ახალი ამბები

აფხაზეთი: კურატორის (რაშიდ ნურგალიევის) ვიზიტი

2019 / 06 / 12

2019 წლის 10 ივნისს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ესტუმრა. ორი თვით ადრე, 2019 წლის 22 აპრილს, ნურგალიევი რუსეთის უწყებათაშორის დელეგაციასთან ერთად სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი მუხამედ კილბა და აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინიც მონაწილეობდნენ. ნურგალიევმა ვიზიტის ფარგლებში შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საბაჟო სამსახურთან, ასევე სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ნურგალიევმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელა.

„ერთიანი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი“

საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნურგალიევმა განაცხადა, რომ „ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი“ აფხაზეთისა და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ახალი ფორმაა. „ეს იქნება დიდი საინფორმაციო ბაზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ონლაინ რეჟიმში მივიღოთ ექსპერტული დასკვნები სამართალდარღვევებისა და სხვა დანაშაულებების გამოსავლენად“, განაცხადა ნურგალიევმა. მისი თქმით, მსგავსი ცენტრი უკვე მუშაობს და მოთხოვნადია ცხინვალის რეგიონში.

„შინაგან საქმეთა სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ 2017 წელს სოჭში მოაწერეს ხელი.

„კოლეგებთან“ შეხვედრა

11 ივნისს, აფხაზეთისა და რუსეთის უშიშროების საბჭოების აპარატების სხდომა გაიმართა, რომელსაც ხაჯიმბა თავმჯდომარეობდა. შეხვედრაზე უსაფრთხოების საკითხების გარდა, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხიც განიხილეს, მათ შორის სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. განხილვის სხვა თემები იყო: სამედიცინო დახმარების გაწევისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება, საყოველთაო დისპანსერიზაციის შედეგები, ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, აფხაზეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე მრავალმხრივი საავტომობილო პუნქტის საკითხი, აზიურ ფაროსასთან ბრძოლის ღონისძიებები.

შეხვედრა საგანგებო სიტუაციების სამინისტროში

11 ივნისს ნურგალიევი საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრს ლევ კვიცინიას შეხვდა. შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციებში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადალახვის საკითხი განიხილეს. კვიცინიას განცხადებით, აუცილებელია რეჟიმის გამარტივება იმ საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტისათვის, რომლებიც დაშავებულების რუსეთის სამკურნალო დაწესებულებებში ევაკუაციას განახორციელებენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისა და სამედიცინო პერსონალის მომზადების საკითხი.

Go BackGo Back