ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 109-ე შეხვედრა: შეფასებები

2022 / 11 / 11

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წლის 10 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 109-ე შეხვედრა გაიმართა, რასაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩ მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ვიორელ მოშანუ თანათავმჯდომარეობდნენ.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა მხარეებს განსაკუთრებულად მოუწოდეს თანამშრომლობიკენ, რათა, ერთი მხრივ, გაიზარდოს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის პრაქტიკის მასშტაბი და ხანგრძლივობა, მეორე მხრივ კი, მოახლოებულ სადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების პროცესმა ინციდენტების გარეშე ჩაიაროს. თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების ვადის გასვლის საკითხი, რის მიმართაც ოსურ მხარეს სირბილის გამოჩენისკენ მოუწოდეს.

თბილისის შეფასება

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის მხრიდან ორი ძირითადი საკითხი დადგა დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადების მიხედვით, სუს-ის  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე უკანონო დაკავებების საკითხზე ისაუბრა, მოითხოვა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება და ოსური მხარისგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების ფაქტების შეწყვეტა მოითხოვა. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ორიენტირი უკანონოდ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაზრდილ დინამიკაზეც დასვა, რაც ანთაძის თქმით, ხელს უშლის ადგილზე მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას.

ცხინვალის შეფასება

109-ე შეხვედრაზე განსახილველად ოსურმა მხარემ სამი საკვანძო საკითხი გამოჰყო. ე.წ. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა  პირველ რიგში, წინა შეხვედრის მსგავსად, ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი დააყენა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების დროებითი გახსნის გადაწყვეტილება, როგორც ცხინვალის რეგიონის მხრიდან ჰუმანური ჟესტი, ქართულმა მხარემ შესაბამის გზავნილად უნდა მიიღოს და სადავო საგუშაგოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღოს. საგუშაგოსთან ერთად მან საქართველოს მხრიდან  ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, გასული შეხვედრის შემდეგ საქართველოს მხრიდან ე.წ საზღვარი „უკანონოდ“ საქართველოს 6-მა მოქალაქემ გადაკვეთა. ცხინვალის უკმაყოფილება „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში“ საქართველოს მხრიდან გადასული უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილებამაც გამოიწვია. კოჩიევს არ დაუკონკრეტებია ზუსტად რა ტიპის საფრენ აპარატებზე საუბრობდა, თუმცა როგორც წინა შემთხვევებში, სავარაუდოდ, იგი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მიერ გაშვებულ დრონებს გულისხმობდა. ქართული მხარე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფით პასუხობს და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საჰაერო სივრცის საქართველოს მხრიდან გადაკვეთას არ ადასტურებს.  

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

ცხინვალის ციხეში ისევ რჩებიან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის: ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე, ლაშა ხეთერელი და გელა იობაშვილი.

არ შეცვლილა მდგომარეობა და მხარეთა პოზიციები ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით.

„ბორდერიზაციის“ პროცესისა და უკანონო დაკავებების შეწყვეტის შესახებ 108-ე რაუნდზე ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, შეხვედრებს შორის პერიოდში ბორდერიზაციის 5, უკანონო დაკავების კი, 6 შემთხვევა დაფიქსირდა. 

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

რიგით 109-ე რაუნდზე, გასული შეხვედრისგან განსხვავებით, ოსური მხარისაგან უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ცხინვალის რეგიონის „საჰაერო სივრცის“ დარღვევის ბრალდებამ გაიჟღერა.

შემდეგი შეხვედრა

მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 110-ე შეხვედრა, მომავალი წლის 17 იანვარს გაიმართება.

 

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back