ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წევრების შეხვედრა „კანონმდებლობის“ ჰარმონიზაციის თაობაზე

2023 / 03 / 20

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა სამუშაო შეხვედრა გამართა იმ „უწყებების“ ხელმძღვანელებთან, ვინც პასუხისმგებელია აფხაზეთის „კანონმდებლობის“ რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის აღსრულებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი, დე ფაქტო სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მინისტრი, რუსლან აჯბა და განათლების დე ფაქტო მინისტრი, ინალ გაბლია. „სამინისტროების“ ხელმძღვანელებმა ანქვაბს მიაწოდეს ინფორმაცია სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში „კანონპროექტების“ შემუშავების პროცესის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს გამართული შეხვედრის შედეგად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დამტკიცდა.

პროგრამის მიზანია რუსეთის მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულყოფილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ღონისძიებების განხორციელების პერიოდად 2-3 წელი დასახელდა.

Go BackGo Back