ახალი ამბები

კონფერენცია იტალიაში და აფხაზეთის იტალიელი მხარდამჭერები

2022 / 02 / 17

ავტორი: ანი ზირაქაშვილი

2022 წლის 9 თებერვალს იტალიის პარლამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ერების თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც დაესწრო. დამსწრეთა შორის ასევე იყვნენ აფხაზურ-აბაზური მსოფლიო კონგრესის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მუსა ეკზეკოვი და აფხაზეთის საგარეო საქმეთა „სამინისტროს“ საგანგებო დავალებათა „ელჩები“ - კან ტანია და ვიტო გრიტანი. კონფერენცია იტალიის პარლამენტის დეპუტატის, მატეო დალ’ოსოს ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზატორებს შორის ასევე გახლდათ „აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა“ იტალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში.

რას წარმოადგენს „აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა“ იტალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში?

„აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა“ იტალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში 2017 წელს დაარსდა. ოფიციალურად ის იტალიაშია რეგისტრირებული.

წარმომადგენლობის დაარსების შესახებ განცხადება 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. ბარიში აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრის“ იმდროინდელმა მოადგილემ, კან ტანიამ გააკეთა; პრესკონფერენციას ვიტო გრიტანიც ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში ტანიამ აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე, ეკონომიკასა და ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

ტანიას განცხადებით, წარმომადგენლობას არ გააჩნია დიპლომატიური ფუნქციები, ვინაიდან იტალია არ აღიარებს აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლობის მთავარი ფუნქციაა იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მცხოვრები აფხაზეთის „მოქალაქეების“ უფლებების დაცვა, მეგობრული ურთიერთობების განვითარება აფხაზ და იტალიელ ერებს შორის, ასევე დადებითი იმიჯის ფორმირება აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ვინ არის მატეო დალ’ოსო?

მატეო დალ’ოსო იტალიის XVIII მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის ასევე გახლავთ პარტია „Forza Italia“-ს წევრი. აღნიშნული პარტია მემარჯვენე-ცენტრისტულია და მისი იდეოლოგია ლიბერალურ კონსერვატიზმს, ქრისტიანულ დემოკრატიას, ლიბერალიზმსა და პოპულიზმს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ დალ’ოსო იტალიის საკანონმდებლო ორგანოში პირველად 2013 წელს აირჩიეს. ამ ეტაპზე ის მემარჯვენე პოპულისტური „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ (Movimento 5 Stelle) წევრი იყო. დალ’ოსო „Forza Italia“-ს 2018 წელს შეუერთდა.

ცნობილია, რომ დალ’ოსომ აფხაზეთის შესახებ 2021 წლის ნოემბერში შეიტყო. სწორედ ამ პერიოდში ის დაესწრო ვიტო გრიტანის თანაორგანიზებით გამართულ პრეზენტაციას, რომელზეც კან ტანიაც გამოვიდა სიტყვით და აფხაზეთის შესახებ ისაუბრა. მას შემდეგ დალ’ოსო აფხაზების ისტორიით დაინტერესდა და იტალიაში დე ფაქტო რესპუბლიკის შესახებ „ობიექტური ინფორმაციის“ გავრცელების ხელშეწყობის სურვილიც გამოთქვა.

9 თებერვლის კონფერენციაზე დალ’ოსო სიტყვითაც გამოვიდა. მან აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობაზე, ტერიტორიასა და პოლიტიკურ სტატუსზე ისაუბრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი „დიდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა“. მან განსაკუთრებული ყურადღება დე ფაქტო რესპუბლიკის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა და განაცხადა, რომ იტალიას ამ სფეროში თავისი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

კონფერენციის მნიშვნელოვანი მომენტები

ასლან ბჟანიას გამოსვლა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან განაცხადა, რომ წლების მანძილზე აფხაზეთმა საქართველოს „შოვინისტური“ პოლიტიკით გამოწვეული ყველა დაბრკოლება გადალახა და, საბოლოოდ, „მშვიდობიანი და დამოუკიდებელი ცხოვრების ისტორიული უფლება მოიპოვა“; დღესდღეობით  კი აფხაზეთს ყველაფერი გააჩნია იმისთვის, რომ იყოს სრულფასოვანი სახელმწიფო. ბჟანიამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებას, რამაც საფუძველი ჩაუყარა დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპობრივ განვითარებას სხვა ქვეყნებთანაც.

ასლან ბჟანიას თქმით, „ფართო საერთაშორისო აღიარება რთული და ხანგრძლივი პროცესია“, თუმცა აფხაზეთი მზადაა ყველა სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის. ამ თვალსაზრისით მან კმაყოფილება გამოთქვა იტალიაში აფხაზეთით დაინტერესებულ პირთა რაოდენობის ზრდის ტენდენციის მიმართ და განაცხადა, რომ აღნიშნულ ერებს „უძველესი ისტორიული კავშირები აქვთ“.

გამოსვლის დასასრულს ბჟანიამ აფხაზეთისთვის კონფერენციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნებოდა „მყარი საფუძველი აფხაზეთსა და იტალიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის“.

სუომი მონსელატოს ინიციატივა

კონფერენციის დროს სიტყვით გამოვიდა სუომი მონსელატო, დეპუტატ დალ’ოსოს მრჩეველი გეოპოლიტიკურ საკითხებში და ანალიტიკოსი. მან გამოთქვა ისეთი საკანონმდებლო ინსტრუმენტების შექმნის ინიციატივა, რომლებიც ცალკეულ იტალიელ დეპუტატებს უფრო მეტ დამოუკიდებლობას მიანიჭებდა გადაწყვეტილებების მიღებისას და იმის საშუალებასაც მისცემდა, რომ მათ თავად გადაეწყვიტათ, თუ რომელ ქვეყნებთან და ერებთან დაამყარებდნენ კავშირებს.

გამოხმაურებები

იტალიის დეპუტატთა პალატამ მალევე გამოსცა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ცალკეული დეპუტატების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები არ ტარდება პარლამენტის თავმჯდომარის ან მისი რომელიმე პალატის ეგიდით თუ მხარდაჭერით. თავის მხრივ, პარტია „Forza Italia“ მთელ პასუხისმგებლობას უშუალოდ დალ’ოსოს აკისრებს და აცხადებს, რომ ეს იყო მისი პირადი ინიციატივით გამართული ღონისძიება, რომელიც არანაირად არ გამოხატავდა არც პარტიისა და არც იტალიის ოფიციალურ პოზიციას.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მმართველები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და განმტკიცებაზე, ამ თვალსაზრისით კი იტალია გამორჩეულ ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 22-26 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა „მინისტრი“ დიმიტრი მედოევი იტალიის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატსა და რეგიონული თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. მართალია, იტალია არ აღიარებს აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის ცალკეული დეპუტატები ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებთან თანამშრომლობაზე უარს არ აცხადებენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არაღიარების პოლიტიკის წინაშე არსებულ მორიგ გამოწვევად გვევლინება.    

Go BackGo Back