირთო-სატრანზიტო თუ სამხედრო დანიშნულებით გამოყენებაში გადამწყვეტ როლს რუსეთი ასრულებს. მართალია, აქ დიდი ზომის გემების მიღება შეუძლებელია, თუმცა რუსეთს ტაქტიკური და სპეციალური ოპერაციების წარმართვის საშუალებას პორტის არსებული ინფრასტრუქტურა მაინც აძლევს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დიდი პრობლემის წინაშე აყენებს.

Go BackGo Back