ახალი ამბები

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ურთიერთობა ბელარუსთან

2022 / 09 / 28

ავტორი: გიორგი ბეროშვილი

ბელარუსის პოლიტიკა დე ფაქტო ქვეყნების აღიარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დელიკატურია. მინსკი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ცდილობდა რუსეთსა და ევროპას შორის მომლაპარაკებლის როლი მოერგო და არ მიყოლოდა მოსკოვის ღია მოთხოვნებს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ამაში მოიაზრება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაც.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან დაამყარა, ასევე, არ შეუერთდა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. ბელარუსმა კვლავ უარი თქვა დე ფაქტო ქვეყნების აღიარებაზე 2018 წელს, როდესაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სირიამ აღიარა. ფაქტია, რომ ბელარუსი გასულ წლებში ცდილობდა არ მოქცეულიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და „არ გაეყიდა საკუთარი საგარეო პოლიტიკა ფულზე“ (ლუკაშენკომ თქმით, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების სანაცვლოდ ბელარუსს 500 მილიონი აშშ დოლარი სესხი შესთავაზა). ფაქტია, რომ ბელარუსის საგარეო პოლიტიკა რუსეთსა და დასავლეთს შორის მედიატორობას ისახავდა, რაც ერთი მხრივ გამოიხატებოდა არაღიარების პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს არაღიარების მიუხედავად, ბელარუსმა მხარი დაუჭირა რუსეთის ქმედებებს ცხინვალის რეგიონში. რაც შეეხება აღიარების საკითხს, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ „[აღიარების] საკითხის განხილვის დროც მოვიდოდა, და ის პარლამენტში გადაწყდებოდა.“ 2021 წლის ნოემბერში აფხაზეთის წარმომადგენელმა („კონსულმა“) როსტოვში, ადიკ არშბამ გაავრცელა ინფორმაცია ბელარუსის პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას ეხებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი.

2020 წლის შემდეგ ბელარუსისა და დასავლეთის ურთიერთობა დაძაბულ ფაზაში გადავიდა (საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, ოპოზიციონერი ბლოგერის რომან პროტასევიჩის დაკავება, მიგრანტთა კრიზისი პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში), რაც ბელარუსის საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. ერთი მხრივ, ბელარუსის ინტერესებში უკვე ნაკლებად შედის დასავლეთის განაწყენება დე ფაქტო ქვეყნების აღიარებით, რასაც მძიმე სანქციები მოჰყვება. მეორე მხრივ, ეს შესაძლოა ბელარუსის მიერ დატოვებული ბერკეტია, რომლის გამოყენებაც დასავლეთთან შეიძლება.

პარალელურად, აღსანიშნავია რუსეთის მზარდი გავლენა და ბელარუსთან დაახლოება. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა აფხაზეთში და შესაბამისად, აფხაზეთის მხრიდან ვიზიტებიც გახშირდა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, 2021 წლის დეკემბერში. ვიზიტის ფარგლებში აფხაზური „დელეგაცია“ ასოციაცია „ბელაია რუსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ „ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით“. „დელეგაციას“ აფხაზეთის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“, დაურ კოვე ხელმძღვანელობდა. ეს ვიზიტი შესაძლოა აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის გაღვივებად ჩავთვალოთ, რადგან სწორედ ამის შემდეგ გახშირდა კომუნიკაცია მხარეებს შორის.

ასევე გახშირდა აღიარების შესახებ კომენტარებიც. 2022 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ დადებითად შეაფასა ლუკაშენკას განცხადება ვლადიმერ სოლოვიოვთან საუბრისას აფხაზეთის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით „როცა ეს საჭირო გახდებოდა“, და მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

ერთ-ერთი პირველი მაღალი დონის შეხვედრა 2022 წლის მარტში ინალ არძინბასა და ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის დროს შედგა. აფხაზეთის წარმომადგენლები რუსეთ-ბელარუსის კავშირის სახელმწიფო მდივანს, დიმიტრი მეზენცევს შეხვდნენ. ეს შეიძლება მიანიშნებდეს ბელარუსის მზაობას, დე ფაქტო ურთიერთობები დაიწყოს სეპარატისტულ რეჟიმებთან, თუმცა თავი აარიდოს ოფიციალურ აღიარებას. ამაზე მიანიშნებს ლუკაშენკოს განცხადებები სხვა დე ფაქტო ქვეყნებთან ურთიერთობაზე. დე ფაქტო ურთიერთობების წამოწყებაზე შეიძლება მიანიშნებდეს ასლან ბჟანიას კომენტარი ვლადიმერ სოლოვიოვთან. ბჟანიას თქმით, აფხაზეთში უკვე იმყოფებიან ბელარუსი ბიზნესმენები და ისინი მალე ახალი ეკონომიკური პროექტის დაწყებაზე მუშაობენ, რადგან „ოფიციალური კონტაქტის მიუხედავად, მოქალაქეებს შორის კავშირი უკვე არსებობს.“

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკამ მზადყოფნა გამოთქვა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების შესახებ და ახსენა ცხინვალის რეგიონის აღიარების შესაძლებლობაც. როგორც ჩანს, ამ განცხადებას 2022 წლის ივლისში ბელარუსის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ვიქტორ შეიმანის ვიზიტი მოჰყვა აფხაზეთში. შეხვედრა ასლან ბჟანიასთან და „საგარეო საქმეთა მინისტრ“ ინალ არძინბასთან შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესები, ევრაზიული ინტეგრაცია, ეკონომიკური და საინვესტიციო საკითხები განიხილეს. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის აგვისტოში ჩატარებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ლუკაშენკამ ახსენა, რომ ბელარუსი ყირიმის, დონეცკისა და ლუჰანსკის სტატუსს დე ფაქტოდ აღიარებს და თანამშრომლობს, შესაბამისად, ოფიციალური აღიარების საჭიროება ამჟამად არ დგას. საინტერესოა, თუ ბელარუსი მსგავს პოზიციას დაიკავებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში - თანამშრომლობა აღიარების გარეშე.

რაც შეეხება ცხინვალის რეჟიმის დამოკიდებულებას ბელარუსთან, აღსანიშნავია 2009 წელს ბელარუსის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან, თუმცა ამას რაიმე სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია. საინტერესოა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ გაკეთებული განცხადება 2022 წლის საპრეზიდეტო „არჩევნებამდე“, სადაც მან არა დამოუკიდებლობის აღიარების საჭიროებას, არამედ რუსეთთან შეერთების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სავარაუდოა, რომ ასეთი დამოკიდებულება ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის სათავეში მოსვლის შემდეგ შეიცვლება, თუმცა მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები „მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაღრმავება და რუსეთთან ინტეგრაციაა.“

Go BackGo Back