ახალი ამბები

2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა: რუსული ფული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისთვის

2023 / 04 / 19

ავტორი: არსენ არაქელოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, რუსეთს შემუშავებული აქვს საინვესტიციო პროგრამა, რომლის სახელია „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა“. პროგრამის მიზანია ოკუპირებული რეგიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკის რეალურ სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელება, კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

საინვესტიციო პროგრამებისა და თუ სხვა სახით გაცემული ფინანსური დახმარების შედეგად ოკუპირებული რეგიონების რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი სულ უფრო მზარდია. ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტი“ და ეკონომიკა, პრაქტიკულად მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.

როდის დაიწყო პროგრამის განხორციელება?

რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის აქტიურ ფინანსურ დახმარებას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ იწყებს. პოსტსაომარ ეტაპზე რუსეთმა ცხინვალის რეგიონის აღდგენის კომპლექსური გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2008-2010 წლებში განხორციელდა. ამ წლებში რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკას 9.61 მლრდ რუსული რუბლით დაეხმარა. გეგმა 868 სხვადასხვა ობიექტის აღდგენა/მშენებლობას ითვალისწინებდა.

საინვესტიციო პროგრამები დღევანდელი სახელით 2011 წლიდან ხორციელდება. 2011 წელს რუსეთმა რეგიონს 6.58 მლრდ რუბლით დაეხმარა. 2012-2013 წლების პროგრამა კი 4.59 მლრდ რუბლით დაფინანსდა. 2014 წელს რეგიონმა ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში 2.8 მლრდ რუბლი მიიღო.

სამწლიანი საინვესტიციო პროგრამები

2015 წლიდან იწყება სამწლიანი პროგრამების განხორციელება. აღნიშნული ფორმატი დღემდე შენარჩუნებულია.

2015-2017 წლებში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი იყო 9.1-9.1 მრლდ რუსული რუბლი. 2017-2019 წლებში კი დახმარების ოდენობა შემცირდა და თითოეული ოკუპირებული რეგიონისთვის, ჯამში 4.5-4.5 მლრდ რუსული რუბლი შეადგინა.

2020-2022 წლების პროგრამით თითოეული ოკუპირებული რეგიონისთვის 4.5-4.5 მლრდ რუსული რუბლი იყო გამოყოფილი (იმ დროისთვის 4.5 მლრდ რუბლი 72 მლნ აშშ დოლარი იყო). ამ დახმარების შედეგად, ცხინვალის რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მაგ., აშენდა ძუარიყაუ-ცხინვალის გაზსადენი, რის შედეგადაც რეგიონისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელი რუსეთი გახდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მნიშვნელოვან ავტომაგისტრალებს - ცხინვალი-ზნაური (ქართული დასახელება ყორნისი) და ცხინვალი-ლენინგორი (ქართული დასახელება ახალგორი), რითიც ცხინვალი რაიონულ ცენტრებს დაუკავშირა.

ასევე, მნიშვნელოვანი პროექტები იყო წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, წყალსადენის ინფრასტრუქტურის გაყვანა სოფ. ედისსა და ცხინვალს შორის, და ასევე სოფ. ვანათსა და ცხინვალს შორის, რამაც ხელი შეუწყო ცხინვალის წყალმომარაგების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია დე ფაქტო პარლამენტის შენობის აღდგენაც, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დაზიანდა.

2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის შეფასება

2022 წლის მიწურულს, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების 95% დროულად შესრულდა. დე ფაქტო მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის, ედუარდ ძაგოევის განცხადებით კი, 2020-2022 წლებში დაგეგმილი 5 ობიექტის აღდგენა/მშენებლობა 2023 წელს განხორციელდება.

2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამასთან დაკავშირებით ცნობილია კორუფციის ფაქტებისა და ფინანსური მაქინაციების შესახებაც. კერძოდ, დე ფაქტო პროკურატურამ „სახელმწიფო“ კომპანია „Дорэкспострой“ რევიზიის შედეგად, რომელიც მშენებლობისა და საავტომობილო გზების ექსპლუატაციის „კომიტეტს“ ექვემდებარება, დარღვევები აღმოაჩინა. დე ფაქტო პროკურატურამ „Дорэкспострой“-ის იმდროინდელ ხელმძღვანელს, სემიონ მაკიევს ბრალი წაუყენა ფულის გათეთრებაში, კერძოდ, 4 მლნ 661 779 ათასი რუბლის (დაახლ. 56 ათასი აშშ დოლარი) მითვისებაში, რომელიც გამოყოფილი იყო საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ბიტუმის შეძენისთვის.

2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი  2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის დადგენილების რატიფიცირება რუსეთის ფედერაციის საბჭომ 2022 წლის ნოემბერში მოახდინა.

ძაგოევის განცხადებით, 2023-2025 წლებში ცხინვალის რეგიონს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთი 3 მლრდ 587 მლნ რუბლით (2023 წლის მარტის მონაცემებით, დაახლ. 52 მლნ აშშ დოლარი) დაეხმარება. ძაგოევის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 46 ღონისძიება, მათ შორის 37 ღონისძიება დაწყებულია წინა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. დაგეგმილი ღონისძიებებიდან 44 კაპიტალურ მშენებლობასთან არის დაკავშირებული.

საგზაო ინფრასტრუქტურა

2023 წელს გაგრძელდება ერწო-სინაგურის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების თარიღად 2024 წელი სახელდება. გარდა ამისა, იგეგმება ქვემო როკა-ედისას ავტომაგისტრალის მშენებლობა.

2023 წლის ბოლომდე დაგეგმილია მდ. ლიახვზე გამავალი ხიდის რეაბილიტაცია და ასევე, ჯავისა და ზნაურის (ქართ. ყორნისი) რაიონებში  ხიდების მშენებლობა.

ცხინვალში 27 ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება, კერძოდ: 2023 წელს - 9, 2024 წელს - 12, 2025 წელს - 6. რეაბილიტირდება ისეთი ქუჩები, როგორიცაა: პუტინის, მედვედევის, კავკასიის, გაგარინის, სტალინის, მაიაკოვსკისა და ა.შ.

ენერგეტიკა

დაგეგმილია ზნაურის (ქართ. ყორნისი) დასახლებაში ელექტრო ქვესადგურის ტექნიკური აღჭურვილობის შეცვლა და ჯავის რაიონში ელექტრო ქვესადგურის რეკონსტრუქცია.

„სახელმწიფო“ კომპანია „ენერგორესურსის“ დირექტორის, აცამაზ კაბისოვის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ელექტროენერგიის მრიცხველების დამონტაჟება და პროცესი 2026 წელს დასრულდება.

საინჟინრო ქსელები

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სამუშაოებიდან აღსანიშნავია დაზიანებულ ადგილებში ედისი-ცხინვალის მაგისტრალური წყლის მილსადენის აღდგენა. მოწესრიგდება წყალმომარაგების სისტემა, რომელიც სოფ. ხეთაგუროვს მიაწვდის წყალს ცხინვალის რეზერვუარებიდან. ამის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიმდებარე რამდენიმე სოფლის წყალმომარაგებაც. ასევე მოხდება საინჟინრო ქსელების რეკონსტრუქცია ცხინვალში.

საცხოვრებელი ფონდი

2023 წელს უნდა დასრულდეს 2 მრავალბინიანი სახლის მშენებლობა ცხინვალსა და ზნაურში (ქართ. ყორნისი). 2025 წლამდე ცხინვალში კიდევ ორი 75 ბინიანი კორპუსის მშენებლობა არის დაგეგმილი.

განათლება

რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ცხინვალში მდებარე №2 სკოლის საავარიო შენობას. 2023 წელს დაგეგმილია სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების აშენება მიკრორაიონში „ცარზ“, რომელიც ექსპლუატაციაში 2024 წელს უნდა შევიდეს.

წელს ასევე იგეგმება წინა წლებში დაწყებული 150 ბავშვზე გათვლილი ბანაკის - „მზიუგომი“ მშენებლობის დასრულება, რომელიც ჯავის რაიონში ყოფილი ტურისტული ბაზის ტერიტორიაზე შენდება.

როდის დაიწყება სამუშაოები?

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოების აქტიური ფაზა 2023 წლის აპრილში დაიწყება. ძაგოევის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბუთების მოწესრიგების პროცესი.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში სხვა, მცირე სამუშაოებიც არის დაგეგმილი, თუმცა მასშტაბითა და თავისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათზე ყურადღება არც ოსურ მედიაში მახვილდება.

Go BackGo Back