ახალი ამბები

როგორ აღნიშნეს 9 მაისი ოკუპირებულ რეგიონებში

2023 / 05 / 10

ავტორი: ბექა ირომაშვილი

9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ოკუპირებულ რეგიონებში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს. თუმცა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დღისადმი მიძღვნილი პროგრამა 9 მაისამდე, ჯერ კიდევ აპრილში, დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონებში 6-9 მაისი უქმე დღეებადაც გამოცხადდა.

რატომ არის ეს მნიშნველოვანი?

9 მაისის აღნიშვნას რუსეთი რბილი ძალის ინსტრუმენტად იყენებს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში. ყველა ღონისძიებას აქვს პროპაგანდისტული დატვირთვა და მიმართულია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში რუსული ნარატივების გავრცელებისკენ. 9 მაისს, ასევე  ხშირია, ანტიქართული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ღონისძიებების ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ „სამამულო ომში“ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მიზანი მეტი ახალგაზრდის მოზიდვა იყო. ამავე დროს, „გამარჯვების დღის“ აღნიშვნას ისინი პატრიოტიზმს უკავშირებდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ ახალგაზრდებს უნდა ახსოვდეთ ეს ისტორიები, რადგან არ განმეორდეს იგივე, რაც „ისტორიის დავიწყებამ უკრაინაში გამოიწვია“.

პრესკონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ ღონისძიებების მიზანი ახალგაზრდებში სამშობლოსადმი სიყვარულის, პატრიოტიზმისა და ომში გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემის ჩანერგვა იყო.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

9 მაისისთვის, ცხინვალში, თეატრალური მოედნის, სტალინის, ისაკ ხარებოვის, 8 ივნისისა და პუტინის ქუჩები საზეიმოდ მოირთო რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის დროშებითა და „გეორგიევსკის ლენტებით“.

მთავარი ღონისძიებები და დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებები

ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ აპრილში გაიმართა ღონისძიება „გამარჯვების კარნახი“. აქცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და გიმნაზია „ალბიონში“ ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებმა 25 შეკითხვას გასცეს პასუხი, კითხვების შინაარსი უმეტესად ეხებოდა მეორე მსოფლიო ომში რუსეთის განსაკუთრებულ როლსა და მეორე მსოფლიო ომის რუსულ ხელოვნებაში ასახვას. გამარჯვებულს პრიზად მოსკოვის წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმზე დასასწრებ ბილეთებს ჰპირდებოდნენ.

8 მაისს დიდების ხეივანში მარადიულ ცეცხლთან დიდებისა და ხსოვნის გირლანდების დადების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტმა გაგლოევმა და დე ფაქტო მთავრობის წევრებმა, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა და დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ე.წ. ელჩმა, რომლებმაც ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

„გამარჯვების დღის“ აღნიშვნის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, ცხინვალის ცენტრალურ ქუჩაზე 9 მაისს გამართული აქცია „უკვდავი ლეგიონი“ იყო. ამ აქციის ფარგლებში, მსვლელობაში მონაწილე ხალხს, ხელში 2022 წელს რუსეთის მხარეს მებრძოლი 27 დაღუპულისა და 1989-2008 წლებში დაღუპული ოსი მებრძოლების პორტრეტები ეჭირათ. მსვლელობის შემდეგ ცხინვალში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავტომობილებისა და მოტოციკლების მსვლელობა მოეწყო, ხოლო შემდეგ სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა ომის შესახებ საარქივო ვიდეო მასალების ჩვენება. „ეროვნულ მუზეუმში“ კი გაიმართა ცხინვალის რეგიონიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პორტრეტების გამოფენა. 

დე ფაქტო მთავრობამ „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით დაახლოებით 50 პიროვნების ამნისტია გამოაცხადა. ბოლოს ამნისტია, 2017 წელს, ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევის დროს მოხდა.

კონცერტები და წარმოდგენები

4 მაისს საკონცერტო დარბაზში დე ფაქტო რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ოსეთის არტისტების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიეძღვნა 2 მაისს გამართული კონცერტიც თეატრის შენობაში.

9 მაისს თეატრში გაიმართა „ზღაპარი დედაზე“ თეატრალური წარმოდგენის ახალი დადგმა, სადაც ორი გმირი ძმის დედის ისტორიაა გადმოცემული.

ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის

ცხინვალის რეგიონში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 50-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე იღებდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან და რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ოლქიდან.

3 მაისს მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა აქცია „გამარჯვების ფანჯრები“, რომელიც ფანჯრებზე „სამამულო ომისადმი“ მიძღვნილ ბავშვების ნახატების გაკვრას გულისხმობდა. 4 მაისს, პირველი სკოლის ტერიტორიაზე, „ხსოვნის ბაღის“ აქციის ფარგლებში, დაირგო ხეები. 7 მაისს გაიმართა აქცია „ბავშვების თვალით დანახული გამარჯვება“, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა ასფალტი მოხატეს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოკუპირებულ აფხაზეთში

მთავარი ღონისძიებები

„გამარჯვების კარნახის“ ღონისძიებაში აფხაზეთიდან 70-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მონაწილემ სპეციალური მონაწილეობის სერთიფიკატი მიიღო, ხოლო მაღალი ქულის მფლობელ მონაწილეებს ფინალისტების დიპლომების გადაეცათ. სკოლის მოსწავლეებს ეს დიპლომები უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად უპირატესობას მიანიჭებს.

25 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით ოკუპირებულმა აფხაზეთმა უმასპინძლა აქციას - „გეორგიევსკის ლენტი“. 9 მაისს სოხუმს ხსოვნის ცეცხლი გადასცეს, რომელიც უცნობი ჯარისკაცის საფლავზე აანთეს. ამის შემდეგ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით  შეამკო დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რის შემდეგაც სოხუმში დაიწყო სამხედრო აღლუმი, რომელშიც 600 აფხაზი და რუსი სამხედრო მონაწილეობდა. ამას გარდა, სოხუმმა უმასპინძლა მასშტაბურ აქციას - „უკვდავი ლეგიონი“. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში სამხედრო აღლუმის შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს. 

ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის

21 აპრილს ეშერის საშუალო სკოლაში „ხსოვნის ბაღის“ აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 25 ხე დარგეს.

25 აპრილიდან, ვლადისლავ არძინბას სახელობის სამხედრო დიდების მუზეუმში, ბავშვებისთვის, გაიმართა ფილმ „ნიურბერგის“ (რეჟ. ნიკოლაი ლებედევი) ჩვენება  და ფოტოგამოფენა „ნიურბერგის პროცესი“, სადაც ფოტოებთან ერთად, საარქივო დოკუმენტების ჩვენებაც მოეწყო.

გამარჯვების დღეს მიუძღვნეს სოხუმში გამართული აქცია „აფხაზეთის გამარჯვების მოხალისეები“, რომელშიც მონაწილეობას „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

კონცერტები და შეჯიბრებები

„გამარჯვების დღეს“ მიეძღვნა, სოფ. დურიფშში, 8-9 მაისს გამართული საცხენოსნო სპორტული შეჯიბრებები. 9 მაისს, სოხუმსა და გულრიფშში, უკვე მეათედ, გაიმართა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ველოგარბენი „მადლობა გამარჯვებისთვის“. ველოგარბენში მონაწილე სხვადასხვა ასაკის 20-მა ველოსიპედისტმა სოხუმიდან გულრიფშის მუნიციპალიტეტამდე მეორე მსოფლიოს ომისდროინდელი სანატორიუმი და აფხაზი ხალხის „სამამულო ომის“ მემორიალი  მოინახულეს, რის შემდეგად სოხუმში დაბრუნდნენ.

ღონისძიებები ასევე გრძელდებოდა აფხაზეთის დრამატულ თეატრში, სადაც აფხაზეთი ესტრადის წარმომადგენლებმა და საბავშვო ჯგუფებმა შეასრულეს საომარი სიმღერები, კონცერტი ასევე მოიცავდა მოცეკვავეების ნომრებს. დღე დასრულდა „სახელმწიფო ფილარმონიაში“ ჩატარებული კონცერტით, „მუსიკის ენაზე“, რომელშიც 3-მა რუსულმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მოსკოვის ფილარმონიის სოლისტებმა.

„რუსული სახლის“ ორგანიზებით, „სოხუმის რუსულ სახელმწიფო დრამის თეატრში“, გაიმართა ლიტერატურულ პოეტური საღამო. ამ საღამოზე საომარი თემატიკის ლიტერატურული წარმოდგენა „ვასილი ტერკინი“ დაიდგა, რის  შემდეგაც შესრულდა საომარი წლების სიმღერები.

Go BackGo Back