ავტორი: ელენე მინდიაშვილი
2023 წლის 27 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელის ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 112-ე შეხვედრა გაიმართა.
თანათავმჯდომარეების შეფასებები
შეხვედრის დასაწყისში თანათავმჯდომარეებმა ჩვეულებისამებრ ხაზი გაუსვეს IPRM-ის მანდატის მნიშვნელობას და მხარეების მიმართ მადლიერება გამოხატეს სამშვიდობო დიალოგის პროცესში მათი ჩართულობისათვის. ამასთან, აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მექანიზმის აუცილებლობა და ეფექტურობა მხარეთა შორის ინფორმაციის მყისიერი გაცვლისა და დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად. თანათავმჯდომარეები ასევე მიესალმნენ მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ოძისი-მოსაბრუნისა და პერევი-ქარძმანის საკონტროლო-გამშვები პუნქტების (სგპ) გახსნას მიმდინარე წლის 14-18 აპრილს და მოუწოდეს მხარეებს გააძლიერონ ძალისხმევა მათი სრულად გახსნისათვის. თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოხატეს ბოლო პერიოდში გახშირებული უკანონო დაკავებების პრეცედენტების გამო და მხარი დაუჭირეს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.
თბილისის შეფასება
შეხვედრას წინ ტექნიკური ნაწილი უძღვოდა. ამ ნაწილში მხარეები მომავალი საირიგაციო სეზონისთვის მოსამზადებლად საჭირო დეტალებზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, წყლის ხელმისაწვდომობასთან და სხვა თანმდევ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით უცვლელად გაგრძელდება წინა წლების წარმატებული პრაქტიკა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადების მიხედვით, ოფიციალურმა თბილისმა შეხვედრის დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დააყენა. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამ მხრივ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ვითარების გაუმჯობესების რეალური სამომავლო პერსპექტივები გამოიკვეთა. რა პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ანთაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი თქმით, იგი დაკავებულთა ოჯახებს ახლო მომავალში შეხვდება. ანთაძემ ღიად დატოვა 9 მაისს მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო „შეწყალებასთან“ დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვაც. მისი განცხადებით, ჩხიკვაძის საქმეზე კოორდინირებული სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ვიდრე „ყველაფერი არ დადასტურდება კომუნიკაციების ოფიციალური არხებით“, საკითხის განხილვისგან იგი თავს იკავებს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის სგპ-ების გავლით მიმოსვლის ვადის გახანგრძლივების საკითხიც დააყენა. არსებული მდგომარეობით, 2022 წლის აგვისტოდან პერევი-ქარძმანისა და ოძისი-მოსაბრუნის სგპ-ებით სარგებლობა ოკუპირებული ჯავისა და ახალგორის მოსახლეობას ან/და სპეციალური საშვის, ე.წ. პროპუსკის მფლობელ პირებს შეუძლიათ.
განხილულ საკითხთა ფართო დიაპაზონის მიუხედავად, შეხვედრაზე ქართულ მხარეს საოკუპაციო ხაზის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის სეგმენტზე უკანონოდ აღმართულ კონსტრუქციებზე არ უსაუბრია. სოფ. დვანში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერა, ააგეს რკინის კონსტრუქცია, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას ვარაუდით, „OKAPI“-ს ტიპის რადიო-ლოკაციური დაზვერვის მანქანისთვის განკუთვნილი სპეცსადგომია და მწკრივად განალაგეს მოძრაობის დეტექტორის მსგავსი მექანიზმი.
საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული აქცენტი სოფ. ჭვრინისში მომხდარ ინციდენტზეც დასვა და მასში მონაწილე სამხედროების იდენტიფიცირება და სათანადოდ პასუხისგება მოითხოვა.
რა მოხდა ჭვრინისში?
მიმდინარე წლის 21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭვრინისში საოკუპაციო ძალების სამხედროები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებას შეეცადნენ. ამავე სოფლის მკვიდრ ცოლ-ქმარს სამხედროები პირუტყვის მწყემსვისას დაედევნენ. წინააღმდეგობის გაწევის პროცესში მამაკაცს თავის არეში იარაღის კონდახით დაზიანება მიაყენეს, თუმცა ადგილზე ქართული საპოლიციო ბრიგადის გამოჩენის შემდეგ მათი დაკავება და ცხინვალის ციხეში გადაყვანა ვეღარ მოახერხეს. დავით ქაცარავას ცნობით, რომელმაც ადგილობრივების დახმარებით პირადად აიღო კოორდინატები უკანონო დაკავების მცდელობის ადგილიდან, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამხედროებმა გადმოკვეთეს საოკუპაციო ხაზი და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 170 მეტრით შემოიჭრნენ.
ცხინვალის შეფასება
„პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა და განსახილველად სამი მთავარი საკითხი დააყენა. მისი თქმით, გასული შეხვედრის შემდეგ, ქართული მხარისაგან პროვოკაციებმა იმატა. „პროვოკაციები“ გამოიხატებოდა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს პატრულირებაში. მან ქართველი აქტივისტი დავით ქაცარავაც ახსენა. მისი მტკიცებით ქაცარავა უკანონოდ აგროვებს საოკუპაციო ხაზისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ვითარების ამსახველ ვიდეო მასალას და შეურაცხყოფას აყენებს ე.წ. მესაზღვრეებს. ცხინვალის მხრიდან, პროვოკაციად ასევე აღიქმება ამ პროცესში ქართული პოლიციის მონაწილეობაც.
ოსურმა მხარემ ამჯერადაც აღნიშნა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პრეცედენტი, თუმცა გასული შეხვედრისგან განსხვავებით, კოჩიევმა ჟურნალისტებთან ამ საკითხზე საუბრისას პროგრესულ დინამიკას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, თუ წინა შეხვედრებზე ქართული მხარე ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არ გადაადგილდებოდნენ, ამჯერად ქართველმა კოლეგებმა ამ ინციდენტის განხილვისას უპასუხეს, რომ ისინი აღნიშნულ საფრენ აპარატებს ვერ აფიქსირებენ, ეს კი შესაძლოა განპირობებული იმით იყოს, რომ ქართული და ოსური მხარეები საოკუპაციო ხაზის მონიტორინგს სხვადასხვა წერტილიდან ახორციელებენ.
სოფ. ჩორჩანაში ქართულ საპოლიციო საგუშაგოს არც 112-ე შეხვედრაზე დაუკარგავს აქტუალობა და დღემდე რჩება პრინციპული წინააღმდეგობის საკითხად. ცხინვალის „დელეგაციამ“ ქართულ მხარეს დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი, დესტაბილიზაციას კი, მათი თქმით, აღნიშნული საგუშაგო ემსახურება. ოფიციალური თბილისის პოზიცია საკითხზე უცვლელია - საგუშოს აქვს სტანდარტული ხასიათი, მისი დანიშნულება კი არის ადგილზე უსაფრთხო ვითარების შენარჩუნება.
ამასთან, აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ მაშინ, როდესაც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ჭვრინისის ინციდენტი ერთ-ერთ საკვანძო საკითხად დააყენა დღის წესრიგში და ინციდენტის სიმწვავის გამო შეხვედრა სტანდარტულზე დიდხანსაც გაგრძელდა, იგორ კოჩიევს ჟურნალისტებთან განხილული საკითხების ჩამოთვლისას ჭვრინისში მომხდარი ინციდენტი არც კი უხსენებია.
შემდეგი შეხვედრა
მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 113-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 3 ივლისს ჩაინიშნა.
2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები