ახალი ამბები

ალან გაგლოევის პირველი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან

2023 / 03 / 16

2023 წლის 16 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2022 წელს გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ ეს მისი პირველი შეხვედრა იყო პუტინთან.

ეს შეხვედრა თებერვალშიც იგეგმებოდა, მაგრამ, გაგლოევს შეხვედრის წინა დღეს კოვიდი დაუდასტურდა და შეხვედრა გადაიდო. გაგლოევს მისი ოპონენტები ხშირად აკრიტიკებდნენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მან რუსეთის ლიდერთან შეხვედრა ვერ მოახერხა.

პუტინის თქმით:

  • რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს.
  • ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში.
  • საქონელბრუნვა 2022 წელს 12%-ით გაიზარდა.
  • ვითარდება ყველა პროგრამა: საინვესტიციო პროგრამა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური დახმარების პროგრამა, „სამხრეთ ოსეთის“ დახმარებისა და მხარდაჭერის საკრედიტო პროგრამა.
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით „სამხრეთ ოსეთში“ განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა და ამ მხრივ შესაბამის სტრუქტურებს შორის მჭიდრო ურთიერთობაა.

გაგლოევის თქმით:

  • გვახსოვს, რომ ყველაზე რთულ პერიოდში თქვენ ყოველთვის გვერდით იყავით, მხარს უჭერდით და შეუფასებელ დახმარებას უწევდით „სამხრეთ ოსეთს“. გვახსოვს 2008 წლის აგვისტოც, როდესაც „სამხრეთ ოსეთის“ ხალხი სრული განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილების წყალობით აგრესორი გავაჩერეთ.
  • „სამხრეთ ოსეთი“ მხარს უჭერს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში).
  • „სამხრეთ ოსეთმა“ უნდა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთთან ყოფნა - ერთადერთი სწორი არჩევანია.
  • დე ფაქტო რესპუბლიკამ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც არასდროს, რუსეთთან უნდა მოახდინოს საქმიანობის კოორდინირება.
  • გაგლოევმა მადლობა გადაუხადა პუტინს რეგიონის სრული გაზიფიცირების პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის (დღეისთვის გაზიფიცირებულია მხოლოდ ქ. ცხინვალი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები. ამავე დროს ცხინვალის რეგიონს გაზი მხოლოდ რუსეთიდან, მილსადენის საშუალებით მიეწოდება).
  • გაგლოევმა პუტინი ცხინვალში მიიწვია „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე.
Go BackGo Back