ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 105-ე შეხვედრა: შეფასებები

2022 / 03 / 07

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წლის 4 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 105-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა განსაკუთრებულად პრობლემატურ საკითხებად თვითნებური დაკავებები, „ბორდერიზაციის“ შემთხვევები და ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს საკითხი გამოყვეს. მათ ორივე მხარეს მოუწოდეს: თავი შეეკავებინათ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც „არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში” შეეძლებათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ გამყოფი ხაზის გასწვრივ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე; სამომავლო ქმედებების ორიენტირად ექციათ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესება და ყოველი დაგეგმილი აქტივობის შესახებ წინასწარ ეცნობებინათ ევროკავშირისათვის ცხელი ხაზის მექანიზმის საშუალებით.

თანათავმჯდომარეებმა ხაზი ასევე მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულსაც გაუსვეს და ოსურ მხარეს ქართველი მოსახლეობის დაშვებისაკენ მოუწოდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სასაფლაოებზე.

თბილისის შეფასება

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ორი ძირითადი საკითხი დააყენა დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე ნომერ პირველ პრიორიტეტად უკანონო, თვითნებური დაკავებები წამოაყენა და მოითხოვა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ექვსივე მოქალაქის გათავისუფლება, რომელთაგან ორს - კახაბერ ნათაძესა და ვალერი კანიაშვილს პატიმრობის ვადა ე.წ. სასამართლოს მიერ უკვე შეეფარდა (შესაბამისად: 3 წელი და 6 თვე და 6 თვე) მამუკა ჩხიკვაძეს კი განაჩენს 9 მარტს გამოუტანენ. ანთაძემ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოქმედებების დინამიკაზე და „ბორდერიზაციის“ პროცესის შეწყვეტა მოითხოვა.

ცხინვალის შეფასება

ორი ძირითადი საკითხი წამოიჭრა ოსური მხარისგანაც. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ” და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის” ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა თავდაპირველად აქცენტი დასვა ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოზე. კოჩიევმა საგუშაგოს „დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორი” უწოდა, კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი დემონტაჟი, თუმცა კონსენსუსისათვის ამჯერად ქართულ მხარეს სანაცვლოდ ოძისი-მოსაბრუნის 2019 წელს ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გახსნა შესთავაზა. მორიგი პრობლემა, რომელიც კოჩიევმა შეხვედრაზე გამოკვეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო საზღვრის” უკანონო დარღვევის ფაქტები გახლდათ. მისი თქმით „საზღვარი” ირღვევა, როგორც ხმელეთზე, საქართველოს მოქალაქეების მიერ, ასევე საჰაერო სივრცეში - უპილოტო საფრენი აპარატების მიერ. კოჩიევის თქმით, შესაბამის ფოტო მასალას ისინი აგროვებენ.

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

105 შეხვედრა შეიძლება 104-ე შეხვედრის დღის წესრიგის გადახედვად მივიჩნიოთ იმდენად, რამდენადაც მხარეებმა ორივე შეხვედრისას  ერთსა და იმავე საკითხებზე ისაუბრეს, შესაბამისად 104-ე შეხვედრაზე გაჟღერებულ საკითხებთან მიმართებით ( თბილისის მხრიდან: უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, „ბორდერიზაციის” საქმიანობის შეწყვეტა; ცხინვალის მხრიდან: ჩორჩანა წნელისის საგუშაგოს დემონტაჟი, უპილოტო საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის” დარღვევის ფაქტების აღკვეთა) ფაქტობრივ ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

რიგით 104-ე შეხვედრის შემდეგ აღინიშნა მხოლოდ ერთი ცვლილება: ოსური მხრიდან შეცვლილი რიტორიკა ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის თაობაზე. 105-ე შეხვედრაზე ოსურმა მხარემ საგუშაგოს დემონტაჟის სანაცვლოდ ოძისი-მოსაბრუნის ჩაკეტილი გამშვები პუნქტის გახნა შესთავაზა ქართულ დელეგაციას. გამშვები პუნქტების გახანგრძლივებული ჩაკეტვის საკითხი IPRM-ის გასულ შეხვედრებზე განხილვის საგანი არაერთხელ ყოფილა და ქართული მხარის მოთხოვნებიდან პრიორიტეტსაც არაერთხელ წარმოადგენდა.

მხარეების შეთანხმებით მომდევნო, 106-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 12 აპრილს გაიმართება.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back