ავტორი: ელენე მინდიაშვილი
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა ოფიციალურად განაცხადა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წელს, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესწავლისა და საქმის გამოძიების დასრულების შესახებ. პროკურორ კარიმ ხანის განცხადებით, სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, მისი ოფისი ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიებას აღარ გააგრძელებს, „ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა“.
სასამართლომ ძალაში დატოვა ამავე საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მარტში გაცემული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერები, რომელთაც ბრალი დაუმტკიცდათ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.
სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, იმდენად, რამდენადაც იგი ცალსახად ამტკიცებს, რომ აქამდე არსებული კრემლისტური ნარატივები 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობასთან ან საქართველოს, როგორც აგრესორი მხარის წარმოჩენასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, წარმოადგენს რუსული დეზინფორმაციის ნაწილს და სრულად ემსახურება კრემლის ინტერესებს დაამახინჯოს რეალური ფაქტები და შეცვალოს ისტორიული ნარატივი.
წინარე ისტორია
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს ICC–ის სამი მოსამართლისგან შემდგარ პალატას 160–გვერდიანი თხოვნა გაუგზავნა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ იმ სამხედრო დანაშაულებზე გამოძიების დაწყების ნებართვის მისაღებად, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი.
პროკურორის თხოვნას წინ საქმის 7 წლიანი „წინასწარი მოკვლევა“ უძღვოდა. „წინასწარი მოკვლევის ფაზაში“ სასამართლოს პროკურატურა აფასებს: რელევანტურია თუ არა საკუთარი გამოძიების დაწყება; არის თუ არა მოცემულ სიტუაციაში ჩადენილი დანაშაულები მისი პრეროგატივა და ახორციელებენ თუ არა შესაბამისი სახელმწიფოს მთავრობები რეალურ გამოძიებასა და სამართალწარმოებას.
აგვისტოს ომის საქმე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა 2015 წლის მარტში, საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება განუსაზღვრელი დროით შეჩერდა, რის შესახებაც საქართველოს მთავრობამ ICC-ს ოფიციალური წერილით 17 მარტს მიმართა და შეატყობინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე ადგილებში არსებულმა მყიფე უსაფრთხოებამ განაპირობა“ და 2008 წლის ომთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაძლოა „საოკუპაციო ძალების აგრესიული და უკანონო რეაქცია მოჰყვეს“ და გამოიწვიოს „ძალადობაში ჩართული ჯგუფების საპასუხო რეაგირება“.
პროკურორის ოფისმა მოსამართლეთა პალატისგან გამოძიების დაწყების ნებართვა დაახლოებით 3 თვის შემდეგ, 2016 წლის 27 იანვარს მიიღო.
გამოძიების მიმართულებები
პროკურორის ოფისი 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს სწავლობდა, გამოძიება კი ორი პუნქტით მიმდინარეობდა:
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები (რაშიც მოიაზრებოდა ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებითი გადადგილება და დევნა, მათი ქონების განადგურება/ძარცვა ე.წ. სამხრეთ ოსური ძალების მიერ რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით - უფრო კონკრეტულად, აქ საუბარია, 13 400 - 18 500 ეთნიკური ქართველის იძულებით განდევნაზე, 51-113 ეთნიკური ქართველის მკვლელობასა და 5 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველის ქონების სერიოზულად დაზიანება/განადგურებაზე).
ომის დანაშაულები (რაშიც იგულისხმებოდა მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე ე.წ. სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე ქართული ძალების მიერ, უფრო კონკრეტულად, აქ საქმე ეხებოდა საქართველოსა და რუსეთის მხარეების ურთიერთბრალდებებს - საქართველოს შემთხვევაში, 2008 წლის 7 აგვისტოს ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის მკვლელობისა და ხუთის დაშავების თაობაზე დღესდღეობით ოკუპირებული თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. ავნევში მდებარე საგუშაგოზე; რუსული მხარის შემთხვევაში - 2008 წლის 8 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ, ცხინვალში მდებარე რუსული სამშვიდობო ძალების შტაბზე საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდასხმის, შედეგად კი ათი რუსი სამშვიდობოს მკვლელობისა და ოცდაათის დაშავების თაობაზე.
გამოძიების შედეგები
ჰააგის სასამართლომ გამოძიების შედეგად 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის 3 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერები მიმდინარე წლის 10 მარტს გასცა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებულნი არიან დე ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში - მიხეილ მინძაევი, დე ფაქტო შსს-ის წინასწარი დაკავების განყოფილების იმდროინდელი უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი დავით სანაკოევი.
სამივე მათგანს ბრალი „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებაში, სასტიკი მოპყრობაში, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებაში“ ედებათ.
დამნაშავედ ასევე ცნობილია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვიც, რომელსაც ომის მიმდინარეობისას საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.
ოფიციალური თბილისის პოზიცია
ICC-ს მოსამართლეთა პალატის მიერ პროკურორის ოფისისთვის გამოძიების დაწყებაზე თანხმობის გაცემის მომენტიდან ოფიციალურმა თბილისმა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო მიესალმა პროკურორ ბენსუდას ჩართულობას და იმედი გამოთქვა, რომ მისი ოფისი მოახერხებს საქართველოს მთავრობის მიერ წარმართული გამოძიების ხარვეზის გამოსწორებას, რაშიც იგი გულისხმობდა, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ხელი არ მიუწვდებოდა ოსური მხარის მასალებზე.
წულუკიანმა მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაულების მოტივის თვალსაზრისით 2016 წლის იანვრის განცხადებაში, რითაც იგი ICC-ს მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მან ერთი მხრივ აღნიშნა, რომ „ის [ICC] არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის“. მეორე მხრივ კი, მან ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ ქართველებზე განხორციელებული თავდასხმები „ეთნიკურ წმენდად“ მოიხსენია და გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართველების ეთნიკური წმენდა მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისთვის და რათა გაწყვეტილიყო საბოლოოდ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი“.
რაც შეეხება უახლეს მოვლენებს, ოფიციალური თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერების გაცემისა და გამოძიების დასრულების ფაქტს საქართველოს „მორიგ გამარჯვებად“ თვლის. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ 2021 წელს მოპოვებული „ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა“.
რუსული მხარის კრიტიკა
ვიდრე რუსული მხარის პოზიციაზე ვიმსჯელებდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ იგი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის და სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება მასზე არ ვრცელდება, ვინაიდან მან უკან გაიწვია ხელმოწერები რომის სტატუტზე 2016 წელს და ჰააგის სასამართლოს წესდებაზე 2003 წელს. აღნიშნულ მდგომარეობას იგი დღემდე თავის სასარგებლოდ იყენენებდა - რუსეთის ფედერაციას არ უთანამშრომლია ჰააგის სასამართლოსთან, უფლება არ მიუცია საერთაშორისო ექსპერტებისთვის შესულიყვნენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და დამოუკიდებელი მოკვლევა ჩაეტარებინათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 2016 წლის 29 იანვრის ბრიფინგზე ICC-ს პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით „იმედგაცრუება“ გამოთქვა. მისი თქმით, „რუსულმა მხარემ ICC-ს 30 ტომიანი მასალა გადასცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხერთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასამტკიცებლად“. ზახაროვამ ICC „აგრესორის მხარეს მოქმედებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება პრინციპულად განიხილოს საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ურთიერთობის შესახებ’.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია არც 6 წლის შემდეგ შეცვლილა. ICC-ს მიერ დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის 3 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერების გაცემის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მარია ზახაროვამ პროკურორი კარიმ ხანი ისევ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ოფისის მიერ წარმართული გამოძიების სრული პროცესი, ისევე როგორც დაკავების ორდერები ანტირუსული ისტერიის გამძაფრებას ემსახურება. მიმდინარე წლის 22 მარტის ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოფიციალური მოსკოვის პოზიციას, რომლის თანახმადაც „სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა მშვიდობიან ცხინვალს და რუს სამშვიდობოებს“.
ცხინვალის უარი თანამშრომლობაზე
ოკუპირებული ცხინვალი მიუღებლად აცხადებს ICC-ს მიერ გაცემულ დაკავების ორდერებს და ჰააგის სასამართლოს პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად მიკერძოებულ პლატფორმად რაცხავს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ბრალდებულ პირებს კავშირი არ აქვთ წარდგენილ დანაშაულებთან და მეტიც, სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ ომის მიმდინარეობისას ქართველი სამხედროებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას და შემდგომში ქართული მხარისთვის გადაცემას.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას “ევროპული მართლმსაჯულების საბოლოო დისკრედიტაციას” უწოდებს და დასძენს, რომ იგი „საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე სერიოზული კრიზისის (რაშიც, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომს გულისხმობს) გამწვავებას უწყობს ხელს“.
დე ფაქტო სამინისტროს განცხადების საფუძველზე, გამოძიებამ დემონსტრაციულად უგულებელყო „მისთვის უსიამოვნო ფაქტები, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ვერ იქნება მიღებული შეიარაღებული აგრესიით დაზარალებულ ქვეყანაში”, შესაბამისად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უარს ამბობს საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე.
ბრალდებულთა პოზიცია
ICC-ს გადაწყვეტილებაზე ღიად, ამ დრომდე, მხოლოდ დავით სანაკოევმა ისაუბრა. ТАСС-თან ინტერვიუში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთზე ზეწოლის იარაღად აფასებს. იგი რუსულ ნარატივს იზიარებს და აღნიშნავს, რომ 2008 წლის მოვლენებში საქართველოა ერთადერთი აგრესორი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა, ICC კი ამ გადაწყვეტილებით ცდილობს დამნაშავედ ოსური მხარე წარმოაჩინოს. იგი სასამართლოს ორმაგი სტანდარტებით უკმაყოფილოა, რაც, მისი თქმით, იმაში გამოიხატება, რომ “ICC-მ სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეების“ 3 000-ზე მეტი საჩივარი უგულებელყო, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხმიანებოდა”.
ოსური საზოგადოების დამოკიდებულება გამოძიების დასრულებასა და დაპატიმრების ორდერებთან დაკავშირებით
ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვების არ არსებობის გამო, რთულია იმაზე დანამდვილებით საუბარი, რამდენად სწორად ან არასწორად მიიჩნევს ოსური საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაპატიმრების ორდერების გაცემისა თუ დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხს, თუმცა ნათელია, რომ დამოკიდებულებები ერთგვაროვანი არ არის.
ICC-ს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოსურ ტელეგრამ არხებში სწრაფად გავრცელდა და ვირტუალური საზოგადოებისგან, რომელიც ტელეგრამ პლატფორმაზე საკმაოდ აქტიურია და ემპირიული დაკვირვებით, ადგილობრივ საზოგადოებრივ აზრს მეტნაკლებად ასახავს, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთ არხზე გადაწყვეტილებას სარკაზმით პასუხობდნენ, ზოგიერთზე კი იწონებდნენ.
სადემონსტრაციოდ, შეგვიძლია შევადაროთ მომხმარებლების რეაქციები სხვადასხვა ტელეგრამ არხებში გავრცელებულ ერთსა და იმავე ინფორმაციაზე - ICC-ს პროკურორის განცხადებაზე.
ფოტო: ტელეგრამ არხები: Осетия - [æ] და БОНВ[Ӕ]РНОН
დასკვნის სახით კიდევ ერთხელ ღირს ხაზი გაესვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებისა და პროკურორის ოფისის მზაობის მნიშვნელობას, გამოძიების დასრულების მიუხედავად, გააგრძელოს თავისი ძალისხმევის მიმართვა დაპატიმრების ორდერების ადრესატების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისაცემად.